ახალი ამბები

“ნაციონალებს” აქცია – “გაჩერებული საქართველო” ჩაუშალეს

10 აპრილი, 2014 • • 2367
“ნაციონალებს” აქცია – “გაჩერებული საქართველო” ჩაუშალეს

“დღევანდელი ინციდენტები ადასტურებს, რომ ხელისუფლება ახორციელებს უკანონო თვალთვალსა და მოსმენას ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიმართ. სხვა შემთხვევაში სრულიად გამორიცხული იყო ქართული ოცნების აქტივისტებს სცოდნოდათ დღეს რომელ რეგიონში, რომელ კონკრეტულ ადგილას, რომელ საათზე ვგეგმავდით პრეზენტაციების მოწყობას”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პარლამენტარი ზურაბ ჯაფარიძე.

 

თელავში, სადაც გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ აპირებდნენ ბრიფინგის გამართვას საპარლამენტო უმცირესობის წევრები – გიორგი ღვინიაშვილი და ლევან ბეჟაშვილი, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, რის შემდეგაც დეპუტატების ავტომანქანას კვერცხები ესროლეს.

 

“ერთი პოლიციელიც კი არ მოსულა ადგილზე”, – განაცხადა ღვინიაშვილმა.

 

ბეჟაშვილის თქმით, მათი აქციის მიზანი იყო, საქართველოში გაჩერებული პროექტების ამუშავება:

 

“თელავში უამრავი პროექტი იყო დაწყებული ადრე და ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი გაჩერებულია. საქართველო არის გაჩერებული, ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ავამუშავოთ”.

 

ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი ანაკლიაში, სადაც ბრიფნგის გამართვას სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა გეგმავდა.

 

“მე მქონდა დაგეგმილი ბრიფინგი გაჩერებულ პროექტებთან დაკავშირებით, ეს იყო ფოთის აეროპორტთან დაკავშირებით, ასევე, პორტთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დაწყებულიყო 2012 წელს, ასევე, მანდ იყო მესტია-ლენტეხის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობამ პრაქტიკულად გააჩერა”, – განაცხადა გუნავამ.

 

ადგილზე შეკრებილი პროტესტანტები აცხადებდნენ, რომ “ნაციონალებმა” 9 წლის მანძილზე დაანგრიეს ქვეყანა და ამის გამო მათ აღარ აქვთ არავითარი უფლება ისაუბრონ არსებული ხელისუფლების კრიტიკაზე.

 

“არა ნაციონალურ მოძრაობას!”, “ძირს სააკაშვილის გადმონაშთები!” – ასეთი პლაკატებით დახვდნენ წყალტუბოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, დეპუტატ გიორგი თევდორაძეს. ისმოდა შეძახილები -“მკვლელებო!” აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ცოცხები.

 

“აქ აგური აგურზე არ არის დანადები, თქვენ უყურებთ რა დღეშია გაჩერებული პროექტები”, – განაცხადა გიორგი თევდორაძემ.

 

პრობლემები შეექმნა თბილისის მერობის კანდიდატს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკა მელიას, რომელსაც დიდ დიღომში ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის გაჩერებულ მშენებლობაზე უნდა ესაუბრა.

 

“ეს არის ობიექტი, რომელსაც თანამედროვე გამოცდილება უნდა მიეცა ექიმებისა და ექთნებისთვის, 9 თვის წინ იყო ჯანდაცვის მინისტრი აქ და მის მერე არაფერი გაკეთებულა. იმის მაგივრად, რომ თბილისი ავამუშავოთ, ვხედავთ შეჩერებულ ობიექტებს”, – განაცხადა მელიამ, რომელსაც ადგილზე რამდენიმე ათეული ახალგაზრდა დაუპირისპირდა.

 

დაპირისპირების გარეშე მოახერხა ბრიფინგის გამართვა ბათუმში თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიგი უგულავამ დღეს, ბათუმში იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება, მისი თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, აჭარაში შეჩერდა. ეს პროექტებია: ბათუმი სარფის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე ჭოროხზე, ბათუმის ახალი საფეხბურთო მოედანი, ნაპირგამაგრებითი სამუშაოები ბათუმის სანაპირო ზოლში, ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ბათუმის შემოვლითი გზა და ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება, წყლისა და კანალიზაციის სისტემების შეცვლა ჭაობის დასახლებაში და იქ ახალი ასფალტის საფარის დაგება.

 

“შეჩერდა „ROAYL CARIBBEAN“-ისა და ქართული მხარის ერთობლივი პროექტი, რაც ბათუმის საზღვაო აკვატორიის გაფართოვებასა და ტურისტული ზონის მოწყობას ითვალისწინებდა, ასევე „ტრამპ თაუერისა“ და იახტ კლუბის მშენებლობა, ბათუმი-ადიგენის საგზაო მაგისტრალი და გოდერძის უღელტეხილზე ახალი გზის მშენებლობა, “Goderdzi Resort “-ის მშენებლობა, ახალი სასტუმროებისა და საბაგირო გონდოლების მონტაჟი”, – განაცხადა უგულავამ.

 

მისივე განცხადებით,2013-2014 წლის ტურისტული სეზონი ჩავარდა, როგორც გოდერძის უღელტეხილზე, ასევე გომარდულსა და ქედლებში.


გიგი უგულავას დაპირისპირება უკვე საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოსვლის დროს მოუხდა, როდესაც მას კვერცხები ესროლეს.

 

“დღეს, პრაქტიკულად, ყველა რეგიონში, სადაც უნდა გამართულიყო გაჩერებული და მიტოვებული პროექტების პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის, ხელისუფლებამ მოახდინა ათობით და რიგ შემთხვევაში ასობით პარტიული აქტივისტების მობილიზება, რომელთაც არ მისცეს საშუალება ჩვენს წარმომადგენლებს განეხორციელებინათ დაგეგმილი ღონისძიება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ.

 

ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი თელავში პარლამენტის წევრ ლევან ბეჟაშვილის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე, თბილისში, სადაც თბილისის მეორბის კანდიდატი ნიკა მელია უნდა გასაუბრებოდა ჟურნალისტებს, ანაკლიაში, სადაც თენგიზ გუნავას მიუვარდა 200–მდე ქართული ოცნების აქტივისტი და არ მისცა საშუალება მედიასთან ესაუბრა ანაკლიის პორტისა და ფოთის აეროპორტის შეჩერებული პროექტების შესახებ, წყალტუბოში, სადაც ასევე პარლამენტის წევრს გია თევდორაძეს ხელისუფლებამ დაახვედრა 4 ავტობუსი სავსე ოცნების აქტივისტებით”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

მისივე თქმით, პრაქტიკულად, ყველა ამ შემთხვევაში, სამართალდამცავები გამოჩნდნენ მხოლოდ მას შემდეგ რაც დასრულდა დაპირისპირება.

 

“ჩვენ გვსურს შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ჩაშლა საკუთარი აქტივისტების დარაზმვითა და ფიზიკური დაპირისპირებით არის არაცივილიზებული ქცევა. ხოლო თუ ხელისუფლება ასე აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლას, მომავალი არჩევნები არ და ვერ შეფასდება როგორც თავისუფალი და სამართლიანი, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის იმიჯსა და ევრო–ატლანტიკური საგარეო კურსის პერსპექტივას”, – აცხადებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი