ახალი ამბები

გოგი ჭიჭინაძე ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რჩება

10 აპრილი, 2014 • • 1766
გოგი ჭიჭინაძე ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რჩება

ალექსანდრე მარგიშვილის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით შეუძლებელია ქუთაისის ოპერის თეატრს რამდენიმე მილიონი გამოუყონ:

 

“ქუთაისის მერიასთან და ბატონ გოგი ჭიჭინაძესთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ გოგი გააგრძელებს სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობას. ასევე გადავწყვიტეთ, რომ მოქმედი ბიუჯეტის და შესაბამისი შესაძლებლობის ფარგლებში სამინისტრო და ქუთაისის მუნიციპალიტეტი პროგრამულადაც დააფინანსებს თეატრს, გარდა მუდმივი დაფინანსებისა და დროთა გნამვლობაში შესაძლებელი გახდება კიდევ უფრო გავზარდოთ ეს დაფინანსება და გრძელვადიან, მასშტაბურ განვითარებაზეც ვიფიქროთ, რაც დღევანდელი მდგომარეობით, რამდენიმე მილიონიანი დაფინანსება სამწუხაროდ რეალური არ არის. ძირითადი სახელფასო და კომუნმალური ხარჯების გარდა, რამდენიმე ათეული ათასი ლარი შარშან გამოყო კულტურის სამინისტრომ. წელს ქუთაისის მერიამ 25 ათასი ლარი გამოყო დამატებით. ჩვენ ვგეგმავთ, რომ არ ჩამოვრჩეთ მერიას და დაახლოებით 50 ათას ლარს წლის ბოლომდე გამოვყოფთ.”

 

გოგი ჭიჭინაძის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ თეატრში დარჩეს და დასახული გეგმები განახორციელოს, თუმცა ჭიჭინაძე არ აკონკრეტებს რამდენად მოხერხდება მიზნების მიღწევა დაფინანსების არგაზრდის შემთხვევაში:

 

“ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება თავიდანვე, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს. ამ ბატონებთან ერთად ზუსტად განვსაზღვრე რისი გაკეთება მინდა და აქედან რა არის შესაძლებელი ბიუჯეტის მხრივ და რა არა. არავითარი დაპირება, რაც შეუძლებელია შესრულდეს, არ გაცემულა, თუმცა ყინული დაიძრა. 25 ათასი გამოიყო, რაც წყალივით საჭიროა. ცალ-ცალკე პროექტები იქნება, რომელიც თეატრში სიტუაციას გააუმჯობესებს, ამას გვპირდებიან. მე ვაგრძელებ მუშაობას, მერე დრო გვიჩვენებს რა ცვლილებები იქნება და რა პირობები ექნება ქვეყანას, რომ რადიკალური ცვლილებები მოვახდინოთ. მინდა მადლობა გადავუხადო ოპერის თითოეულ თანამშრომელს, რომელთა გულრწფელ მხარდაჭერას ვგრძნობ, არ შემეძლო ამ ადამიანებისთვის იმედი გამეცრუებინა.”

 

მისივე თქმით, შუა სეზონში თეატრის მიტოვება მისთვის აუტანელია:


“ძალიან ცუდად ვიყავი, იმიტომ რომ ხალხი იყო გაუგებარ სიტუაციაში. შუა სეზონში ხალხის მიტოვება ძალიან აუტანელია ჩემთვის. ჩვენ რაც გვქონდა, ძვირი პროექტი არ არის, მაგრამ  სამწუხაროდ და საუბედუროდ ეს თანხაც, რასაც პროექტი ითვალისწინებდა, ძალიან  პრობლემატურია. მოვა მომავალი წელი, მე ფარხმალს არ ვყრი და შევეცდები ეტაპობრივად მაინც განხორციელდეს.”

 

დირიჟორმა გოგი ჭიჭინაძემ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას 21 თებერვალს მიმართა. 

 

“ჩემი კანდიდატურის წამოყენება და შემდგომ დანიშვნა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მოხდა იმ პროექტის განხილვის საფუძველზე, რომლის განხორციელების შემთხვევაში ქუთაისი გადაიქცეოდა საქართველოს უმთავრეს სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრად. ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მოღვაწეობის სურვილი გამიჩინა მუსიკალურ-საშემსრულებლო, საორკესტრო და საოპერო დარგის სავალალო მდგომარეობამ, ქუთაისის საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა აქტიურობამ და მოტივაციამ. გარდა ამისა, ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევდა ის, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი სტრატეგიული ხედვა – ქუთაისის გადაქცევა საქართველოს სახელოვნებო, მუსიკალურ-საგანმანათლებლო ცენტრად, იქნებოდა პრიორიტეტული ამ ქალაქის ფუნქციონალური განვითარების რაკურსით, რაც უთუოდ ღირებულ კვალს გაავლებდა ქუთაისის კულტურული აღორძინების საქმეში,”- ამბობდა ჭიჭინაძე, რომლის პროექტის მიხედვით, 2014 წელს თეატრის დაფინანსება 17 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო. პროექტის მიზანი ქუთაისის ოპერის თეატრის “საერთაშორისო აღიარების მქონე თეატრის შექმნა” იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი