“ჩემი ინფორმაციით, “პატრიოტთა ალიანსი” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ეს არის ჩემი მეგობრების მიერ დაარსებული პარტია, ჩვენ ერთად ვებრძოდით მიხეილ სააკაშვილს მთელი ათწლეულია, არსებობდა წინააღმდეგობის მოძრაობა, შემდეგ უკვე პარტიაც შეიქმნა. პირადად ჩემს საკითხს რაც შეეხება, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მივიღო მონაწილეობა”, – აცხადებს ინაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.
იგი ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ცოტნე გამსახურდიასთანაც, რომელიც არჩევნებში ამ პარტიის სიით მონაწილეობას დათანხმდა. თვითონ გამსახურდიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მისი პასუხი ზემოხსენებული შეთავაზებაზე “უფრო დადებითი იქნება, ვიდრე უარყოფითი”.
“ცხოვრების მანძილზე არაერთხელ ვყოფილვარ პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში. მიუხედავად ამისა, აგერ უკვე თითქმის ორმოცი წლისა გახლავართ და დღემდე შეგნებულად ვარიდებდი თავს ოფიციალურ პოლიტიკურ საქმიანობას, თუმც ჯერ კიდევ 2004 წლიდან დღემდე მრავალი შემოთავაზება მქონდა… მიმძიმს პიროვნული თავისუფლების, ინდივიდუალური აზროვნების დაკარგვა; ძალაუფლებისკენ ლტოლვა ხომ საერთოდ მენტალურ შხამად, ავადმყოფობად მიმაჩნია – ისევე, როგორც სიხარბე, ნარკომანია, სიძულვილი ან სხვა მისთანანი… ადრე ჩემი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, დასამალი რა მაქვს, შინაგანი პროტესტის გრძნობით იყო გამოწვეული: პროტესტი საზოგადოების რიგითი წევრისა ავტორიტარიზმის, სისასტიკის, “ვარდისფერი ფაშიზმის” წინააღმდეგ. ან, მაგალითად, სასჯელაღსრულების სისტემაში, როდესაც ჯალათებთან, სისტემასთან ბრძოლამ პოლიტიკური სახე მიიღო, და მოგვიანებით, ზოგადნაციონალური მასშტაბი. ვინც მიცნობთ, მოგეხსენებათ, არასოდეს არაფერზე მქონია პრეტენზია, გარდა უბრალო ადამიანობისა, და ამაში იყო ალბათ ჩემი ძალაც… გარკვეული პერიოდის უკან “პატრიოტთა ალიანსმა” – დავით თარხან-მოურავმა და სოსო მანჯავიძემ – მათთან ერთად ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა შემომთავაზეს. ამ ადამიანებს საზოგადოება იცნობს და ახსოვს ის წვლილი, რომელიც მათ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში და ადამიანების უფლებათა დაცვაში აქვთ შეტანილი. მათთან ადამიანური და საქმიანი, საზოგადოებრივი ურთიერთობა მაკავშირებს. ღმერთია მოწამე, ადვილი არაა გადაწყვეტილების მიღება ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორთა გამო… მეორე მხრივ, მინდა უკეთ შევძლო იმის კეთება, რაც დღემდე მოკრძალებულად მიკეთებია…მოკლედ, აქეთ თქვენი სამსახური – იქით, პიროვნული თავისუფლება”, – ეს განცხადება გამსახურდიამ სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა.
მან პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის სავარაუდო ათეულიც გამოაქვეყნა, რომელიც ასე გამოიყურება: 1. დავით თარხან-მოურავი 2. ცოტნე გამსახურდია 3. ირმა ინაშვილი 4. ადა მარშანია 5. მანუჩარ მაჩაიძე 6. სოსო მანჯავიძე 7. გიორგი ლომია 8. ერეკლე საღლიანი 9. ზაზა მამალაძე 10. ვაჟა ოთარაშვილი.
ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ ეს რეალური სიაა, თუმცა პირადად მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია:
“მე ვმუშაობდი იმ ჟურნალისტიკაში, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს აშუქებს და მთელ იმ პროცესებში ვმონაწილეობდი, რაც ამ ქვეყანაში ვითარდებოდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, ამიტომ არ ვთვლი, რომ პოლიტიკისაგან შორს ვიყავი. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მაქვს გადაწყვეტილი, მივიღებ თუ არა მონაწილეობას, მაგრამ თუ მივიღებ: ჩემი მთავარი ამოცანა ნაციონალური მოძრაობის შევიწროვება იქნება პოლიტიკური სივრცის ყველა კუთხე–კუნჭულში. ეს არის ჩემი მიზანი”, – აცხადებს ინაშვილი.
ინაშვილის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება პარტიის კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში. “პატრიოტთა ალიანსი” 2012 წელს “წინააღმდეგობის მოძრაობის” ბაზაზე ჩამოყალიბდა. პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან–მოურავია.
