ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თავდასხმა ლგბტ პირებზე სომხეთში და ხელისუფლების რეაქცია

19 აგვისტო, 2018 • 1067
თავდასხმა ლგბტ პირებზე სომხეთში და ხელისუფლების რეაქცია

რა მოხდა შურნუხში

“შურნუხში 2 აგვისტოს დასასვენებლად წავედით. დროის უფრო ნაყოფიერად გასატარებლად თემატური შეხვედრის მოწყობაც დავგეგმეთ. გადავწყვიტეთ ქვიარ შეკრება მოგვეწყო და ყველა მონაწილის ინტერესზე გვესაუბრა. სულ ცხრანი ვიყავით, ერთ-ერთი მეგობარის, ჰაიკის სახლში დავრჩით”, – გვიყვება ელვირა მელიკსეტიანი, LGBT Q აქტივისტი და უფლებადამცველი, რომელსაც შვებულება ნამდვილ კოშმარად ექცა.

სოფელში ჩასვლის დღეს ისადილეს და ისაუბრეს. ვერავინ იფიქრებდა, რომ მეორე დღეს ძალადობის ობიექტები გახდებოდნენ.

“სოფლის ბავშვები ჩვენი ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ. საღამოს ბაღში შეიკრიბნენ და იცინოდნენ, ჩვენის სახლის სახურავს ქვებს ესროდნენ. ამ ფაქტმა ცოტა აგვაღელვა, მაგრამ ვიფიქრეთ, ბავშვები არიან და ცნობისმოყვარეობით ჩვენთან კონტაქტის დამყარებას ცდილობენ”.

მეორე დღეს ახალგაზრდები სასეირნოდ და აქტივობების დასაგეგმად ტყეში წავიდნენ. საღამოს კი, დაახლოებით 20:30 საათზე ადამიანების ჯგუფი მათი სახლის ჭიშკარს მიუახლოვდა. ელვირამ და ჰაიკმა ადამიანების მასაში იცნეს კაცი, რომელიც მათ რამდენიმე თვის წინ თავს დაესხა.

“ის რამდენიმე თვის წინ გორისში თავს დაგვესხა. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რა გახდა მაშინ ამის მიზეზი, მაგრამ ის ჰაიკს თურქეთში ვიზიტზე და მის გენდერზე მიანიშნებდა. იმ დღეს სარგსიანის წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა, “რევოლუციის” დღეები იყო. ამ კაცმა ჰაიკს დაარტყა. საქმე პოლიციაში აღიძრა, რომელიც შემდეგ მალევე დაიხურა”.

როდესაც მათ ეს კაცი ამჯერად შურნუხში ნახეს და კაცმა ჰაიკი გარეთ სალაპარაკოდ გაიხმო, ჰაიკი გარეთ არ გასულა.

“მოგვიანებით ჰაიკის ძმა და ჯგუფის სხვა წევრები შემოგვიერთდნენ იმ იმედით, ბევრნი თუ ვიქნებოდით, საფრთხეს თავიდან ავიცილებდით”.

მალევე სახლის გარეთ ახალგაზრდებმა ოცამდე ადამიანი შეამჩნიეს. ჰაიკს, რომელიც ადგილობრივი იყო, ისინი არ უცვნია.

“როდესაც გარეთ გამოვედით, ჩვენი გარეგნობის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს – შეხედე ამათ ტანსაცმელს, ვარცხნილობას, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გაქვთ არამთავრობო, ჰომოსექსუალებო, დატოვეთ აქაურობა… “ – იხსენებს ელვირა მათ კომენტარებს და ამბობს, რომ მყისიერიად პოლიციაში დარეკეს, და პარალელურად სწრაფად შეაგროვეს პირადი ნივთები და სახლის დატოვებას და ერევნამდე მიმავალი ტრანსპორტის შოვნას შეეცადნენ.

“სოფლის მთავარი გზის დასაწყისიდან 30-მდე ადამიანის მიერ ნაცემებმა მივაღწიეთ მაგისტრალს, სადაც მანქანის გაჩერებას ვცდილობდით, თუმცა ხალხი წასვლის საშუალებას არ გვაძლევდა. ისინი გვცემდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და ჩვენს ნივთებს აქეთ იქით ყრიდნენ. ჩვენ თავის გადარჩენას და თავისდაღწევას ვცდილობდით, მაგრამ დახმარება არსაიდან ჩანდა. ასე გავიდა დაახლოებით 50 წუთი ან საათი, სანამ პოლიცია მოვიდა და პოლიციის განყოფილებაში გადაგვიყვანეს ნაცემები და შეურაცხყოფილები”.

მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ ახალი ამბავი ინტერნეტით გავრცელდა, შურნუხში ზოგიერმა აღიარა, რომ ეს მათ გააკეთეს. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ ჩამოსულები მათ ხელს უშლიდნენ, იცინოდნენ და ა.შ.

ელვირა კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას და ამბობს, რომ ისინი არ ხმაურობდნენ და გამორიცხულია, ვინმესთვის დასვენებაში ხელი შეეშალათ. მეტიც, შურნუხში ბევრმა იცოდა ჰაიკის სექსუალური იდენტობის შესახებ და აქამდე მსგავსი პრობლემა ადგილობრივ მცხოვრებლებთან მას არ ჰქონია. შესაბამისად, ადგილობრივების ბრალდება მათთვის გაუგებარია. რაც შეეხება ძალადობრივი ქმედების ნამდვილ მიზეზს, ელვირა ვარაუდობს, რომ მიზეზი პოლიტიკურია.

ელვირას ვარაუდობს, რომ განსხვავებული სექსუალური იდენტობის ადამიანთან ჯგუფის შურნუხში ყოფნის შესახებ ყოფილმა მერმა შეატყობინა მასთან დაახლოებულ პირებს ქალაქ გორისში, რომელიც დახლოებით 30-40 წუთის სავალზეა შურნუხიდან. ელვირა თითქმის დარწმუნებულია, რომ მათზე დავდასხმა ახალი მთავრობის დისკრედიტაციის მცდელობა იყო.

ლგბტ თემები რეიტინგისთვის აქტიურად გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის ყოფილი მთავრობის დროსაც. მეორე მხრივ, თუ ახალი ხელისუფლება არ დაიცავს ამ ადამიანებს, ეს კიდევ ახალ ძალადობას შეუწყობს ხელს.

საბოლოოდ, ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან დიდი რეაქცია მოჰყვა, იმის გათვალისწინებით რომ ეს იყო უპრეცედენტო ფაქტი: ფიზიკური ძალადობა ცხრა განსხვავებული ადამიანის წინააღმდეგ.

ამ დრომდე ელვირასთვის გაუგებარია, რატომ სცემდნენ მათ შურნუხში, რა უთხრეს სოფლის ქალებს ისეთი, რომ ისინი შვილებთან ერთად მათ ქვებს ესროდნენ?

შურნუხის მოვლენები არ არის ცალსახა. ზოგიერთი ადამიანი ამართლებდა ცემის ფაქტს, მათ შორის იმასაც, რომ “ზეიმში” მონაწილეობა ერევნის პოლიციის უფროსის ყოფლმა მრჩეველმაც მიიღო. ელვირას თქმით, ეს იყო მეორე სილის გაწვნა მისთვის, რადგან ადამიანების ცემას სოციალურ ქსელებშიც ზეიმობდნენ.

პარალელურად, ძალიან ბევრმა გააკრიტიკა მომხდარი. ნეგატიური რეაქციები მოჰყვა მთავრობის მხრიდანაც, მათ შორის პოსტები ფეისბუკზე. თუმცა, ელვირას აზრით, ეს არასაკმარია – “ხელისუფლება ბოლომდე უნდა მიჰყვეს ამ საქმეს”.

ის ამბობს, რომ მას ესმის, რომ მთავრობისთვის რთულია პირდპირი რეაგირება, მაგრამ ამავე დროს, ეს საქმე კარგად უნდა იყოს გამოძიებული.

“ნებისმიერ შემთხვევაში, მათ უნდა დაეგმოთ ძალადობა. რაც მოხდა შირნუხში, იყო საშინელება და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება ნიშნავს იმას, რომ შენც ამართლებ ამ ძალადობას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი