თბილისის მერია

იუსტიციის სახლში რიგები ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება – მერია

იუსტიციის სახლში მომხმარებელთა ნაკადის მკვეთრი ზრდისა და დაწესებულების მუშაობის შეფერხების მიზეზი ტაქსების რეგისტრაციის პროცესი არ არის. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

დედაქალაქის მთავრობის ცნობით, რიგები და ჭარბი მიმართვიანობა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაციას უკავშირდება, რომლის ვადაც დღეს იწურებოდა. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული 30 ოქტომბრამდე გადაავადა.

განვმარტავთ, რომ იუსტიციის სახლში დღის განმავლობაში დაფიქსირებული ტაქსის რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა თითქმის იდენტურია წინა დღეებში დაფიქსირებული რიცხვისა და მოთხოვნა არსებითად არ გაზრდილა”, – აღნიშნავს მერია.

ტაქსების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც 1 აგვისტოს დაიწყო, 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ეს არ ნიშნავს, რომ მსურველებს ნებართვების აღება მომდევნო პერიოდში არ შეეძლებათ, თუმცა მის მოპოვებამდე ტაქსებს მომსახურების გაწევა აეკრძალებათ და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება. მერიის ცნობით, ამჟამად 9500-ზე მეტი ნებართვაა გაცემული.

“რეგისტრაცია ასევე შესაძლებელი იქნება ხვალ, 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრში, შარტავას ქ. N7, თბილისის მერიის შენობაში, პირველ სართულზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში ჭარბი რიგები 28 სექტემბრის დილიდან შეინიშნება, რამაც მათი მუშაობა შეაფერხა. მიზეზად უწყებაში  ასახელებდნენ, როგორც ტაქსების,  ისე იმ იურიდიული პირების რეგისტრაციას, რომლებიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს აწარმოებენ. შექმნილი სირთულეებიდან გამომდინარე, თბილისის იუსტიციის სახლი მომხმარებლებს 22:00-მდე მოემსახურება.

რიგების გამო იუსტიციის სახლი დღეს, 22:00 საათამდე იმუშავებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან