ახალი ამბები

ენმ-ს ცნობით, ქუთაისის მერიის თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს

15 აპრილი, 2014 • • 1425
ენმ-ს ცნობით, ქუთაისის მერიის თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს

ფირუზ ბენიძის თქმით, ის ნოდარ მიქიაშვილმა დაიბარა და ტერიტორიული მართვის სამსახურიდან სამუშაოდ მერიაში გადასვლა შესთავაზა:

 

“პარასკევს, დღის მეორე ნახევარში დამიბარა ნოდარ მიქიაშვილმა და მერიაში გადასვლის სურვილი თუ გაქვსო, მკითხა. მე ვუთხარი, რომ არა, რადგან 12 წელია ამ ადგილზე ვმუშაობ და ვიცი ამ უბნის გასაჭირი და ხალხთან ურთიერთობა მაქვს. გუშინ კიდევ დამიბარეს და მითხრეს, რომ თუ არ გადმოხვალ მერიაში, ბრძანება მზად გვაქვს, რომლის საფუძველზეც გაგიშვებთ. გადაწყვეტილება ჯერ არ ჩამბარებია, მაგრამ რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არარეალური მიზეზებია. ვაპირებ სარჩელი შევიტანო სასამართლოში და დავამტკიცო სიმართლე.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე ამბობს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ საკუთარი კადრების დასაქმებას იწყებს:

 

“მიუხედავად იმისა, რომ გაკეთდა განცხადება ერთგვარი მორატორიუმის შესახებ დაკავებებთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ სხვა მეთოდი აირჩია ამოცანის შესასრულებლად და ეს გათავისუფლება არის ამ ყველაფრის ნათელი მაგალითი, რაც გულისხმობს სხვა პოლიტიკური გემოვნების ხალხის დაკავებული თანამდებობებიდან გაშვებას და მათთვის სასურველი პოლიტიკური ნიშნის მქონე ადამიანების დასაქმებას. ეს ფასადური დემოკრატიის გაგრძელებაა.” 

 

ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიქიაშვილი კი აცხადებს, რომ სულხან-საბას ტერიტორიული მართვის ორგანო სათანადოდ არ მუშაობდა, რის გამოც ფირუზ ბენიძე დაითხოვა: 

 

“მუნიციპალიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით დაბარება სრული სისულელეა. ჩვენ 4 თვეა ვაკვირდებით სულხან-საბას მუნიციპალიტეტის მუშაობას. ეს არის ყველაზე მოუწესრიგებელი მუნიციპალიტეტი და მას არანაირი მუშაობა არ ეტყობა. ჩვენ მისთვის მერიაში გადასვლა არ შეგვითავაზებია. ის ისე გავათავისუფლეთ სამსახურიდან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი