ახალი ამბები

ხადურის თქმით, “ომეგას” დავაზე ლონდონში ჩასვლისა და ადვოკატის აყვანის საშუალება არ აქვს

28 სექტემბერი, 2018 • 1716
ხადურის თქმით, “ომეგას” დავაზე ლონდონში ჩასვლისა და ადვოკატის აყვანის საშუალება არ აქვს

ყოფილი ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ  “ომეგას საქმეზე” კითხვებს არ გაურბის, თუმცა თავისი რესურსებით ლონდონში ჩასვლისა და იქ ადვოკატის ან თარჯიმნის დაქირავების საშუალება არ აქვს.

ხადური კიდევ ერთხელ გამოეხმაურა “ომეგას საქმეზე” გავრცელებულ ჩანაწერებს, რომელშიც ტელეომპანია რ2-ისა და იბერიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ომეგას დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. ჩანაწერებში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, სავარაუდოდ, ყიფიანი მოქმედი და ყოფილი ფინანასთა მინისტრებისთვის ავტომობილებს ითხოვს.

“ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელ თემებზე საუბრობდნენ იმიტომ, რომ ნოდარ ხადურს არავისთვის არასდროს არაფერი უთხოვია, არავისთვის მიუცია რწმუნება, რომ მისი სახელით ესაუბრა ბიზნეს-სუბიექტებთან, და ნოდარ ხადურს ეგრე არ უცხოვრია და არც უმუშავია.

ნოდარ ხადურის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ფინანსთა მინისტრად მუშაობის დროს იყო ის, რომ საგადასახდო და საბაჟო სამსახურები, ისევე როგორც საგამოძიებო სამსახური, გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისაგან. ეს არის ნოდარ ხადურის გაკეთებული საქმე. არცერთ კითხვაზე პასუხს არ გავურბივარ, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე ჩემი რესურსებით შემიძლია ჩავიდე ლონდონში, ვიქირაო თარჯიმანი და ადვოკატი, ძალიან ცდება”, – განაცხადა ხადურმა.

2017 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნოდარ ხადური, 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ფლობდა 36 000 აშშ დოლარამდე თანხას, ასევე, სახელფასო ბარათზე ერიცხებოდა 5 ათას ლარზე მეტი. ხადურს 2016 წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული აქვს 105 800 ლარი, აქედან 5 900 ლარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ერთ თვეში აღებული ანაზღაურებაა.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული ჯერ არ არის, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ფინანსთა მინისტრისთვის ითხოვს  სამ ავტომობილს –  მინი კუპერს, X4-სა და X5-ს. ჩანაწერში ნახსენებია ფინანსთა ორი ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და ნოდარ ხადური. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი  ავტომობილებს ითხოვს დიმიტრი ქუმსიშვილისთვისა და ნოდარ ხადურისთვის. აღნიშნულთან კავშირს უარყოფს დიმიტრი ქუმსიშვილიც.

სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია “იბერიის” საქმეზე მის მიმართ არსებულ ბრალდებებს ბოდვებს უწოდებს.

ომეგა ჯგუფი ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას ლონდონში აპირებს, თუმცა უცნობია, რომელ სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი