ახალი ამბები

დეპუტატის პასუხისგებაში მიცემისთვის პროკურატურას პარლამენტის თანხმობა აღარ დასჭირდება

4 აპრილი, 2014 •
დეპუტატის პასუხისგებაში მიცემისთვის პროკურატურას პარლამენტის თანხმობა აღარ დასჭირდება

ცვლილებების მიხედვით,  პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისათვის პროკურატურას საკანონმდებლო ორგანოს თანხმობა აღარ სჭირდება. „ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრას არ ესწრებოდა. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 14 მარტს საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართა პარლამენტის წევრის, როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. ახალიას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. ბრალდების მიხედვით, როლანდ ახალაიამ, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ 2009 წელს უკანონოდ მოითხოვა 150 000 ლარის ჩარიცხვა მოქალაქისგან და იგივე ქმედება 2009 წელს მეორედაც განახორციელა, ამჯერად ბრალდებულების ოჯახის წევრებს უკანონოდ მოსთხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარის ანგარიშზე ჩარიცხვა. 

 

17 მარტს უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი პროკურატურას თანხმობას ვერ მისცემდა:

 

“პარლამენტის წევრ როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე პარლამენტის თანხმობის საკითხის სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ:

 

ა) საქართველოს პარლამენტს არ გააჩნია როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება (კონსტიტუციის 52-ე მუხლი) და სამართლებრივი პროცედურები (პარლამენტის რეგლამენტი, კანონი პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ); 

 

ბ) საქართველოს მთავარ პროკურორს არ გააჩნია პარლამენტის წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესაძლებლობა პარლამენტის თანხმობის გარეშე (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლები);

 

შექმნილ ვითარებაში გადავწყვიტე, მივმართო პარლამენტის ბიუროს, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს კანონპროექტის ინიცირება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წელს შეტანილი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ცვლილების დაჩქარებული წესით გასაუქმებლად, რაც საქართველოს მთავარ პროკურორს საშუალებას მისცემს, ხელოვნური და არაკონსტიტუციური სამართლებრივი დაბრკოლებების გარეშე, განახორციელოს თავისი უფლებამოსილება,” – განაცხადა 17 მარტს უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი