ახალი ამბები

პრეზიდენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე?

1 აპრილი, 2014 • • 1292
პრეზიდენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე?

“დღეს მოქმედი კონსტიტუციით სახელმწიფოს მეთაურად პრეზიდენტი რჩება, ის არის სახელმწიფოს წარმომადეგნელი საერთაშორისო ურთიერთობებში და უფლებამოსილია ხელი მოაწეროს საერთაშორისო ხელშეკრულებებს”, – აცხადებს იურისტი გიორგი მშვენიერაძე, თუმცა ეს საკითხი საკამათო გახადეს მთავრობის წარმომადგენლებმა, როდესაც განაცხადეს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა უნდა მოაწეროს და არა – პრეზიდენტმა.

 

“ოღონდ ეს ხელშეკრულება შედგეს და ვინ მოაწერს ხელს, ვიქნები ეს მე, თუ  სხვა რომელიმე ლეგიტიმური პოლიტიკოსი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტ ნინო შუბლაძის შეკითხვას გადაცმა “პოზიციაში”, თუ რას ფიქრობს გიორგი მარგველაშვილი ბოლო დღეების განმავლობაში დაწყებული დისკუსიის თაობაზე, რომელიც საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმომწერი უფლებამოსილი თანამდებობის პირის გარკვევას უკავშირდება.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უკვე პარაფირებული ასოცირების შეთანხმებას ხელი არა სახელმწიფოს მეთაურმა, პრეზიდენტმა, არამედ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა მოაწეროს, რასაც არაკონსტიტიცუიურად მიიჩნევს, იურისტი, კონსტიტუციის სპეციალისტი გიორგი მშვენიერაძე:

 

“ჩვენ ვიცით, რომ ასოცირების შეთანხმებაზე მხოლოდ ხელმოწერა არაფერს ნიშნავს, რადგან შემდეგ ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება პარლამენტმა უნდა განახორციელოს. თუკი ჩავხედავთ კონსტიტუციის 48–ე მუხლს, იქ წერია, რომ ქვეყნის საშინაო და საგარეო ძირითად მიმართულებებს პარლამენტი განსაზღვრავს”. გიორგი მშვენიერაძე ასევე მიუთითებს კონსტიტუციის 73–ე მუხლზე, სადაც წერია: “პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს”.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვას, იძლევა თუ არა ამ მუხლის ჩანაწერი: “მთავრობასთან შეთანხმებით” – ინტერპრეტაციების და იმის გააზრების შესაძლებლობას, რომ შეთანხმებას ხელი მთავრობამ მოაწეროს და არა პრეზიდენტმა, იურისტი პასუხობს:

 

“[საერთაშორისო] შეთანხმებების ნაწილში, სჭირდება თუ არა პრეზიდენტს მთავრობასთან კონსულტაცია, პირდაპირ არ წერია, მაგრამ კიდეც რომ სჭირდებოდეს, აქ ხომ შეთანხმების პრობლემა არ დგას? აქ პრობლემაა, ვინ აწერს ხელს უკვე მიღწეულ შეთანხმებაზე, ანუ დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს… ეს კი  პრეზიდენტის უფლებომისლებაა”.

 

“ნეტგაზეთს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ თუ ვინ მოაწერს ხელს ამ ხელშეკრულებას, ეს  საკითხი ჯერ მთავრობასთან არ განხილულა და არც კონსულტაციები გამართულა. მაია ფანჯიკიძე და ალექსი პეტრიაშვილი კი თავიანთ მოსაზრებას იმით ამყარებენ, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე მთავრობა მუშაობდა, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ხელი პრემიერმა მოაწეროს, თუმცა მათ აზრს მშვენიერაძე არც ამ შემთხვევაში იზიარებს:

 

“ბუნებრივია, მთავრობა მუშაობდა, მაგრამ კონსტიტუციურ სამართალში მოქმედებს ხელისუფლების ერთიანობის პრინციპი, ანუ მიუხედავად იმისა, მთავრობა იმუშავებს თუ პრეზიდენტი, შეთანხმებაზე ხელისუფლება წარსდგება ერთიანი სახით. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კი საერთაშორისო ურთიერთობებში პრეზიდენტს აქვს”, – აღნიშნავს იგი.

 

აღნიშნულს წინ უსწრებდა კიდევ ერთი დისკუსია პრეზიდენტისა და პრემიერის უფლებამოსილების გადაკვეთის თაობაზე ამჯერად მოქალაქეობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობის მინიჭების ზოგიერთ ასპექტში პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებს პრემიერის კონტრასიგნაცია, ანუ დამოწმება დასჭირდება. ამ ახალ ნორმას არ ეთანხმება პრეზიდენტი, რომელიც თვლის, რომ მოქალაქეობის თემა მისი კონსტიტუციური დისკრეციაა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას მინისტრთა კაბინეტის არც ერთი წევრი არ დაესწრო, საგარეო ვიზიტებს პრეზიდენტი და პრემიერი, როგორც წესი, არა ერთობლივ, არამედ დამოუკიდებელი ფორმატებით მართავენ, ხოლო პრეზიდენტის ქვემდებარე უშიშროების საბჭოს სხდომების ნაცვლად პრემიერთან არსებული უსაფრთხოების საბჭოს სხდომები იმართება.

 

პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს უკავშირდება, რომელმაც მარგველაშვილთან პირადი კონფლიქტის თაობაზე ინფორმაცია თვითონ გაასაჯაროვა:

 

ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილი
ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილი

 

 

“ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ სინამდვილეში კონფლიქტი არსებობს არა სახელისუფლო შტოებს [პრეზიდენტი და პრემიერი], არამედ “პირველ მოქალაქესა” და პრეზიდენტს შორის. მიზეზი, ერთი მხრივ, არის ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში გვითხრა, უფრო ძირეული მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მას შემდეგ, რაც მარგველაშვილი ხალხმა აირჩია, ივანიშვილის მიერ კონტროლირებად ძალებს მასზე ზემოქმედებისთვის პირდაპირი ბერკეტი აღარ აქვთ”, – ამბობს ნოდია და დასძენს, რომ იკვეთება პრეზიდენტის ინსტიტუტის მარგინალიზების მცდელობა, რაც პრობლემურია:

 

“მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ვინ უნდა მოაწეროს ხელი და ლაპარაკია იმაზე, რომ ეს უნდა გააკეთოს პრემიერმა, მაშინ, როდესაც კონსტიტუციიდან საკმაოდ ნათლად გამომდინარეობს, რომ ეს არის პრეზიდენტის საქმე. შეიძლება დიდი და გადამწყვეტი უფლებამოსილება პრეზიდენტს არ აქვს, მაგრამ ის არის ხელისუფლების შტო და პრაქტიკულად ვხედავთ ტენდენციას, რომ მისი სრული მარგინალიზაცია განხორციელდეს. მარგველაშვილი რეალურად სერიოზულ პოლიტიკურ როლს ქვეყანაში არ თამაშობდა და შეიძლება ეს არც მომავალში გააკეთოს, ამით პოლიტიკური პროცესი არ შეფერხდება. უბრალოდ შევეჩვიეთ, რომ იმას, რაც კონსტიტუციაში წერია, მნიშვნელობა არ აქვს, ეს კი ცუდია”.

 

ზემოხსენებულ პროცესში რაიმე სახის ინსტიტუციური რღვევის საფრთხეებს ვერ ხედავს დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი. მისი თქმით, სხვა ქვეყნის პოლიტიკაშიც ვნახავთ მრავალ მაგალითს, როდესაც  სხვადასხვა სახელისუფლო შტოს განსხვავებული პოზიციები შეიძლება ჰქონდეს:

“მაგალითად, ლიტვაში 2006 წელს სამი ინსტიტუტიცია- დედაქალქის მერი, პრეზიდენტი და პრემიერი იყვნენ ერთმანეთთან ოპოზიციაში, ანუ სხვადასხვა პარტიის წევრები იყვნენ. მე მახსოვს, ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა იქ მაშინ და ვიღაცებმა თქვეს, ბიჭო, ეს რა კარგი მოდელი ყოფილაო, თან პრეზიდენტი ხარ და თან ოპოზიციონერი, ამას რა ჯობიაო. მაგრამ ქვეყნას ეს არ დატყობია, ევროკავშირშიც იყო და ნატოშიც. ასე რომ, წინააღმდეგობები და უთანხმოებები სახელისუფლო გუნდში თავისთავად პრობლემა არ არის. პრობლემა არის, თუ ამას ფუნდამენტური ხასიათი აქვს”, – ამბობს ზურაბიშვილი.

 

ნოდიაც და ზურაბიშვილიც თანხმდებიან, რომ ამ მოვლენებმა ქვეყნაში ზოგადად  დემოკრატიული და სწორი პოლიტიკური პროცესების განვითარებას შეიძლება შეუწყოს ხელი:

“ჩვენ რაღაცნაიარად მივეჩვიეთ იმას, რომ ხელისუფლება ძალიან მონოლითური უნდა იყოს და ერთმანეთისაგან მეტნაკლებად განსხვავებული ხედვები არ უნდა ჭაჭანებდეს. ბუნებრივია, ხელისუფლება უნდა იყოს ერთი გუნდი და ერთიანად უნდა მოქმედებდეს, მაგრამ რაღაც საკითხებში შესაძლებელია წარმოიშვას გასნხვავებული ხედვები ისეთ ინსტიტუტებს შორის, როგორიც არის პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა”.

გია ნოდია კი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილთან დაპირისპირებამ და სხვა ბოლოდროინდელმა პროცესებმა მარგველაშვილს პოლიტიკური კლანჭების გამოჩენისკენაც უბიძგოს:

“ეს მთლიანად არის დამოკიდებული გიორგი მარგველაშვილზე და მის პიროვნებაზე, ჩვენ არ ვიცით მას საერთოდ გააჩნია თუ არა პოლიტიკური ნება, ამიტომ ძალიან ძნელია ამის თქმა. ბუნებრივი და ლოგიკური იქნება, რომ მან ასეთი ნება გამოიჩინოს, რადგან მას შემდეგ, რაც მისი კონფლიქტი ივანიშვილთან გასაჯაროვდა, ალბათ, უკვე მისი თავმოყვარეობის საკითხიც არის, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის თანმიმდევრული დონე გვაჩვენოს, გარდა იმისა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში აგრძელებს მუშაობას და ვანო მაჭავარიანი კვლავაც ჰყავს მრჩევლად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი