ნეტგაზეთი | კავანა უმაღლესი მოსამართლის ნომინაციაზე დაამტკიცეს, თუმცა FBI-ის გამოძიების პირობით კავანა უმაღლესი მოსამართლის ნომინაციაზე დაამტკიცეს, თუმცა FBI-ის გამოძიების პირობით – Netgazeti
RU | GE  

კავანა უმაღლესი მოსამართლის ნომინაციაზე დაამტკიცეს, თუმცა FBI-ის გამოძიების პირობით

28 სექტემბერს, დაძაბული განხილვის შემდეგ, აშშ-ის სენატის იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე 11 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატის, ბრეტ კავანას ნომინაცია იმ პირობით, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) გამოიძიებს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით.

ეს ნიშნავს, რომ სენატის მთელი შემადგენლობის მიერ ხმის მიცემა ერთი კვირით გადაიდო.

პრეზიდენტმა ტრამპმა, სენატის მოთხოვნის შესაბამისად, FBI-ის უბრძანა, რომ მოსამართლე კავანას საქმე გამოიძიონ, თუმცა ამისათვის მხოლოდ ერთი კვირა მისცა.

წინა დღით, 27 სექტემბერს, სენატის იურიდიულმა კომიტეტმა მოუსმინა როგორც კავანას, ასევე კრისტინ ბლეიზი ფორდს, რომელიც კავანას სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს.

კავანა უარყოფს ბრალდებებს, რომლებსაც სულ ცოტა სამი ქალი უყენებს.

ფორდის თქმით, 15 წლის იყო, როდესაც 17 წლის მთვრალმა კავანამ მისი გაუპატიურება სცადა.

“აქ იმიტომ ვარ, რომ მჯერა, ჩემი სამოქალაქო ვალდებულობაა გიამბოთ, რა მოხდა, სანამ მე და ბრეტ კავანა სკოლაში ვსწავლობდით”, განაცხადა მან ემოციური ჩვენების მიცემისას. ფორდის თქმით, იგი 100%-ით არის დარწმუნებული, რომ კავანამ მასზე იძალადა.

[ნახეთ დეტალურად: სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული მოსამართლე სენატის წინაშე წარდგა]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com