ახალი ამბები

ვიდეო, რომელშიც ქალი კაცებს შარვალზე სითხეს ასხამს, რუსული პროპაგანდის ნაწილია – EUvsDisinfo

8 ოქტომბერი, 2018 • 5066
ვიდეო, რომელშიც ქალი კაცებს შარვალზე სითხეს ასხამს, რუსული პროპაგანდის ნაწილია – EUvsDisinfo

ვიდეო, რომელშიც ქალი მეტროში მჯდომ კაცებს ე.წ. “მენსპრედინგისთის” მათეთრებელიან სითხეს ასხამს, კრემლის პროპაგანდის ნაწილია, მიზანი კი ანტიფემინისტური განწყობების წახალისებაა საზოგადოებაში. ასე გამოეხმაურა ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი პლატფორმა EUvsDisinfo ინტერნეტში გახმაურებულ ვიდეოს.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ჯერ Youtube-ზე და შემდგომ In The Now (რუსული სამთავრობო მედიასაშუელების, Russia Today-ს საერთაშორისო აუდიტორიაზე მორგებული ონლაინ გამოცემა) ვიდეო გავრცელდა. ვიდეოს მიხედვით, აქტივისტი ანა დოვგალიუკი პეტერბურგის მეტროში მჯდომ კაცებს “მენსპრედინგისთვის” მათეთრებლიან სითხეს შარვალზე ასხამს.

“მენსპრედინგი” ნეოლოგიზმია, რომლითაც აღნიშნავენ კაცებისათვის დამახასიათებელ პრაქტიკას, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ისე დასხდნენ (გაშლილი ფეხებით), რომ ერთი მგზავრისათვის განკუთვნილ ადგილზე მეტი დაიკავონ და ამით გვერდით მსხდომები (როგორც წესი, ქალები) შეავიწროონ, მათ პირად სივრცეში შეიჭრან.

ვიდეოში ჩანს, რომ კაცების უმეტესობა დოვგალიუკის ჟესტს ან აგრესიით, ან გაკვირვებით ხვდება. თუმცა, ვიდეოს კომენტარებში ჭარბობს იმ ადამიანების ოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება თავდასხმაა და ამასთანავე, ღიად აფიქსირებს თავის აგრესიას ვიდეოს ავტორის მიმართ. ამ დროისთვის [8 ოქტომბერი] ვიდეოს 6.4 მლნ ნახვა აქვს.

როგორც EUvsDisinfo წერს, რუსულმა ჟურნალმა Bumaga-მ ნახა და ჩაწერა ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილე კაცი, რომელმაც განაცხადა, რომ მას ვიდეოში მონაწილეობისთვის ფული გადაუხადეს. EUvsDisinfo ამბობს, რომ ვიდეო საზოგადოებაში კრემლისთვის ხელსაყრელი ტენდენციებისა და განწყობების დანერგვას უწყობს ხელს.

გამოცემის თანახმად, ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეოს კომენტარების სექციაში აუდიტორია მასობრივად გამოთქვამს ცალსახად მიზოგინურ განწყობას, ზოგიერთი მათგანი კი დასძენს, რომ შესაძლებლობის  შემთხვევაში, ვიდეოს ავტორს ფიზიკურად თავად გაუსწორდებოდა.

როგორც EUvsDisinfo განმარტავს, კრემლი ვიდეოს მეშვეობით “ექსტრემალურ ფემინისტურ აქტივიზმს” აჩვენებს და ანტიფემინისტურ განწყობებს აღრმავებს. ამასთანავე, გამომდინარე იქიდან, რომ ონლაინ-გამოცემა ერთი შეხედვით აპოლიტიკურ ვიდეოებს ავრცელებს, აუდიტორიის დიდი ნაწილი ვერც ხვდება, რომ პროპაგანდისტული მექანიზმის სამიზნეა.

თუმცა ეს ერთადერთი მიზანი არ არის, რომლის მიღწევაც კრემლის “ტროლების ქარხანას” უნდა. გამოცემის თანახმად, რუსულ სამთავრობო მედიისთვის, მათ შორის ტელესივრცისთვის, დამახასიათებელია ანტიფემინისტური განცხადებების გაკეთება.

მაგალითად, 2017 წლის 5 ნოემბერს ტელეწამყვანმა დიმიტრი კისილოვმა, რომელზეც ევროკავშირმა სანქციები დააწესა, სექსუალური ძალადობის საწინააღმდეგო კამპანია #Metoo საბჭოთა რეპრესიებს შეადარა და განმარტა, რომ ასეთი მოძრაობები ხელს უწყობს ისეთი სიტუაციების ჩამოყალიბებას, სადაც “არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა ადამიანური ბუნება და აღარ არსებობს რომანტიკული თავგადასავლები”. ამასთანავე, მან დასძინა, რომ ამგვარ ვითარებაში “ყველაფერი შეიძლება ინტერპრეტირდეს როგორც ჭუჭყიანი შეურაცხყოფა”.

იგივე ტელეწამყვანი ამა წლის 1 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სექსუალური შევიწროვების ბრალდებებს და აღწერა ის როგორც “ბოროტული ფემინიზმი” და შეადარა “ინფექციას”, რომელიც ამერიკიდან და ევროპიდან რუსეთს მოედო.

მასალების გადაბეჭდვის წესი