ნეტგაზეთი | ცხელი სექტემბერი სომხეთში: სომხეთის სპეცსამსახურების საქმე და არჩევნები ცხელი სექტემბერი სომხეთში: სომხეთის სპეცსამსახურების საქმე და არჩევნები – Netgazeti
Batumelebi | RU

ცხელი სექტემბერი სომხეთში: სომხეთის სპეცსამსახურების საქმე და არჩევნები

სომხეთში “ხავერდოვანი” რევოლუციიდან რამდენიმე თვე გავიდა, თუმცა, დღევანდელი პოლიტიკური მოვლენები მნიშვნელობით რევოლუციის დღეებს არ ჩამოუვარდება.

სექტემბერი სომხურ-რუსული ურთიერთობების აქტიური განხილვით დაიწყო. ამის მიზეზი 8 სექტემბერს ფაშინიანისა და პუტინის შეხვედრა იყო, თუმცა, მთლიანობაში, ხელისუფლების შეცვლის მომენტიდან, სომხურ-რუსული ურთიერთობების თემა პერიოდულად აქტიურდება ხოლმე სომხეთში ძველი ხელისუფლების მხარდამჭერთა მხრიდან ბრალდებების კონტექსტში, რომ ახალი ხელისუფლება, რომლის შემადგენლობაშიც თითქოს “სოროსის ხელდასმულები” არიან, სომხურ-რუსულ მჭიდრო ურთიერთობებს საფრთხის წინაშე აყენებენ.

ამჯერად, ყოფილი ხელისუფლების წევრთა ბრალდებების გარდა, მოსკოვთან პრობლემების უფრო სერიოზული მიზეზებიც არსებობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ფაშინიანი-პუტინის შეხვედრამდე განაცხადა, რომ სომხეთში სიტუაცია “დუღს”. 31 აგვისტოს კი, პუტინმა კი სომხეთის ყოფილი პრეზიდენტს, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ რობერტ ქოჩარიანს დაბადების დღე მიულოცა.

ფაშინიანის თავზე, მაშინ თითქოს ღრუბლები ჩამოწვა, მაგრამ მოსკოვში შეხვედრის შემდეგ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ღრუბლები იფანტება. თავად ფაშინიანმა შეხვედრაზე და შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სომხურ-რუსული ურთიერთობები უბრალოდ ბრწყინვალეა. მართალია, პუტინი და მოსკოვის სხვა ოფიციალური პირები მსგავსი განცხადებებით არ გამოსულან, მაგრამ მთლად საწინააღმდეგოს მტკიცებაც არ დაუწყიათ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე ძირითადი საკამათო საკითხები ერევანსა და მოსკოვს შორის გარკვეულია.

თუმცა, ახალი ხელისუფლების მხარდამჭერებმა კრემლთან საკითხების მოგვარებით გახარება ვერც მოასწრეს, როგორც კი უშიშიროების სამსახურებთან დაკავშირებულმა სკანდალმა იჩინა თავი.

11 სექტემბერს იუთუბის არხზე სატელეფონო საუბრის, უფრო სწორედ რამდენიმე საუბრის მონტაჟი გავრცელდა. საუბარი სომხეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის [ორგანო, რომელიც თანამდებობის პირთა დანაშაულებებს იძიებს] ხელმძღვანელებს არტურ ვანეციანსა და სასუნ ხაჩატრიანს შორის იმართებოდა.

ჩანაწერში ორი მაღალჩინოსანი 2008 წლის პირველი მარტის გახმაურებულ საქმეებს განიხილავდა. კერძოდ ყოფილი პრეზიდენტის ქოჩარიანისა და იური ხაჩატუროვის, 2008 წელს ერევანის გარნიზონის უფროსის, დღეს კი ОДКБ-ს გენერალური დირექტორის საქმეებს.

ჩანაწერში ხაჩატრიანი ჰყვება ქოჩარიანის დაკითხვის შესახებ და იმაზე, რომ აპირებს ის დააკავოს. ასევე ხაჩატუროვის საქმეს განიხილავს. ვანეციანი კი არწმუნებს კოლეგას, უარი თქვას ხაჩატუროვის დაპატმრებაზე, რადგან ამან შეიძლება რუსეთთან ურთიერთობები გააფუჭოს და ურჩევს, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრთან განიხილოს.

მთლიანობაში, იმის მიუხედავად, რომ საუბარი ნაკლებსასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, მასში ნაკლებადაა ისეთი მომენტები, რაც “მართლმსაჯულებაზე ზეწოლის” განსაზღვრებაში ჯდება. თუმცა, ისიც გასაგებია, რომ ასეთი მნიშვნელობის საქმეები ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მიერ არ უნდა იხილებოდეს.

გამონაკლისს წარმოდგენს ჩანაწერის ერთი ეპიზოდი, სადაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი ჰყვება იმ მოსამართლის სატელფონო ზარზე, რომელიც ქოჩარიანის საქმეს პირველ ინსტანციაში იხილავდა. ვანეციანი ამბობს, რომ მოსამართლე შეშინებული იყო და თავად დაურეკა მას, მან კი უპასუხა: “გინდა თუ არ გინდა, დაპატიმრებაზე სანქცია უნდა გასცე”.

მართალია, ახალი ხელისუფლების დამცველები აპელირებენ იმაზე, რომ სწორედ მოსამართლემ დაურეკა ვანეციანს და არა პირიქით. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ვანენციანისთვის რთული დასამტკიცებელი იქნება, რომ მის სიტყვებში მოსამართლეზე ზეწოლის ელემენტები არ ყოფილა. ამასთან, თავად ფაქტი, რომ ვანეციანი და ხაჩატრიანი განიხილავდნენ ესოდენ მნიშვნელოვან და დელიკატურ საკითხებს ტელეფონზე, მათ პროფესიონალიზმზე ეჭვებს აჩენს.

ვის ინტერესებში იყო ჩანაწერების გავრცელება?

ჩანაწერთან დაკავშირებული შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტი, თავად მისი გავრცელების ფაქტია – ის გარემოება, რომ ვიღაც უსმენდა არა მხოლოდ უბრალო ჩინოვნიკებს, არამედ ორი უმნიშვნელოვანესი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელს.

როგორც სოციალურ ქსელებში ხუმრობდნენ, “ეს ვანეციანმა უნდა უსმინოს სხვებს და არა პირიქით”, რადგან თუ არსებობენ სხვა ძალებიც, რომლებსაც შეუძლიათ ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსს მოუსმინონ, არც სომხეთის ნებისმიერი მოქალაქე იქნება ამისგან დაზღვეული”.

როგორ და რა გარემოებებში გაკეთდა ჩანაწერი, ბუნებრივია, არ არის ცნობილი. აშკარაა, რომ მისი გამოქვეყნება “ყოფილი ხელისუფლების” წარმომადგენლებს “აწყობდა”. საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ჩანაწერის გავცელების ინტერესი სწორედ რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ სარგსიანის ახლო წრეებს დაუკავშირა.

სოციალურ ქსელებში მაშინვე ბევრი მემიც გაჩნდა ამ თემაზე, ერთი მათგანი ევრონიუსის რეპორტაჟშიც გამოიყენეს, სავარაუდოდ, ოფიციალურ ჩანაწერად მიიჩნიეს.

მეორე გავრცელებული ვერსია ისაა, რომ ჩანაწერის გავრცელება რუსული სპეცსამსახურების საქმეა. ვიდეოს, რომელიც იუთუბის არხზე გამოქვეყნდა, თან ახლავს ინგლისურ ენაზე სუბტიტრები, მაგრამ სომხური გვარების დაწერის ორთოგრაფია რუსულენოვანი მთარგმნელის ხელწერას ჰგავს. მაგალითად, გვარი Sahakyan წერია როგორც Saakyan, “h”-ს გარეშე, რომელიც გამოიყენება სომხურში და ინგლისურში. შესაძლებელია შეცდომები სპეციალურადაც ყოფილიყო დაშვებული, რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობაზე ილუზიის შესაქმნელად.

ასევე, იყო ვერსია რომ ჩანაწერებთან კავშირი აქვს სატელეფონო კომპანია МТС-არმენიას, რომელიც რუსული  МТС-ს შვილობილი კომპანიაა, და რომელიც თავის მხრივ, რუსულ კონცერნ სისტემაში შედის, დირექტორების საბჭოს წევრი კი რობერტ ქოჩარიანია.

ვინც არ უნდა იდგეს მოსმენის უკან, აშკარაა რომ მისი მთავარი ფიგურა ახალი ხელისუფლების მოწინააღმდეგეა, ასეთ ფიგურებს შორის თვალსაჩინო მაგალითები არიან ქოჩარიანი, სერჟ სარგსიანი და რესპუბლიკური პარტია, რომლებმაც ხელიდან არ გაუშვეს შექმნილი ვითარება და ფაშინიანის კაბინეტს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს.  ამ მოვლენების შემდეგ ქოჩარიანმა ორი ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ჩანაწერი მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეს მიუთითებს. ის ასევე დაიმუქრა, რომ მალე “პოლიტიკური დევნების” ავტორები მასზე პასუხს აგებენ, ფაშინიანი კი ინანებს, რომ მათთან დაიჭირა საქმე.

ქოჩარიანმა ფაშინიანს “ახალი დიქტატორი” უწოდა  [სოციალურ ქსელებში დაისვა რიტორიკული კითხვა, ვინ იყო ძველი დიქტატორი]. რესპუბლიკური ფრაქციის დეპუტატებმა, რომლებიც ჯერ კიდევ ბევრნი არიან პარლამენტში, ფაშიანიანის კრიტიკით გამოვიდნენ, – ისინი მას მართლმსაჯულებაზე ზეწოლასა და სომხეთში დიქტატურის დამყარებაში ადანაშაულებენ. 

აგორებულ სკანდალს სხვა აშკარა ბენეფიციარებიც  ჰყავს – პარტიები, რომლებიც აღნიშნულ მომენტში ფორმალურად არიან ფაშიანიანის მოკავშირეები მინისტრთა კაბინეტში, რეალურად კი მის კონკურენტებად ყალიბდებიან. მათ შორის არიან პოლიტიკური პარტიები:  გაგიკ წარუკიანის “აღორიძნებული სომხეთი” , პარტია “დაშნაკციუტუნი” და ფაშინიანის  მოკავშრეებიც კი “ელკიდან”, “განათლებული სომხეთიდან” და “რესპუბლიკადან”

ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ჩანაწერის სკანდალი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენის – ერევნის თვითმმართველობის არჩევნების წინ მოხდა. სავარაუდოდ, ჩანაწერი არჩევნების წინ სწორედ შიდაპოლიტიური ბრძოლის გამწვავებას უკავშირდებოდა.

ერევნის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერევანში ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს, არამედ იმიტომაც რომ ეს არჩევნები ფაქტიურად საპარლამენტო არჩევნების რეპეტიციაა, რომელიც ფაშინიანის დაპირებით, შემდეგი წლის გაზაფხულამდე უნდა ჩატარდეს.

ამიტომაც ფაშიანინის პოლიტიკურ მოწინააღმდეგებს მის პოზიციებზე დარტყმით იმის ჩვენება უნდოდათ, რომ ახალი ხელისუფლება თითქოს მოსამართლეების საქმეებში ერევა და ასევე, იმენად სუსტია და არაპროფესიონალი, რომ ძალოვანი  სტრუქტურების ხელმძღვანელებიც კი მოსმენის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდნენ.

ფაშინიანის საპასუხო დარტყმა

როგორც ცნობილია, სისტემას წარმოაჩენს არა შეცდომა, არამედ მასზე რეაქცია. ამ კუთხით, ფაშინიანის კაბინეტის რეაქცია ჩანაწერის გავრცელებაზე ბევრზე მეტყველებს. ჩანაწერის გამოქვეყნების მომენტიდან რამდენიმე საათში ფაშიანიანი განცხადებით გამოვიდა, ჩვეული ფორმით, ფეისბუკის ლაივით. კიდევ რამდენიმე საათში ფაშიანიანის განკარგულებით, პრესკონფერენციით გამოვიდნენ თავად ვანეციანი და ხაჩატრიანი, ამავე დღის საღამოს კი ფაშანიანი წინაასარჩევნო მიტინზე ერევნის ერთ-ერთ რაიონში გამოვიდა. შესაბამისად, ფაშანიანმა არ მისცა მოწინააღმდეგეებს სკანდალით ესარგებლათ და საკუთარი ნარატივი ჩამოაყალიბა, რომელიც საპირწონე იყო პოზიციისა “ მართლმსაჯულებაზე ზეწოლისა” და “ახალი დიქტატურის” შესახებ.

ამასთან, ფაშინიანს არათუ არ დაუწყია ჩანაწერის ავთენტურობის უარყოფა, განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი ამტკიცებს იმას, რომ დაპირების შესაბამისად, ის არ აპირებს ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობაში ჩარევას.

ამასთან, ფაშიანიანმა ძირითადი ყურადღება თავად მოსმენის ფაქტზე გაამახვილა და განაცხადა, რომ სომხეთში ფაქტიურად  “უსაფრთხოების პარალელური სამსახურები” არსებობს, რომლებიც ძველი რეჟიმის წარმომადგენლებსა და ოლიგარქებს ექვემდებარებიან. ამით, იმის თქმა უნდოდა, რომ სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი საუბრის გაჟონვაზე. მან, ასევე, თქვა რომ მსგავსი უკანონო სტრუქტურებისთვის სომხეთში ადგილი არ იქნება.

ჩანაწერის გავრცელებათან დაკავშირებით, სომხეთში ორი სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა: ერთი თავად მოსმენის ფაქტზე და მეორე სამსახურეობრივი მოვალეობების შესაძლო ბოროტად გამოყენებაზე, – თუმცა, საუბარია იმაზე, ვინც უსმენდა და არა მათზე, ვისაც უსმენდნენ.

სომხეთში პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა: პირველად სომხეთის ისტორიაში, უფრო სწორედ მთელ პოსტაბჭოთა სივრცეში, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი უფროსი და ასევე, ერთ-ერთი ძირითადი საგამოძიებო სამსახურის უფროსი ფაქტიურად თავად გახდნენ სისხლის სამართლის საქმის  ფიგურანტები.

ამავე დროს, ორივე უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არ აპირებენ თანამდებობის დატოვებას და ყოფილი ხელისუფლების წევრებზე და მათთან დაკავშირებული წრეების წარმომადგენლებზე, მათ შორის რობერტ ქოჩარიანზე, 2008 წლის 1 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით ახალ საქმეებს გამოაქვეყნებენ, რაც მათ ბრალეულობას დაამტკიცებს.

ამავე დროს, მოსმენების შესახებ პირველი სისხილის სამართლის საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა. საქმეზე ჩხრეკა ჩაატარეს yerevan.today-ს საიტის რედაქციაშიც, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩანაწერი გამოაქვეყნა. 

ჩხრეკა ჩატარდა ასევე ე.წ. ინივიატივა “ქრისტიანული ღირებებულებებისა და ტრადიციული ოჯახის დაცვის” ოფისში, რომლის წევრებიც ცნობილი არიან არასამთავრობოებისა და ლიბერალური ღირებებულების გავლენის წინააღმდეგ კამპანიებში მონაწილეობით.

საგულისხმოა, რომ სისხლის სამრთლის საქმეების ნაკადი და მხილება ერევნის მოახლობული არჩევნებამდე მოხდა. წინასარჩევნო ბრძოლა უფრო და უფრო ხისტი ხდება. თუმცა, არც ქოჩარიანი და არც რესპუბლიკური პარტია არ მონაწილეობენ არჩევნებში, როგორც ჩანს, მათ რეალურად შეაფასეს საკუთარი მხარდაჭერის დონე და გააცნობიერეს, რომ შანსები არა მხოლოდ გამარჯვებაზე, მეტნაკლებად კარგ შედეგზეც არ გააჩნიათ.

თუმცა, არჩევნებში პრო-ფაშიანიანს ბლოკის “ჩემი ნაბიჯის” გარდა, არსებული მინისტრთა კაბინეტის წევრთა მოკავშირეების კიდევ 11 პარტია და ბლოკი მონაწილეობს – წარუკიანის “აყვავებული სომხეთი”, ბლოკი “სინათლე” და პარტია დაშნაკციუტუნი. რესპუბლიკური პარტიისთვის და ქოჩარიანისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია, მათ შორის რომელი მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რომ უშუალოდ ფაშიანიანი “ჩემმა ნაბიჯმა” რაც შეიძლება, ნაკლები ხმა მიიღოს.

თავის მხრივ, ფაშიანიანის ბლოკისთვის მნიშვნელოვანია არჩევნებში არა მხოლოდ გამარჯვებაა, არამედ გამარჯვება გადამწყვეტი უპირატესობით. ასეთი გამარჯვება საჭიროა იმის საჩვენებლად, რომ მისი პარტია მოსახლეობის დიდი ნაწილის ნდობით სარგებლობს და არ იჯერებს მისი კონკურენტების ნარატივს, რომ ფაშანიანის ხელისუფლება აგრესიულ უმცირესობას ეყრდნობა.

გარდა ამისა, დამაჯერებელი გამარჯვება ფაშინიანს იმაშიც დაეხმარება, რომ პარლამენტის სწრაფად დათხოვნის საჭიროებას დაასაბუთებს, რამდენადაც არა მხოლოდ “რესპუბლიკელები”, მისი სავარაუდო “მოკავშირეებიც” “აღორძინებული სომხეთიდან” უკვე ეჭვქვეშ აყენებენ ახალი არჩევნების საჭიროებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩანაწერის გავრცელების მიზანი არჩევნებზე ფაშიანიანის მხარდაჭერის შემცირება იყო. თუმცა, რეალურად, ამას საპირისპირო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს და ფაშინიანის მხარდამჭერთა კონსოლიდაცია გამოიწვიოს.

საქმე მხოლოდ იმაშია, რომ ჩანაწერში არის ერთი ეპიზოდი, რომლის ინტერპრეტირებაც შეიძლება როგორც ზეწოლა ძალოვანებზე და სასამართლოზე. თავად ფაშინიანი ამ კონკრეტულ ეპიზოდში არ არის მოხსენიებული. სასამართლოების მრავალრიცხოვანი გადაწყვეტილებები, წინა რეჟიმის ბრალდებულების გათავისუფლება, მათ შორის თავად ქოჩარიანის, იმაზე მეტყველებს, რომ თუკი მაინც არსებობს სასამრთლოზე ზეწოლის ერთეული შემთხვევები, ამას სისტემური ხასიათი არ აქვს.

მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ იქონიებს გავლენას ამომრჩეველთა განწყობებზე ეს ჩანაწერი, იმაშია, რომ სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრიორიტეტი კორუფციასთან ბრძოლაა და ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის პროცედურის საკითხები ნაკლებად მნიშვნელოვანია. პირიქით, ხშირად შეიძლება მოვისმინოთ ძალოვნების მიმართ უკმაყოფილება, რომ ისინი უკიდუერესად რბილი არიან იმ კორუფციონერებთან მინართებაში, რომელთაც აკავებენ და შემდეგ სასამართლოს მეშვეობით ათავისუფლებენენ.

და ბოლოს, ფაქტი ”რევოლუციური” ხელისუფლების წევრთა საუბრის მოსმენის ფაქტი, ალბათ იმი მტკიცებულებაა, რომ “კონტრ-რევოლუცია” არ დანებდება, რაც ახალი ხელისუფლების მხარდამჭერთა მეტ კონსოლიდაციას გამოიწვევს.  ამიტომაც, ვფიქრობ “ინფრომაციის გავრცელების” ავტორების გათვლის საპირისპიროდ მოვლენები არა მხოლოდ ხელს არ შეუშლის, შეიძლება უფრო დაეხმაროს ფაშინიანის მხარდამჭერბს მიიღონ უმრავლესობა ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნებზე.

თუმცა, იმის მიუხდავად, რომ დღეს ამომრჩეველთა უმრავლესობა ჯერ კიდევ მზადაა “აპატიოს” “რევოულუციურ” ხელისუფლებას მისი შეცდომები, ხელისუფლებამ სერიოზული დასკვნები უნდა გამოიტანოს, რათა მსგავსი ეპიზოდები აღარ განმეორდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიკაელ ზოლიანი არის ერევანში მცხოვრები ისტორიკოსი და პოლიტოლოგი.