კერძოდ, მოსარჩელეებისთვის (დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე,მამუკა ფაჩუაშვილი) დავის საგანს წარმოადგენდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N833-რს) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის (ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ სამეურვეო საბჭოს არანაკლებ 7 წევრის არჩევისთანავე) (2013 წლის 20 ნოემბრის რედაქცია).
მოსარჩელეები, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრები სადავოდ ხდიდნენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის იმ ნორმის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
სადავო კანონით დადგენილი წესის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი საბჭოს უფლებამოსილება უნდა შეწყვეტილიყო ახალარჩეული საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შედეგად. გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით ახლებურად ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესი.
მოპასუხემ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის მიზანია სამეურვეო საბჭოსწარმომადგენლობითობის, მისი ეფექტიანობის და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვას და გამჭვირვალობას. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევის ძველი წესი, თავისთავად, იყო კონსტიტუციის შეუსაბამო, თუმცა, მიუხედავად ამისა, აუცილებლად მიაჩნია სამეურვეო საბჭოს მოქმედიწევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. მოპასუხის განმარტებით, შეუძლებელია ახალი წესით არჩეული წევრებისა და მოქმედი წევრების შერწყმა განახლებულ სამეურვეო საბჭოში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონის ის ნაწილი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი ბორდის დათხოვნასა და ახალი ბორდის არჩევას ითვალისწინებს.
„საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, მისი მმართველობითი რგოლის რეფორმირება, მათ შორის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესში საზოგადოების ფართო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, საქართველოს პარლამენტის არამხოლოდ უფლებამოსილება, არამედ, რიგ შემთხვევებში, შეიძლება ვალდებულებაც კი იყოს. თუმცა აუცილებელია ეს პროცესი წარიმართოს ისე, რომ გაუმართლებლად არ შეიზღუდოს პირთა კონსტიტუციური უფლებები.
საკონსტიტუციო სასამართლო არ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტს, რომ სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლობის გაუმჯობესება შეუძლებელი იყო მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, მისი საქმიანობის სპეციფიკურობისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პროცესში მისი განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, სარგებლობს დაცვის შესაბამისი კონსტიტუციური გარატიებით. დამოუკიდებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არსის განმსაზღვრელი ელემენტია. შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, გარდაუვალი აუცილებლობისას, მაგალითად, მაშინ, როდესაც მოქმედი სამეურვეო საბჭოს არსებობა, იმთავითვე საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას, ეფექტურ საქმიანობასა და მის შემდგომ განვითარებას. ამგვარ საჭიროებაზე მოპასუხეს არ მიუთითებია…
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი, თუნდაც პლურალისტული და ეფექტური წესი, იმთავითვე არ წარმოშობს სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის გადადუდებელ აუცილებლობას. ეს მიზანი სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გარეშეც მიიღწევა. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არათანაზომიერად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებულ მოსარჩელეთა უფლებას და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია“.
შეგახსენებთ, რომ უკვე ახალი კანონმდებლობით არჩეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის 4 ახალი წევრი, ასევე, უკვე მიმდინარეობს დანარჩენი ხუთი წევრის დასამტკიცებლად მეორე რაუნდი, კერძოდ, საკონკურსო კომისიამ შეარჩია კანდიდატურები, საიდანაც არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, უმრავლესობის მიღმა დარჩენილ დეპუტაციას და აჭარის უმაღლეს საბჭოს.
