“ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომერე ფიქრია ჩიხრაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბლოკი “არასაპარლამენტო ოპოზიცია” იმიტომ შექიმნა, რომ ქვეყანაში ორპარტიული მმართველობა დაასრულოს:

“ბლოკის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება. ჩვენი ამოცანაა შევქმნათ რეალური მრავალპარტიულობა. რათა დავასრულოთ კოაბიტაციის მახინჯი პროცესი. რადგან ხელოვნურად და ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების მხარდაჭერით, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი მითვისებული აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”. ხელისუფლების რეალური და ჯანსაღი ოპონირება ძალუძს მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიციას და ეს კარგად გამოჩნდა თუნდაც ბოლოდროინდელ დებატებზე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ჩვენი ბლოკი წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალთა ერთობას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პირველი დღიდან აპროტესტებდა “ნაციონალური მოძრაობის” არადემოკრატიულ და დანაშაულებრივ ქმედებებს” – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ბლოკის გაფართოების მიზნით დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს აგრძელებენ:“ჩვენი კარი ღიაა ყველა ორგანიზაციისთვის და საზოგადოებრივი ჯგუფისათვის, რადგან ჩვენ ვთავაზობთ პარტნიორ პარტიებს პარიტეტის პრინციპს.”
არასაპარლამენტო ერთიანმა ოპოზიციამ, რომელიც “დემოკრატიულ მოძრაობასთან” რამდენიმე პოლიტიკური ძალის გაერთიანებით შეიქმნა, 2014 წლის 4 აპრილს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ცნობილია, რომ მმართველი კოალიციის კანდიდატი იქნება დავით ნარმანია, საპარლამენტო ოპოზიციის კი – ნიკა მელია. თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად “ლეიბორისტულმა პარტიამ” ასმათ ტყაბლაძე, ხოლო “მწვანეთა პარტიამ” გიორგი გაჩეჩილაძე დაასახელა.








