2012 წელს გამოშვებული ორი ავტობუსი HYUNDAI, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საპატრიარქოს პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ამ მუხლის მიხედვით, “თუ მოძრავი ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს ქონების მმართველი ან პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას ქონების მმართველის წარდგინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.”
პრემიერ-მინისტრის 31 მარტის განკარგულებით, ავტობუსების გარდა, საპატრიარქოს ასევე სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობში მდებარე 100 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა N1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N74.05.11.147).
ამ შემთხვევაში პრემიერმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იხელმძღვანელა. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით, “საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული ქონების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოზე ან თვითმმართველ ერთეულზე.”








