ახალი ამბები

თბილისის საკრებულოში უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართა

16 აპრილი, 2014 • • 1151
თბილისის საკრებულოში უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე, რომელიც დღეს, სამ საათზე დაიწყო, უნდა განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტები, საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში შექმნილი ვითარების მართვა, თბილისის ავარიული კორპუსების რეაბილიტაციის კონცეფციის შემუშავება, დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, გარემოსდაცვითი საკითხები და მტკვრის დასუფთავებითი და ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება. 

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა ხუან ბაგრატიონისა და თბილისის საკრებულოს ინიციატივით იმართება. 

 

“ჩვენი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ ქალაქში ასებული ყველა გადაუჭრელი პრობლემისა და საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. კერძოდ, ჩამოვიდნენ ინვესტორები, სხვადასხვა დარგის მაღალი კლასის სპეციალისტები, დეველოპერები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, ინფრასტრუქტურის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის, რომლებსაც აქვთ სურვილი განახორციელონ კონკრეტული საქმიანობები თბილისში”- განაცხადა შიხიაშვილმა. 

 

მისი თქმით, შეხვედრის მიზანი არის კონცეფციის ჩამოყალიბება და გეგმების დასახვა, ასევე სამუშაო ჯგუფების შექმნა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები. 

 

“მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში. მე ჩამოვიყვანე სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესდელეგაცია ბელგიიდან, ლუქსემბურგიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პაკისტანიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან. ჩვენ მერიაში უნდა განვიხლოთ გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურული, ურბანული საკითხები. ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა. შევხვდით მთავრობის წევრებს, საინვესტიიცო ფონდებისა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს”,- განაცხადა საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელმა ბენჟამენ ვან ოუდენჰოფმა. 

 

ჩამოსულ სტუმრებს შორის არიან საინვესტიციო ჯგუფის “დომო” აღმასრულებელი დირექტორი ჟან დე კლერკი, “დრედგინდ ინტერნეშენალ”-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჟან პიერ დესმანეტი, საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელი ბენჟამენ ვან ოუდენჰოფი, ხუან ბაგრატიონი, ენერგორესურსების საერთაშრისო კომპანიის დეპარტამენტის დირექტორი დომინიკ ჟანნე, წყლის დასუფთავების კომპანიის მთავარი სპეციალისტი ნიკოლოზ სოფრონისი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი