ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილს სერიოზული პრობლემები არ აქვს – წულუკიანი

2 ოქტომბერი, 2018 • 1748
ვანო მერაბიშვილს სერიოზული პრობლემები არ აქვს – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ურჩევს, ვანო მერაბიშვილი ინტოქსიკაციაზე შემოწმების მიზნით კლინიკაში კიდევ ერთხელ გადაიყვანოს.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ვანო მერაბიშვილს არ აქვს ჯანმრთელობის  სერიოზული პრობლემები. მისი თქმით, ჰორნერის სინდრომის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სიმსივნე, ინფარქტი, ინსულტი, ინტოქსიკაცია ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, თუმცა სამოქალაქო კლინიკებში გადაყვანის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მერაბიშვილს არცერთ ორგანოზე სიმსივნე არ უფიქსირდება.

“ჩვენთვის უმთავრესია, რომ პატიმარს, ვინც უნდა იყოს ის − ამ შემთხვევაში გვარი და სახელი  საინტერესო არ არის − ჰქონდეს რწმენა, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოირიცხა ასევე ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები; ინფარქტი და ინსულტი, ფაქტია, რომ სახეზე არ არის. ახლა რჩება ის, რასაც ამბობენ − შესაძლო ინტოქსიკაცია. ექიმები გვეუბნებიან, რომ გამორიცხულია ინტოქსიკაცია და არ გვაძლევენ რეკომენდაციას, გავაკეთოთ ტესტები. თუმცა ჩემი რჩევა პენიტენციური სამსახურისათვის − და, რამდენადაც ვიცი, ისინი ამ რჩევას იზიარებენ − არის ის, რომ, თუკი პატიმარს აქვს მცირედი ეჭვიც კი, რატომაც არა, უახლოეს დროში გავაკეთოთ მორიგი გადაყვანა იმისათვის, რომ პატიმარი და ოჯახი იყოს წყნარად. ადვოკატის სიწყნარეზე ამ ეტაპზე არ ვმუშაობ, რადგან ისეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, რომ რეალობა რომ არ იცოდე, შეგეშინდება, რამე ხომ არ სჭირს შენს პატიმარს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ის ემხრობა, რომ გამოკვლევები ყველაზე მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში ჩატარდეს და  თუკი ადვოკატებს  სურვილი აქვთ, შეუძლიათ თვითონ უთხრან, რომელ მეტალზე უნდათ მერაბიშვილის შემოწმება.

იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილს ყველა ტიპის კონსულტაცია დროულად ჩაუტარდა და სამედიცინო კლინიკაში რამდენჯერმე იყო გაყვანილი.

“საზოგადოებისგან ისმოდა კითხვა − ალბათ, მართლა რაღაც სჭირს და ცუდად არის, მძიმედ არის, აბა, ამდენჯერ რატომ გაჰყავთ… სამოქალაქო კლინიკებში გაყვანა, რომელიც წელიწადში არის ასეულობით, არ ნიშნავს იმას, რომ პატიმარი არის მძიმედ. ჩვენ არ ველოდებით, პატიმარი დამძიმდეს იმისათვის, რომ გადავიყვანოთ სამოქალაქო კლინიკაში. ამის ახსნა „ნაციონალური მოძრაობისათვის“ არის მგლის თავზე სახარების კითხვა, რადგან მათ მომაკვდავი პატიმრები გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში და ამას თავის დროზე დაერქვა „სიკვდილის ექსპორტი“. ჩვენი მიდგომა ეს არ არის. საკმარისია, მერაბიშვილმა თუ სხვა პატიმარმა რამე აიტკიოს და პენიტენციურმა სამსახურმა ჩათვალოს, რომ უკეთესი იქნება სამოქალაქო კლინიკა და არა ციხის საავადმყოფო, კითხვის ნიშნის გარეშე ხდება გადაყვანა”, – განაცხადა წულუკიანმა.

ინტოქსიკაციის ეჭვების გასაფანტად, მერაბიშვილს დამატებით გამოიკვლევენ – პენიტენციური სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი