ახალი ამბებირეკლამა

თიბისი „საბას“ საკონსულტაციო საბჭოს ქმნის

26 სექტემბერი, 2018 • 1440
თიბისი „საბას“ საკონსულტაციო საბჭოს ქმნის

„საბას“ მე-16 საზეიმო დაჯილდოების ფრანკფურტში გამართვამდე, თიბისი საკონსულტაციო საბჭოს ქმნის. საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ლიტერატურული სფეროს განვითარებას და განსაზღვროს „საბას“ პოლიტიკა ლიტერატურის განხრით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა ინსტიტუცია, რომელიც დაკავშირებულია ლიტერატურასთან:

[checklist]

  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  • ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმი
  • ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი[/checklist]

საკონსულტაციო საბჭოს წევრები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც წვლილს შეიტანს საქართველოში ლიტერატურული პროცესების განვითარებაში, წერაკითხვის კულტურის გაძლიერებასა და მხარდაჭერაში.  ასევე, საბჭო უზრუნველყოფსსაბასდა სხვა დაინტერებული პირების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. საბჭოს „საბას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე უხელმძღვანელებს.

საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ მემორანდუმს, თიბისი ბანკის სათაო ოფისში ხელი 25 სექტემბერს, 17:00-ზე მოეწერება.  

ლიტერატურული პრემია „საბა“  თიბისიმ 2003 წელს დაარსა. მას შემდეგ ყოველწლიურად „საბა“ აფასებს გასული წლის ლიტერატურულ პროცესებს. იგი იქცა ლიტერატურული პროცესების მთავარ განმსაზღვრელ პრემიად, მან მისცა სტიმული უამრავ შემოქმედს, დააფასა არა ერთი მწერლის ღვაწლი და გახდა სასურველი ჯილდო მრავალი ადამიანისთვის. „საბა“ ხელს უწყობს კითხვის კულტურის ამაღლებას და მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციას. ლიტერატურული წრეების გარდა, მკითხველიც ყოველ წელს  ელოდება „საბას“ დაჯილდოებას და გამარჯვებული წიგნები თუ ავტორები მაშინვე იქცევიან ბესტსელერებად. 15 წლის მანძილზე „საბამ“ 140 პრემია გასცა, 111 სხვადასხვა ავტორზე.

2018 წელი პრემია „საბას“ ისტორიაში განსაკუთრებული იქნება – წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარდგენილი.

ცერემონია 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქ. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში Kaisersaal ჩატარდება, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქართული წიგნის გატანის კარგი შესაძლებლობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი