ლევან ბეჟაშვილის თქმით, საგამოძიებო ორგანოები ნუგზარ წიკლაურის საქმეს გულგრილად უდგებიან:


“ჩვენ ეს საკითხი რამდენჯერმე დავაყენეთ წინა სესიების განმავლობაში და ჩვენი კოლეგებისგან გვესმოდა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს საშუალება უნდა მივცეთ საქმე გამოიძიონ, ხელი არ უნდა შევუშალოთ, პოლიტიკური სარჩული არ უნდა დავუდოთ ამ საქმის გამოძიებას. გასული დღეების განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამ საქმის გამოძიებისადმი მიდგომა გვაფიქრებინებს, რომ შს სამინისტრო, პროკურუტურა არ არის დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით. მთელი ამ დროის განმავლობაში გამოძიება ერთი ნაბიჯითაც არ წასულა წინ. ჩვენ, ალბათ, მომავალში კიდევ ერთხელ დავაყენებთ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში.”

ნუგზარ წიკლაური
ნუგზარ წიკლაური

 

აღნიშნულ განცხადებას დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. უსუფაშვილმა წუხილი გამოთვა მომხდარი ფაქტის გამო და აღნიშნა, რომ თუ ასეთი საქმეები დროულად არ იქნა გამოძიებული, ქვეყანაში უსაფრთხოდ თავს ვერავინ იგრძნობს:

 

“ქვეყანაში, სადაც პარლამენტის წევრის ცემის თუ სხვა ტიპის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი ვერ იქნება დროულად გამოძიებული, ვერც ერთი ჩვენი მოქალაქე იგრძნობს თავს უსაფრთხოდ. კიდევ ერთხელ მივმართავ სამართალდამცველ ორგანოებს, რომ ეს საკითხი ძალიან სწრაფად იქნას გამოძიებული და ნათელი მოეფინოს იმას, თუ რა მოხდა ბატონ ნუგზარ წიკლაურთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოში არ იქნება ისეთი დრო, როცა ასეთი ფაქტების გამოძიებას 9 წელი დასჭირდება. 9 წლით მივანიშნებ იმაზე, რომ ამას წინათ გაისმა ინფორმაცია, რომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, როგორც ჩანს, მალე გაიხსნება. ჩვენ ამ დარბაზში გვყავს პარლამენტის ისეთი წევრები, რომლებიც წლებია ელოდებიან მათ მიმართ განხორციელებული ვანდალური ფაქტების გამოძიებას. ვისურვებდი, რომ მსგავსი ფაქტები არ გამრავლდეს და რაც შეიძლება მალე იყოს გამოძიებული,” – აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

ნუგზარ წიკლაურის თქმით, 31 მარტს, გამთენიისას, 3 საათზე  დაბრუნდა სახლში. სახლთან მას დახვდა 3 მანქანა, რომელშიც დაახლოებით 7-8 ადამიანი იჯდა. დეპუტატი ამბობს, რომ ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე დაესხნენ ეს პირები თავს და დაუწყეს ცემა. წიკლაური დარწმუნებულია, რომ მათი მიზანი იყო ის იძულებით ჩაესვათ მანქანაში.

 

წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკი გამოიყენეს. თავდასხმის შემდეგ წიკლაური საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *