ახალი ამბები

კიბოს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდის დანერგვისთვის ორ მეცნიერს ნობელის პრემია გადაეცა

2 ოქტომბერი, 2018 • 3067
კიბოს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდის დანერგვისთვის ორ მეცნიერს ნობელის პრემია გადაეცა

ამერიკელმა და იაპონელმა იმუნოლოგებმა კიბოს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდის დანერგვისთვის ნობელის პრემია მიიღეს. ჯეიმს ელისონმა და ტასკუ ჰონძომ აღმოაჩინეს, როგორ უნდა გამოიყენონ ადამიანის იმუნური სისტემა კიბოსთან საბრძოლველად.

როგორც The Guardian  წერს, იმუნური სისტემის კვლევაში მეცნიერების ინოვაციურიმა მიგნებებმა საფუძველი ჩაუყარა ახალი თაობის მედიკამენტებს, რომლებიც უკვე მნიშვნელოვნად ცვლიან პაციენტების შედეგებს კიბოსთან ბრძოლაში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნობელის პრიზი მედიცინაში გაიცა კიბოს თერაპიის სფეროში გაწეული შრომისთვის.

როგორც წესი, იმუნური სისტემა ეძებს და ანადგურებს უჯრედებს, რომლებმაც მუტაცია განიცადეს, თუმცა კიბოს უჯრედები იმუნური სისტემის თავდასხმისგან დასამალ გზას პოულობენ. ამის ერთ-ერთი გზა დამაბრკოლებელი მექანიზმის გააქტიურებაა, რომელიც იმისათვისაა შექმნილი, რომ ანტისხეულები თავს არ დაესხან “ნორმალურ უჯრედებს”.

1990-იან წლებში ელისონმა ერთ-ერთი ასეთი დამაბრკოლებელი იპოვა, რომელიც “გამშვები პუნქტების” სახელითაა ცნობილი. ელისონის პარალელურად, ავტოიმუნური დაავადებების დასაძლევად ე.წ. გამშვები პუნქტების გაძლიერებაზე მეცნიერთა სხვა ჯგუფი მუშაობდა, თუმცა ელისონმა ამის საწინააღმდეგოდ, პუნქტების დასუსტებით, კიბოთი დაავადებულ თაგვებზე გამაოგნებელი შედეგი აჩვენა.

1992 წელს, ელისონისგან დამოუკიდებლად, იაპონელმა მეცნიერმა კიდევ ერთი ასეთი პუნქტი აღმოაჩინა, რომელიც განსხვავებული მექანიზმით მუშაობდა.

იმუნური სისტემის მობილიზების წყალობით კიბოს უჯრედებთან ბრძოლის იდეა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გაჩნდა, თუმცა მხოლოდ ელისონისა და ჰონძოს ნაშრომების შედეგად გახდა შესაძლებელი შესაბამისი კლინიკური მეთოდების დანერგვა პაციენტების სამკურნალოდ.

ამ მეთოდით შექმნილ პრეპარატებს მნიშვნელოვანი უკუჩვენებები აქვთ, თუმცა მელანომის, ლიმფომისა და ფილტვის კიბოს მკურნალობაში მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი