ახალი ამბები

პალიტრამედია: ჩვენს სტამბაში პროკურატურა შევიდა

25 სექტემბერი, 2018 • 2709
პალიტრამედია: ჩვენს სტამბაში პროკურატურა შევიდა

გუშინ, 24 სექტემბერს, პალიტრამედიის სტამბაში (შპს “კოლორპაკი”) მთავარი პროკურატურის გამომძიებლები შევიდნენ. პალიტრამედიის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინებით, გამომძიებლებმა 2014 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია (დედანი) მოითხოვეს.

პალიტრამედიის განცხადებით, მათთვის უცნობია გამოძიების (საქმე N 074210818803) მოტივი და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ:

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის გაუგებარია, რას ემსახურება და რა აუცილებლობით არის განპირობებული კომპანიიდან დოკუმენტაციის ძირფესვიანად ამოღება; მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უფლება, ზ.ა. განჩინება გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში, გადავწყვიტეთ გასაჩივრების და გართულების გარეშე გადავცეთ პროკურატურას მოთხოვნილი მონაცემები, ვინაიდან, როგორც წლების წინ, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2011 წელს, პალიტრამედიას ტოტალური შემოწმებისას ვიყავით დარწმუნებული ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობაში (რაც მაშინ შემოწმების შედეგებმაც დაადასტურა), ახლაც ზუსტად ისევე ვართ საკუთარი ქმედებების კანონიერებასა და გამჭვირვალობაში დარწმუნებული.

ამავე დროს, გვსურს განვაცხადოთ, რომ ყველა დოკუმენტის დედანი გადაეცემა პროკურატურას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ მიერ უახლოეს დღეებში გაკეთდება მათი ასლები და მოხდება თითოეულის ნოტარიული დამოწმება.

პალიტრამედია ყურადღებით დააკვირდება ამ პროცესს და მაქსიმალურად სრულად და გამჭვირვალედ ვაცნობებთ საზოგადოებას საქმის განვითარების ყოველი ახალი დეტალის შესახებ.”

  • სტამბაში შესვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც – საგამოძიებო უწყება სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვას იძიებს.

სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ვიძიებთ – პროკურატურა პალიტრამედიის სტამბაში შესვლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი