ახალი ამბები

სოხუმის დაცემა და აფხაზეთის ოკუპაცია ჩვენი ერის უდიდესი ტკივილია – მოსაყდრე შიო

27 სექტემბერი, 2018 • 2377
სოხუმის დაცემა და აფხაზეთის ოკუპაცია ჩვენი ერის უდიდესი ტკივილია – მოსაყდრე შიო

“ჩვენი ერის უდიდესი ტკივილი და ჯვარი არის სოხუმის დაცემა და აფხაზეთის ოკუპაცია”, – ეს განცხადება მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაყდრე შიომ გააკეთა სოხუმის დაცემიდან 25-ე წლისთავთან დაკავშირებით.

“დღეს სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავია. ყველა ადამიანს და ერს გააჩნია თავისი ჯვარი. ჩვენი ერის უდიდესი ტკივილი და ჯვარი არის სოხუმის დაცემა და აფხაზეთის ოკუპაცია, რასაც ჩვენი ერი, რა თქმა უნდა, ვერასდროს შეუერთდება. დღეს ილორის წმინდა გიორგის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათზე აღვმართეთ და ვევედრებით უფალს, რომ როგორც იესო ქრისტეს ჯვარცმა დასრულდა ამაღლებით, ასევე ეს 25-წლიანი ურთულესი პერიოდი და ტკივილი დასრულდეს ჩვენი ერის ამაღლებით, ქართველებისა და აფხაზებს შორის სიყვარულის გაძლიერებით, გამტკიცებით და ჩვენი ერის გამთლიანებით”, – განაცხადა მოსაყდრე შიომ.

დღეს, 27 სექტემბერს, თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღმართეს.

ჯვარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აკურთხა.

ტაძარი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და ხელშეწყობით შენდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი