ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილება და ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლების ზრდის საფრთხე

8 აპრილი, 2014 • • 1628
საკონსტიტუციო ცვლილება და ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლების ზრდის საფრთხე

ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა, ქვეყანაში ყველა სახის უმცირესობის უფლებების სათანადო რეალიზაცია და დაცვა უნდა უზრუნველყოს, რათა უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში არ გაიზარდოს ამა თუ იმ სახის დისკრიმინაციის ნიშნით ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი საქართველოდან. უფლებადამცველების ნაწილის აზრით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საკონსტიტუციო ინიციატივა ოჯახის მხარეების განსაზღვრის თაობაზე, ამ მხრივ საფრთხეს ქმნის.

 

დღეისათვის არსებული საკონსტიტუციო ჩანაწერით, ქორწინება არის კავშირი მეუღლეებს შორის, ხოლო სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს, რომ მეუღლეებში ქალი და მამაკაცი იგულისხმება. თუმცა ზემოხსენებული კონსტიტუციური ჩანაწერი, რაც რანგით სამოქალაქო კოდექსზე მაღლა დგას, ერთსქესიანთა წყვილებისთვის თეორიულად გარკვეულ პოტენციურ უფლებასაც შეიძლება ნიშნავდეს. სწორედ ამის შეცვლა სურს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.

 

ირაკლი ვაჭარაძე
ირაკლი ვაჭარაძე

ირაკლი ვაჭარაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ერთსქესიანთა ქორწინებების საკითხი დღის წესრიგში სექსუალურ უმცირესობებს არ დაუყენებია, თუმცა როდესაც “მოწმენდილ ცაზე პრემიერი მსგავსი დისკრიმინაციული წინადადებით, გამოვიდა”, ეს სექსუალური უმცირესობების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე ნათლად მეტყველებს.

 

“ეს საკონსტიტუციო ცვლილება ნიშნავს ერთ რამეს: სახელმწიფო ხდება ჰომოფობიის სპონსორი. სახელმწიფო ეუბნება მოქალაქეებს, რომ გძულდეს ეს არასრულფასოვნები, ესენი მეორე ხარისხის ადამიანები არიანო. ასეთ დროს ლგბტ ადამიანს ეწყება შფოთი, ის გრძნობს, რომ აქ აღარ დაედგომება. ეს არის მთავარი. ადამიანების სოციალურ ჯგუფს ამ დამოკიდებულებით ეუბნები, რომ შენ აქ აღარ დაგედგომება”, – ამბობს ირაკლი ვაჭარაძე.

 

“იდენტობა” უკვე ოთხი წელია ლგბტ თემის პრობლემატიკაზე მუშაობს საქართველოში. ამ ხნის მანძილზე ორგანიზაციას რამდენიმე ათეული  ლგბტ ადამიანისგან აქვს მიღებული თხოვნა ევროკავშირში თავშესაფრის მიღების საქმეში დახმარების თაობაზე. ვაჭარაძე ვარაუდობს, რომ ღარიბაშვილისგან ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება თავშესაფრის მაძიებლების სტატისტიკას საქართველოს ლგბტ თემიდან გაზრდის:  

 

“მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა ამ საკონსტიტუციო შესწორებას, საქართველოდან გაქცევის მსურველთა რაოდნეობა მაინც გაიზრდება. აქ მთავარი დამოკიდებულებაა. იმასაც ყველა გაიხსენებს, რომ 17 მაისის არც ერთი მოძალადე დღემდე დასჯილი არ არის. იტყვიან, რომ აქ არ ღირს ცხოვრება”.

 

გაასმაგდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას თავშესაფარს მოსთხოვენ. იმასაც ვერავინ გაიგებს, რამდენი იქნება მათ შორის ლგბტ თემის ნამდვილი წევრი”.

 

ვაჭარაძე იხსენებს რამდენიმე შემთხვევას, როცა სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოები უგზავნიდნენ მის ორგანიზაციას თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების ქეისებს, რათა გადაემოწმებინათ იმ დისკრიმინაციული ამბების ნამდვილობა, რასაც ისინი ყვებოდნენ.

 

“ჩვენი თემის ერთმა წევრმა, რომელიც 17 მაისს სცემეს და შემდეგაც აშანტაჟებდნენ, ახლახან მიიღო თავშესაფარი ჩრდილოეთ ევროპის ერთ–ერთ ქვეყანაში. წინა კვირას ორი ადმაიანი აპირებდა წასვლას”, – ამბობს ირაკლი ვაჭარაძე.

 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, 2013 წლის მდგომარეობით, საქართველოდან სხვადასხვა მოტივით სულ 5,427 თავშესაფრის მაძიებელი ფიქსირდება, ხოლო ლტოლვილის სტატუსი, ასევე, სხვადასხვა მოტივაციის საფუძველზე 7,200 ადამიანს აქვს მიღებული.

 

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მმართველი კოალიციის წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე არ იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პრემიერის საკონსტიტუციო ინიციატივამ შესაძლოა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას შეუწყოს ხელი და შემდეგ ვიზა–ლიბერალიზაციის პროცესს შეუშალოს ხელი:

 

ვიქტორ დოლიძე
ვიქტორ დოლიძე

 

“მე ნამდვილად არ ვფიქრობ ასე, იმიტომ, რომ საქართველო არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელმაც შესაძლოა ასეთი დებულება ჩადოს კონსტიტუციაში. გახსოვთ, ალბათ, ხორვატია, ისევე როგორც ლატვია, რომელმაც ასევე მიიღო დებულება. ბალტიელმა კოლეგებმა გვითხრეს, რომ მათ არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ და არანაირ გადინებაზე არ შეიძლება რომ საუბარი იყოს”.

 

ევროპათმცოდნე, ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველომ ევროპაში არსებული “ცუდი მაგალითებით” და არა იმ ქვეყნების მაგალითებით, სადაც ამ კუთხით დისკრიმინაციას ადგილი არ აქვს. ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ ხორვატიაში ზემოხსენებული ცვლილება რეფერენდუმის შედეგად შევიდა და არა მთავრობის ინიციატივით:

 

გიორგი თაბაგარი
გიორგი თაბაგარი

 

“ხორვატიის და ლატვიის მაგალითი იყო მოყვანილი, მაგრამ იქ ცვლილებები მას შემდეგ გატარდა, რაც ეს ქვეყნები ევროკავშირს შეურთდნენ. მინდა გითხრათ, რომ ხორვატიის მაგალითი დაგმობილი იქნა თითქმის ყველა ნორმალური სახელმწიფოს მიერ და, შესაბამისად, ამით აპელირება არ იყო აუცილებელი და ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რომ ევროკავშირის ქვეყნებიც კი აკეთებენ ამას და ჩვენ რატომ არ უნდა გავაკეთოთ”, – ამბობს თაბაგარი.

 

ევროკავშირი არ ითხოვს ქვეყნებისგან კონსტიტუციაში ქორწინების რაიმე სტანდარტის მიხედვით განსაზღვრას და ეს თითოეული სახელმწიფოს გადასაწყვეტია. ამის თაობაზე ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმაც თქვა. თუმცა ევროკაშვირი მოითხოვს ადამიანის უფლებების და თანასწორობის უზრუნველყოფას.

 

“ვიზა–ლიბერალიზაცია სამუდამო გარანტია არ არის. თუ ქვეყანა ცუდად მოიქცევა, უკან წაართმევენ”, – ამბობს ირაკლი ვაჭარაძე და მაგალითად ბალკანეთის ქვეყნების – სერბეთის, მაკედონიის შემთხვევები მოჰყავს, რომლებმაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება 2000–იანი წლების ბოლოსკენ დადეს, თუმცა სხვადასხვა მოტივაციით თავშესაფრის მაძიებელთა და მიგრანტთა გაზრდილი რაოდენობის გამო უკმაყოფილო ევროპულმა ქვეყნებმა 2013 წელს სიტუაციის გამოსწორება მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სავიზო რეჟიმის გაუქმებით დაემუქრნენ. შვედეთის შს მინისტრმა ტობიას ბილსტრიომმა განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მაკედონიიდან უკიდრესად გაიზარდა და ამ თვალსაზრისით შედგენილი რეიტინგის პირველ ოთხეულში დაიმკვიდრა ადგილი ავღანელი და სომალელი ემიგრანტების გვერდით.

 

ვაჭარაძე ვარაუდობს, რომ პრემიერის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ ცვლილებას, კიდეც რომ განხორციელდეს, დიდი ხნით არსებობა მაინც არ უწერია:

 

“რადგან უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ქორწინების თანასწორუფლებიანობისაკენ  მიდის და თუ საქართველოს უნდა გახდეს ცივილიზებული სამყაროს წევრი, ბუნებრივია, ჩვენც მოგვიწევს მომავალში ამ რაღაცების გამოსწორება”.

მანამდე კი ორგანიზაცია “იდენტობა” სამართლებრივ ბრძოლაში ებმება. ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს იმ საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციურობას, რომელიც მეუღლეებად მხოლოდ ქალსა და მამაკაცს აღიარებს, ხოლო თუ პრემიერის მიერ ინიცირებული ცვლილება კონსტიტუციაში აისახება, ორგანიზაცია სამართლებრივ ბრძოლას სტრასბურგში გააგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი