ახალი ამბები

უსუფაშვილი: ყველა მოსაზრებას ვისმენთ, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა არის მისაღები

10 აპრილი, 2014 • • 955
უსუფაშვილი: ყველა მოსაზრებას ვისმენთ, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა არის მისაღები

“ამ თემაზე და ამ საკითხზე არ არსებობს ერთი ეტალონი, რომელიც სადმე წერია, ვთქვათ, ბიბლიაში, ვსაუბრობ დოგმაზე, რომ ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს. ჩვენ მივდივართ ძალიან ფართო ნაბიჯებით თავისუფლებებისათვის, ძალიან მყარი გარანტიების შექმნისაკენ. ჩვენ მივიღებთ ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებებს, იგივე მთავრობამ დაამტკიცა ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია, პარლამენტში შემოვა ეს დოკუმენტი – სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ამ მიმართულებით მივდივართ წინ,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

 

მისივე თქმით, საზოგადოებაში ყოევლთვის არის ხალხი, რომელსაც კიდევ უფრო მეტი უნდა:

 

“ეს ხალხი რომ არ იყოს, მაშინ პროგრესი გაჩერდებოდა, მაგრამ თუ მხოლოდ მათ მივყვებით, ვისაც კიდევ უფრო მეტი უნდა, შეიძლება პირიქით, ძალიან უკან აღმოვჩნდეთ. ყველა მოსაზრებას ვისმენთ.

 

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა არის მისაღები, ეს ძალიან სერიოზული თემაა. მისაღებია არა იმიტომ, რომ ევროპა გვთხოვს ამას, არამედ იმიტომ რომ ჩვენ თვითონ გვაქვს ეს მოთხოვნილება, რომ ვიღაცამ არ დაგვჩაგროს იმიტომ რომ ვთქვათ ჩვენი თვალის ფერი არ მოსწონს, ან ვთქვათ ჩვენი წარმომავლობა, ან განათლება, ან ასაკი არ მოსწონს. ეს კანონი იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ უნდა ვიაროთ ისე, რომ საზოგადოებას ესმოდეს, რატომ მივდივართ წინ.

 

ძალიან და თავსმოხვეული კონცეფციები სანამდე მიდის, ეს უკვე ვნახეთ. ჩვენ საქართველო და ქართველი ადამიანების ცხოვრება უნდა გავაუმჯობესოთ და არა სხვანაირებად ვაქციოთ ისინი. ეს კანონიც ზუსტად ასეთი იქნება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უკვე შევიდა “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტი და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კანონი არ იქნება ეფექტური, რადგან პარლამენტში წარდგენილ ვერსიაში აღარ ფიგურირებს ისეთი მექანიზმი, როგორიცაა თანასწორობის დაცვის ინსპექტორი და კანონის დარღვევისთვის ჯარიმები. ეს საკითხები გათვალისწინებული იყო კანონპროექტის იმ ვერსიაში, რომელიც მოამზადა იუსტიციის სამინისტრომ და რომელიც აღნიშნული უწყების მიერ იხილებოდა არასამთავრობო სექტორთან ერთად.

 

საბოლოოდ, პარლამენტში მთავრობის სახელით შევიდა კანონპროექტი, რომელიც განსხვავდება იუსტიციის სამინისტროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად მომზადებული კანონპროექტისგან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი