ახალი ამბები

აშშ-ს სენატმა ბრეტ კავანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

7 ოქტომბერი, 2018 • 2227
აშშ-ს სენატმა ბრეტ კავანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

რამდენიმეკვირიანი დაძაბული განხილვების შემდეგ, აშშ-ს სენატმა დონალდ ტრამპის მიერ ნომინირებული კანდიდატის, ბრეტ კავანოს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას მხარი დაუჭირა. აღნიშნულს წინ უძღოდა ხმაურიანი პროცესები, რომელთა დროსაც სამმა ქალმა კავანო წარსულში სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

კავანოს მოსამართლედ დამტკიცებას მხარი 50-მა სენატორმა დაუჭირა, 48 კი წინააღმდეგ წავიდა.

ხმის მიცემის პროცედურა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საზოგადოებრივ მისაღებში კავანოს საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც პერიოდულად სკანდირებდნენ: “სირცხვილი!”; პარალელურად, ასობით ადამიანი იყო შეკრებილი კაპიტოლიუმთანაც, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებოდნენ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი და სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული კანდიდატის დამტკიცებას მოსამართლის პოსტზე.

ბრეტ კავანოს კანდიდატურისთვის სენატის მთელი შემადგენლობის მიერ ხმის მიცემა 1 კვირის წინ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პროცედურა ტრამპის ბრძანებით გადაიდო. წინა დღით, 27 სექტემბერს, სენატის იურიდიულმა კომიტეტმა მოუსმინა როგორც კავანოს, ასევე კრისტინ ბლეიზი ფორდს, რომელიც კავანოს სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს.

სენატის მოთხოვნის შესაბამისად, აშშ-ს პრეზიდენტმა FBI-ის უბრძანა, კავანოს საქმე გამოეძიებინათ, თუმცა ამისათვის მხოლოდ ერთი კვირა მისცა და პროცედურაც ამდენივე ხნით, დღევანდლამდე გადაიდო. საგამოძიებო პროცედურა ჩატარდა, თუმცა სენატორთა უმრავლესობა მაინც კავანოს მხარეს დარჩა. სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ.

კავანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სიცოცხლის ბოლომდე დაინიშნა. ვარაუდობენ, რომ მისი დანიშვნით კონსერვატორთა კონტროლი გაძლიერდება 9 მოსამართლისგან შემდგარ სასამართლოში, რომელსაც აშშ-ის სამართლებრივ სისტემაში ბოლო სიტყვა ეთქმის.

მასალების გადაბეჭდვის წესი