“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარის, ეკა გიგაურის თქმით, მმართველ გუნდს პროკურატურაზე რომ დაეხარჯა იმდენი დრო და ენერგია, რამდენსაც არასამთავრობო სექტორის ლანძღვაზე ხარჯავს, ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა.
გიგაური “ქართული ოცნების” წევრებს მოუწოდებს, “დაწყნარდნენ და გააკეთონ ის, რაც კანონმდებლობით ევალებათ”.
“გუშინ, როგორც ჩანს, სამთავრობო გუნდს მესიჯ ბოქსში ჰქონდა ეკა გიგაურის ლანძღვა. ზოგ მათგანს არც კი ვიცნობ, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები ყოფილან. არც ვაპირებდი პასუხის გაცემას, მაგრამ რადგან ამ მარათონში პარლამენტის თავმჯდომარეც ჩაერთო, ვიტყვი იმას, რომ ამდენი დრო და ენერგია პროკურატურაზე რომ დაეხარჯათ და მათთვის მოეთხოვათ ამდენი გახმაურებული გამოუძიებელი საქმეების გამოძიება, ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდნენ. წლებია ველოდებით წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული უკანონო ჩანაწერების არქივების, პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელების, მუხთარლის, ლაშა თორდიას ცემის, სარალიძის და სხვა გამოძიებების შედეგებს. ეკა გიგაურზე კი არა, საკუთარი გუნდის წევრებზე გაბრაზდნენ. ამიტომ, დაწყნარდნენ და გააკეთონ ის, რაც მათ კანონმდებლობით ევალებათ”, – უთხრა გიგაურმა “ნეტგაზეთს”.
მისივე თქმით, საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს და ხელისუფლებამ ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.
“ჩანს, რომ ეს ხელისუფლება იგივე შეცდომას უშვებს, რასაც წინა, მათ შორის სამოქალაქო სექტორის მიმართ დამოკიდებულების ნაწილში. თუ მათი მიზანი არის ის, რომ გამაჩუმონ, არც წინა ხელისუფლების დროს გავჩუმებულვარ და არც ახლა გავჩუმდები. ეს შეიძლება “ოცნების” ბევრ წევრს არ ახსოვდეს, რადგანაც იმ დროს არსად ჩანდნენ”, – აღნიშნა ეკა გიგაურმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში “აბსოლუტურად არასერიოზულად” შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება “ომეგა ჯგუფის” თემასთან დაკავშირებით და მათ უწოდა “13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები”.
13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”, ღია საზოგადოების ფონდმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 1 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობენ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არაფორმალური მეთოდებითა და კრიმინალების დახმარებით მმართველობაზე მიუთითებს.