“მაქვს რამდენიმე კითხვა, რომელზეც არ მაქვს პასუხი, მაგალითად, ე.წ ძველმა და ალბათ, ახლა უკვე მოქმედმა ბორდმა, რომელიც დანაშაულებრივი საქმიანობით გამოირჩეოდა წლების განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა საკანონმდებლო ცვლილებების მიღებიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ, და არა მაშინვე. რას ფიქრობდა ეს ხალხი, ვის უთანხმდებოდა, და რატომ შეიტანა დაგვიანებით ეს სარჩელი? ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ, მუხედავად იმისა, რომ მედიასთან დაკავშირებით არაერთი სარჩელი, მათ შორის ჩვენი სარჩელის შესახებ თქვა, რომ რადგან ეს არის მედია, ძალიან სწრაფად უნდა ვიმსჯელოო, კარგი, მიმართა ექსპერტებს, და სხვათაშორისო ძალიან საინტერესო დასკვნა მოუვიდა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, შემდეგ სასამართლომ თქვა, რომ გადაწყვეტილება უნდა მიეღო მანამ, სანამ ჩვენი კომისია რეალურად მუშაობას დაიწყებდა მეორე ჯერზე. ამბობდა, რომ ორ კვირაში ექნებოდა გადაწყვეტილება. სად იყო აქამდე ეს გადაწყვეტილება. ხომ არ უკავშირდება კომისიის საქმიანობას ეს კვლავ? მე მაქვს ეს ლეგიტიმური კითხვები. მე მაქვს კითხვა, ხომ არ შედგა ამგვარი შეთანხმება უმრავლესობის გარკვეულ წევრებსა და მოქმედ ბორდს შორის?”- ამბობს ნათია კუპრაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.
მისი განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე, რომ მოპასუხე მხარის, პარლამენტის მიერ არ იყო წარმოდგენილი ის არგუმენტები, რომელითაც ბორდი საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცნიორებას საფრთხეს უქმნიდა.
“როგორც ჩანს, არ წარმოადგინა არგუმენტები რომ ეს მოქმედი ბორდი საფრთხეს უქმნიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუქნციონირებას. მეტი რა საფრთხე უნდა იყოს, როდესაც მილიონობით ლარის ოდენობით დავალიანება გროვდება, როდესაც 9-ჯერ ხსნი და ნიშნავ დირექტორს, რომელიც ასევე ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას ახორციელებს. მეტი რა საფრთხე შეიძლება შეექმნას საზოგადოებრივ მაწუყებელს? რატომ არ იყო ეს არგუმენტები, როგორც სასამართლო ამბობს წარდგენილი, მე მინიმუმ კითხვები მაქვს. პასუხებს მივიღებთ ერთად, როგორ იმუშავებს ეს არხი.
ჩვენ თავს ზემოთ ძალა აღარ გვაქვს. ჩვენ სხვა ინტერესი არ გვქონია გარდა იმისა, რომ გვინდოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს კარგი და გამრთულად მუშაობდეს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ჩვენ დავმარცხდით,”- ამბობს ნათია კუპრაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჯერ კიდევ მოქმედი ბორდის წევრების სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების გაუქმებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონის ის ნაწილი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი ბორდის დათხოვნასა და ახალი ბორდის არჩევას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ უკვე ახალი კანონმდებლობით არჩეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის 4 ახალი წევრი, ასევე, უკვე მიმდინარეობს დანარჩენი ხუთი წევრის დასამტკიცებლად მეორე რაუნდი, კერძოდ, საკონკურსო კომისიამ შეარჩია კანდიდატურები, საიდანაც არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, უმრავლესობის მიღმა დარჩენილ დეპუტაციას და აჭარის უმაღლეს საბჭოს.
