ახალი ამბები

მზად ვართ ეს 13 NGO პარტიებად დავარეგისტრიროთ – წულუკიანი

3 ოქტომბერი, 2018 •
მზად ვართ ეს 13 NGO პარტიებად დავარეგისტრიროთ – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აკრიტიკებს 13 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებმაც ომეგას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. წულუკიანის თქმით, ამ არასამთავრობოებს პოლიტიკური ინტერესები აქვთ და პოლიტიკური პარტიებიც არიან.

“რაც შეეხება 13 არასამთავრობო ორგანიზაციას, მე არ ვაპირებ, მათ არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარის კეთებას, რადგან, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ორგანიზაციები უკვე მერამდენედ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინონ ზადაპირული შეფასებებითა და არასერიოზული განცხადებებით, ყველანაირი სტანდარტის დარღვევით – იქნება ეს სამართლებრივ თუ ეთიკურ ჭრილში. შესაბამისად, მათი სიტყვა უკვე პრინციპში არაფერს ნიშნავს. რაც არის სამოქალაქო სექტორის ამ ნაწილის ძალიან დიდი ტრაგედია და პრობლემა. იმედი მაქვს, სანამ ძალიან გვიან არ არის, შეეცდებიან დასერიოზულდნენ. რადგან ყველა საზოგადოებრივ სეგმენტს, ინსტიტუტს სჭირდება გარკვეული ნდობა საზოგადოების მხრიდან. ასეთი განცხადებებით ისინი საბოლოოდ კარგავენ ამ ნდობას, თუ ასეთი საერთოდ გააჩნიათ”, – აცხადებს თეა წულუკიანი.

“ეს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია არა მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს, არამედ ისინი რეალურად პოლიტიკური პარტიები არიან. შესაბამისად, თუ მათ აქვთ პოლიტიკური ამბიციები და, როგორც ჩანს, ეს აქვთ, ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად ფორმალურადაც. ამისთვის იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში არსებობს პოლიტიკურ პარტიათა რეესტრი. ჩვენ მზად ვართ, ისინი პოლიტიკურ პარტიებად დავარეგისტრიროთ”, – ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრი ასევე ამბობს, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მიაჩნია სერიოზულად და მათი რიცხვი მხოლოდ 13 არ არის.

“ისინი საქართველოში ძალიან ბევრნი არიან. ისინი არიან სოფლებში, დაბებში და აკეთებენ რასაც ჰქვია სახელმწიფოებრივ საქმეს. ხოლო ის 13 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, ეს ორგანიზაციები, რომლებიც ფაქტებს არაფრად აგდებენ და მათთვის მთავარია, მათი გულშემატკივარი პოლიტიკური პარტიები რას იტყვიან, რათა მერე მათ დაკრულზე აცეკვდნენ, ეს არის მიუღებელი”, – აცხადებს თეა წულუკიანი.

13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”, ღია საზოგადოების ფონდმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 1 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობენ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არაფორმალური მეთოდებითა და კრიმინალების დახმარებით მმართველობაზე მიუთითებს.

ამავე თემაზე

ხელისუფლებას უნდა, რომ პირში წყალი ჩავიგუბოთ – მიხეილ ბენიძე

ლორა თორნტონი ქართული არასამთავრობოების პროფესიონალიზმს აქებს

არც წინა ხელისუფლების დროს გავჩუმებულვარ და არც ახლა გავჩუმდები – ეკა გიგაური

მასალების გადაბეჭდვის წესი