ახალი ამბები

ომბუდსმენი: ინსპექტორის მიერ მოქალაქის დაჯარიმება კანონპროექტის სუსტი წერტილი იყო

11 აპრილი, 2014 • • 1141
ომბუდსმენი: ინსპექტორის მიერ მოქალაქის დაჯარიმება კანონპროექტის სუსტი წერტილი იყო

უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის ოფისმა ასეთი მექანიზმის ნაცვლად სასამართლო წარმომადგენლობა მოითხოვა:

 

“რაც იყო სუსტი წერტილი წინა პროექტის არის ის, რომ ინსპექტორს ჯარიმის გამოწერა შეეძლო, მაგრამ მოქალაქეს შეეძლო გაესაჩივრებინა და შემდეგ უკვე სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა შევიდოდა, თუ არა ჯარიმა ძალაში. ამის ნაცვლად, ჩვენ ჩავდეთ და მოვითხოვეთ წარმომადგენლობა სასამართლოში, ანუ ჩვენ გვინდა მსხვერპლი კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოვადგინოთ, რომ მათი ინტერესები სწორედ სასამართლოში იყოს დაცული. ჯარიმის მომენტი, შეიძლება ითქვას,  რომ ზედმეტიც კი იყო, ზედმეტი რგოლი, რადგან მისი გასაჩივრება თავისუფლად შეიძლება მოხდეს, მაინც სასამართლოში უნდა შევიდეს მერე საქმე. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ეს მექანიზმი არ იყო მაინც და მაინც ეფექტური.”

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

 

ნანუაშვილი ასევე მიანიშნებს, რომ  არ უნდა მოხდეს სახალხო დამცველის საქმიანობის დუბლირება. მისივე განმარტებით, სახალხო დამცველის ოფისს რამდენიმე  კრიტიკული შენიშვნა აქვს მომზადებული კანონპროექტთან დაკავშირებით:


“შენიშვნები ეხება დაზუსტებას, გარკვეულწილად უფრო ეფექტური ბერკეტის ჩადებას კანონში, იმისათვის რომ ჩვენი საქმიანობა იყოს ეფექტური, ფართომასშტაბიანი და რეალურად უფრო მეტი შედეგი, რომ იყოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.”


კითხვაზე, თუ რატომ მიაჩნია ჯარიმის კომპონენტი კანონპროექტის სისუსტედ, მაშინ როცა ევროპული ქვეყნების ნაწილში, მათ შორის საფრანგეთში, მსგავსი მოდელი წარმატებით მუშაობს, ნანუაშვილი პასუხობს:


“ჯარიმა ძალიან ცოტაა, რამდენიმე ქვეყანაში მხოლოდ, სადაც განსხვავებული პოლიტიკური სისტემაა. იგივე შვედეთში ომბუდსმენი არავის აჯარიმებს, არამედ გამოყოფს თანამშრომელს, რომელიც სამართლებრივ დახმარებას უწევს და სასამართლოში დისკრიმინაციის მსხვერპლს წარმოადგენს. სწორედ, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს შემდეგ ჰქონდა თუ არა დისკრიმინაციას ადგილი. ამ შემთხვევაში, როცა მტკიცების ტვირთი მაინც სასამართლოზეა, ეს შუალედური ჯარიმა უფრო კარგავს ეფექტს, უფრო მეტად შეირყევა ის რეპუტაცია, რომელიც ინსპექტორს შეიძლებოდა ჰქონოდა, რადგან მის მიერ გამოწერილი ჯარიმა, ძალიან მალე შეიძლება შეცვალოს სასამართლომ და ეს არაერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.”


მისივე თქმით, ევროპის ქვეყნების ნახევარში  სახალხო დამცველთან არსებობს მსგავსი ინსტიტუტი:


“აღმოსავლეთ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაშია ასე და ჯარიმები ძალიან მცირე რაოდენობით ქვეყანაში არის და უფრო მეტად გებული არის რეკომენდაციებზე აგებული სასამართლო წარმომადგენლობა.”


ნანუაშვილის თქმით, არაქმდე სახალხო დამცველის ოფისი დისკრიმინაციის საკითხებზე აქამდე მხოლოდ სახელმწიფო სექტორში მუშაობდა, ცვლილებების შემდეგ კი  სახალხო დამცველი კერძო სექტორშიც მოახდენს რეაგირებას დისკრიმინაციის შემთხვევებზე.

 

პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას არ ახდენს. კითხვაზე, უნდა გაეზარდოს თუ არა ბიუჯეტი და არსებული ბიუჯეტით სახალხო დამცველის ოფისი როგორ შეასრულებს ახალ ვალდებულებებს, ნანუაშვილი პასუხობს:

 

“რა თქმა უნდა, დაფინანსების გაზრდა უნდა იყოს გათვალისწინებული, ახლა არ არის, ამ წელს არ იცვლება ბიუჯეტი, მაგრამ სარეზერვო ფონდიდან მოხდება შესაბამისი დაფინანსების დამატება. ჩვენ ვითხოვთ დაფინანსებას, რადგან სხვანაირად ვერ მოხდება.”

 

ომბუდსმენისგან განსხვავებული პოზიცია აქვს საიას. მათი აზრით, ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობის გაუქმება, შემაშფოთებელია:

 

“საიას განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ კანონპროექტიდან გამქრალია ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა დისკრიმინაციის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დაჯარიმების შესაძლებლობას. ეს მექანიზმი მოწონებული იყო პროცესში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების თითქმის ყველა წარმომადგენლის მიერ.  “

მასალების გადაბეჭდვის წესი