ახალი ამბები

ISFED: სექტემბერში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 9 შემთხვევა გამოვლინდა

8 ოქტომბერი, 2018 • 1312
ISFED: სექტემბერში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 9 შემთხვევა გამოვლინდა

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED)  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედურ ანგარიშს ავრცელებს.

ორგანიზაციის ანგარიშში ყურადღება წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი და 3-დან 30 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდს მოიცავს.

ორგანიზაციის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას „სამართლიანმა არჩევნებმა“ დააფიქსირა სამუშაო საათებში საჯარო მოხელეების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერი პოსტების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების არაერთი შემთხვევა, რაც აგიტაციაში მონაწილეობის წესის დარღვევას და, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს.

საანგარიშო პერიოდის ფარგლებში, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოში წარადგინა 11 საჩივარი საჯარო მოხელეების მიერ სოციალურ ქსელში, სამუშაო საათებში აგიტაციის წესების დარღვევისა და, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებთან დაკავშირებით.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სალომე ზურაბიშვილისადმი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის ოფიციალურად გაცხადებისა და მისი საარჩევნო რიგითი ნომრის განსაზღვრის შემდეგ, შესამჩნევი გახდა საჯარო მოხელეების დიდი ნაწილის მხრიდან „ფეისბუქის“ პირადი პროფილებიდან სამუშაო საათებში ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაცია:

“საჯარო მოხელეების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას პირდაპირ გამოხატავს, ხოლო სხვები სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის პარალელურად ოპოზიციური პარტიების და კანდიდატების მადისკრედიტირებელ პოსტებს იზიარებენ. ზოგიერთი საჯარო მოხელე ფეისბუქზე აგიტაციას სამუშაო საათებში არ ეწევა და მათი პოლიტიკური აქტივობები არასამუშაო საათებში შეინიშნება, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ISFED-ის განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის ჰ1 ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციას წარმოადგენს „ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.“

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სოციალური ქსელებით აგიტაციის ფაქტები შესაძლოა ზეწოლის ნიშნებსაც შეიცავდეს:

“„სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ პ/გ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვაკეში იბარებენ აქტივისტებს და მოითხოვენ, რომ მოიწონონ და „ფეისბუქზე“ გააზიარონ ისეთი გვერდები, როლებიც შეიცავს ოპოზიციური პარტიების და ოპოზიციური პრეზიდენტობის კანდიდატების დისკრიმინაციული ხასიათის ფოტოებს და პოსტებს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტი დამკვირვებელთან საუბარში ამბობს, რომ ვინც არ მოიწონებს და არ გაიზიარებს ზემოთაღნიშნული ხასიათის ფეისბუქის გვერდებს, მათ სამსახურებში პრობლემები შეექმნებათ. ხოლო ვინც არ არის დასაქმებული, არ დაეხმარებიან სამსახურის შოვნაში”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ISFED-ის განცხადებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების მიერ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის აქტივობებისა და მხარდაჭერის შესახებ პოსტების გამოქვეყნების 11 შემთხვევა დაფიქსირდა სოციალურ ქსელში. ამისთვის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები რიგირც მუნიციპალიტეტის ორიფიალურ, ასევე პირად “ფეისბუკ” გვერდებს იყენებდნენ.

ამასთან,   საარჩევნო მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება საკომუნიკაციო საშუალებებით თბილისშიც დაფიქსირდა. კერძოდ, ISFED-ის განცხადებით, 27 სექტემბერს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მასთან ერთად, გმირთა მემორიალი შეამკეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის სხვა წევრებმა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა. აღნიშნულის  შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა გავრცელდა თბილისის მერიის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდსა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რასაც ISFED დარღვევად აფასებს:

“თბილისის მერიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის აქტივობის შესახებ თბილისის მერიის ოფიციალურ „ფეისბუქისა“და ვებგვერდებზე ინფორმაციის გამოქვეყნებით ადგილი ჰქონდა საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის დარღვევას, რომლის თანახმად, დაუშვებელია წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება;

მათ შორის, იკრძალება: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ISFED-ის ანგარიშში ასევე საუბარია ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე აგიტაციის ნიშნების შესახებაც. კერძოდ, ჩხოროწყუში სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნა „ქართული ოცნების“ ლოგოს გამოსახულებიანი ტორტით აღნიშნეს, რითაც ორგანიცაზიის შეფასებით, დაირღვა  „საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, იკრძალება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა.  

6 მუნიციპალიტეტში კი ISFED-მა წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეების მობილიზების ნიშნები გამოკვეთა.


ISFED-ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში საუბარია სხვა სახის დარღვევებზეც. კერძოდ, ორგანიზაციის დაკვირვებით,  საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

  • პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების – 1;
  • ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – 1;
  • აგიტაციის წესების დარღვევის – 12;
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – 9;
  • კამპანიისთვის ხელის შეშლის – 8;
  • სააგიტაციო მასალების დაზიანების – 14 ფაქტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი