4 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მესამე მოსმენით 78 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკად 6 წელია განსაზღვრული.
კანონპროექტის განამრტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღების მიზანია ერთ კლასში მოსწავლეთა ასაკობრივი სხვაობის აღმოფხვრა და ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე ბავშვების უკეთესი მზაობის უზრუნველყოფა:
“ფსიქოფიზიკური განვითარების ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარე 5 წლის ასაკში ბავშვების მზაობა უკიდურესად დაბალია ორგანიზებულ სივრცეში საგანმანათლებლო ამოცანების გადასაჭრელად, რის გამოც 5 წლის მოსწავლეების უმრავლესობა განიცდის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სტრესს. ასევე, რიგ შემთხვევაში ერთ კლასში მოსწავლეთა საკობრივი სხვაობა აღწევს 2 წელს, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მოსწავლეებს. შესაბამისად, მზიანშეწონილია ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკად განისაზღვროს 6 წელი,”- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ამასთან, კანონპროექტი გარდამავალი პერიოდისათვის ითვალისწინებს დათქმას იმის შესახებ, რომ 2014-2015 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვს აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი, ან რომლებიც 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში:
“აღნიშნული ჩანაწერი ემსახურება იმ პირთა ინტერესების დაცვას, რომლებმაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შვილის შეყვანის მიზნით გაატარეს რიგი ღონისძიებები, რის შედეგადაც მათი შვილები მზად არიან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დასაწყებად. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მდგომარეობით, კერძო სკოლებში ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში სწავლობს დაახლოებით 185 მოსწავლე, შესაბამისად, აუცილებელია მათი და მათი მშობლების ინტერესების დასაცავად გარდამავალი პერიოდისთვის განისაზღვროს საგამონაკლისო ნორმა.”








