დარწმუნებული ვარ, რომ სოხუმი იქნება საქართველოს დედაქალაქი, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ეს განცხადება ვაშაძემ გმირთა მოედანზე გააკეთა, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
“ამ კედელზე გამოცხადებული გვარები არის გვარები გმირებისა, რომელზეც საქართველოს ერთიანობის იდეა დგას. მე ერთი რამის მჯერა – მათი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის. ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ საქართველოს და დარწმუნებული ვარ, რომ სოხუმი იქნება საქართველოს დედაქალაქი. ამას აუცილებლად შევძლებთ. მთავარია, ვიყოთ ერთად. ძალა ერთობაშია”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.