ახალი ამბები

პროკურატურა: ოქუაშვილს კიდევ ერთხელ ვიძახებთ გამოკითხვის მიზნით

2 ოქტომბერი, 2018 • 1882
პროკურატურა: ოქუაშვილს კიდევ ერთხელ ვიძახებთ გამოკითხვის მიზნით

მთავარი პროკურატურა ზაზა ოქუაშვილს 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ იძახებს გამოკითხვის მიზნით, რადგან “მის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოებისთვის”. საქმე ეხება აუდიოჩანაწერების გამოძიებას.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყების შემდეგ, 14 სექტემბერს, ოქუაშვილის ადვოკატმა პროკურატურას განუმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სექტემბრის ბოლოს, დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოცხადდებოდა გამოკითხვაზე.

“ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები, ომეგა ჯგუფში შემავალი სამი კომპანიის დირექტორი და კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი”, -აცხადებს პროკურატურა.

მათივე განცხადებით, ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა, თან დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

“გამოძების ფარგლებში, აუდიოჩანაწერების ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება”.

პროკურატურა აცხადებს, რომ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.

პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

[ნახეთ ნეტგაზეთზე: ქვითრები, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ გაანაღდეს TBC-ში 4 მლნ ლარი]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი