ახალი ამბები

EMC: ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი არაეფექტური იქნება

11 აპრილი, 2014 • • 1122
EMC: ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი არაეფექტური იქნება

ორგანიზაციას აცხადებს, რომ მთავრობის წარდგენილმა კანონპროექტმა, არსებითად შეცვალა და დაასუსტა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული და სამოქალაქო საზოგადოების ფართო წარმომადგენლობითი ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის ვერსია.

 

EMC-ის მიაჩნია, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტში დისკრიმინციის წინააღდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი მექანიზმები და გარანტიები, რომელიც მის თავდაპირველ ვერსიაში არსებობდა, ამოღებულია, მათ შორის თანასწორობის დაცვის ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც აღჭურვილი იყო რეპრესიული ფუნქციებითაც.

 

EMC აცხადებს, რომ არსებული ვერსიით კანონის მიღება, სახალხო დამცველის კომპეტენციებს მცირედით აფართოებს, ამიტომ აუცილებელია სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება, რამაც უნდა მოიცვას სახალხო დამცველისთვის დამატებითი საკადრო და ფინანსურ-მატერიალური რესურსების გადაცემა და ვალდებულებად განესაზღვროს ყოველწლიური სპეციალური ანგარიშის წარდგენა. სხვა შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება სიცოცხლისუნარიანობას მოკლებული იქნება, აცხადებს EMC.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქპექტი, EMC-ის აზრით, არის დისკრიმინაციის აკრძალვის პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეპრესიული მექანიზმის აღდგენა. კანონპროექტში რეპრესიული მექანიზმის (დაჯარიმების) გაუქმება არსებითად ასუსტებს დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესს. 

 

ადამიანის უფლბებისა და მონიტორინგის ცენტრს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, კანონპროექტში აისახოს ის პროცესუალური გარანტიები, რომელიც თავდაპირველ ვერსიაში არსებობდა: 1. მტკიცების ტვირთის მოპასუხე მხარისთვის დაკისრება, რათა ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციას; 2. სახალხო დამცველისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ინფორმაციის, დოკუმენტების წარდგენის ვალდებულების დაწესება; 3. სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვის გონივრული ვადის დაწესება.

 

კანონპროექტის ერთ-ერთ ხარვეზად EMC მიიჩნევს დისკრიმინაციის სტანდარტისა და ტესტების ნორმატიული განსაზღვრებების ბუნდოვანებას. დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია, კანონის პროექტში გაკეთდეს მითითება, რომ კანონი სამართლის წყაროდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლითა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტების მიერ დადგენილ სტანდარტებსა და განმარტებებს იყენებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, კანონპროექტის მე-2  მუხლის მე-5 ნაწილით დაცული სფერო გაფართოვდეს და პირის ან ჯგუფისთვის მტრული, დამაშინებელი, დამამცირებელი ან ღირსების შემლახველი გარემოს შექმნის აკრძალვის მოთხოვნა შედეგის დადგომისა და ამგვარი მიზნის არსებობის მიუხედავად განისაზღვროს.

 

განსახილველ კანონპროექტში პრობლემურია კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც უთითებს, რომ დისკრიმინირებული პირების ან ჯგუფების მიერ საკუთარი უფლებების განხორციელებამ არ უნდა ხელყოს საჯარო წესრიგი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება ან/და სხვა პირთა უფლებები. უფლებით სარგებლობის დროს დამატებითი შემზღუდავი კრიტერიუმების შემოტანა კანონში უადგილოა და არ საჭიროებს ცალკე ნორმატიულ რეგულირებას, აცხადებს EMC. 

 

ამასთან, არ არის აუცილებელი სპეციალური მითითების გაკეთება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის განმარტებისას კონსტიტუციურ შეთანხმებასთან მისი შესაძლო კონფლიქტის დროს, შეთანხმებისთვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე. თავად კონსტიტუცია აღიარებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების პრიმატს კონსტიტუციურ შეთანხმებაზე, მიიშნევს EMC.


 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უკვე შევიდა “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტი და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კანონი არ იქნება ეფექტური, რადგან პარლამენტში წარდგენილ ვერსიაში აღარ ფიგურირებს ისეთი მექანიზმი, როგორიცაა თანასწორობის დაცვის ინსპექტორი და კანონის დარღვევისთვის ჯარიმები. ეს საკითხები გათვალისწინებული იყო კანონპროექტის იმ ვერსიაში, რომელიც მოამზადა იუსტიციის სამინისტრომ და რომელიც აღნიშნული უწყების მიერ იხილებოდა არასამთავრობო სექტორთან ერთად.

 

 

 

საბოლოოდ, პარლამენტში მთავრობის სახელით შევიდა კანონპროექტი, რომელიც განსხვავდება იუსტიციის სამინისტროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად მომზადებული კანონპროექტისგან. 



მასალების გადაბეჭდვის წესი