ახალი ამბები

ყველაფერი ტყუილია – ლევან ყიფიანი

17 სექტემბერი, 2018 • 2766
ყველაფერი ტყუილია – ლევან ყიფიანი

სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია “იბერიის” საქმეზე მის მიმართ არსებულ ბრალდებებს ბოდვებს უწოდებს.

ფარული აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ყიფიანმა პირველი კომენტარი მედიასთან დღეს, მთავარ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“ძალიან დიდი აჟიოტაჟი არის შექმნილი. ინტერესი დიდია, გამოძიება დაწყებულია. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ვითანამშრომლებთ მომავალში. ყველაფერს დაადგენს გამოძიება. ის, რაც ხდება, არის აბსოლუტური ბოდვა და ვემიჯნები. ეს ვიღაცის პოლიტიკური, ფინანსური ინტერესებია, რაშიც მე მონაწილეობას ვერ მივიღებ და ამას ვემიჯნები. მსგავსი არაფერი ყოფილა, ყველაფერი არის გამოგონილი. ტყუილია”, – განაცხადა ყიფიანმა.

რაც შეეხება იმას, ავთენტურია თუ არა მედიით გამოქვეყნებული ჩანაწერი, ლევან ყიფიანის თქმით, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

ყიფიანმა ასევე მიმართა ტელეკომპანია “იბერიის” თანამშრომლებს.

“მე ვიყავი ამ ორგანიზაციის თანამშორმელი [ომეგა] სამი წელი. შეიძლება, რომელიმე ჟურნალისტი იგივენაირად გახდეს მსხვერპლი”, – დასძინა ყიფიანმა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანის გამოკითხვა პროკურატურაში ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც, სავარაუდოდ, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ. გასაჯაროებულ საუბარში, სავარაუდოდ, ყიფიანი ამბობს, რომ “იბერია” “რუსთავი 2″-ზე უარესია. ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა “პრობლემებში ტელევიზიის გაცვლაზე”. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, მათი ფინანსური პრობლემები იმ შემთხვებაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

ლევან ყიფიანმა გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი