ახალი ამბები

გეი და ჰეტეროსექსუალ წყვილებს ოჯახური ცხოვრების ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეთ: რუმინეთი

29 სექტემბერი, 2018 • 5074
გეი და ჰეტეროსექსუალ წყვილებს ოჯახური ცხოვრების ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეთ: რუმინეთი

რუმინეთის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირსქესიან წყვილებს ოჯახური ცხოვრების ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, როგორიც ჰეტეროსექსუალ წყვილებს აქვთ. ამის შესახებ Washington Post გამოცემა Associated Press-ზე დაყრდნობით იუწყება.

საკონსტიტუციო სასამართლომ პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან მიმართებით გეი და ჰეტეროსექსუალი წყვილების თანასწორუფლებიანობის შესახებ გადაწყვეტილება 28 სექტემბერს მიიღო. განჩინების თანახმად, როგორც ერთნაირსქესიან, ისე ჰეტეროსექსუალ წყვილებს, ოჯახთან მიმართებით ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეთ და სამართლებრივი და იურიდიული სარგებელი მიიღონ.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ ქვეყნის ლგბტ საზოგადოება და მისი მხარდამჭერები გაახარა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია 6-7 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგი, რომლითაც უნდა გადაწყდეს, ჩაიწერება თუ არა ქვეყნის კონსტიტუციაში ოჯახი, როგორც ქალისა და კაცის ერთობა. რეფერენდუმის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც შესაბამის პეტიციას ხელი 3 მილიონმა რუმინელმა მოაწერა.

ქვეყნის მმართველი პარტია აცხადებს, რომ რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის რომელიმე მხარეს მხარდაჭერას უცხადებს. კრიტიკოსები კი დაგეგმილ რეფერენდუმს ლგბტ საზოგადოების დისკრიმინაციად და ადამიანის უფლებათა დარღვევად მიიჩნევენ. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ 43 მილიონი ევროს დახარჯვა, რომელიც აღნიშნულისთვის უნდა გამოიყოს, მთავრობას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებისთვისაც შეეძლო.

რუმინეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ლიტვა და ლატვია ევროკავშირის ის ქვეყნებია, სადაც ერთნაირსქესიან წყვილებს არც სამართლებრივად იცავენ და არც ქორწინების უფლება აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი