აღნიშნული განცხადება მან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
“ძალადობა ნებისმიერი მოქალაქის მიმართ და მით უფრო მაშინ, როცა საქმე ეხება პარლამენტის წევრს, არის სრულიად მოუთმენელი, მიუღებელი, დაუშვებელი. მე მქონდა საუბარი მთავარ პროკურორთან და გუშინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქმე დაიქვემდებაროს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა. ჩვენ ველოდებით, რომ ძალიან მოკლე დროში გვეცოდინება პასუხი, რა მოხდა, რატომ მოხდა და ვის მიერ მოხდა. მე იმედი მაქვს, რომ გამოძიება მალე დასრულდება, ძალიან მალე და კონკრეტული შედეგით და ეს კონკრეტული ფაქტი იქნება რეაგირებული თანაზომადად, ადეკვატურად და ამის შემდეგ შეფასებების გაკეთება უფრო რეალური და შესაძლებელი იქნება,”-აღნიშნა ბესელიამ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ნუგზარ წიკლაურს 31 მარტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ნუგზარ წიკლაურის თქმით, დაახლოებით ღამის 3 საათზე დაბრუნდა სახლში, სახლთან კი მას დახვდა 3 მანქანა, რომელშიც დაახლოებით 7-8 ადამიანი იჯდა. დეპუტატი ამბობს, რომ ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე დაესხნენ ეს პირები მას თავს და დაუწყეს ცემა. წიკლაური დარწმუნებულია, რომ მათი მიზანი იყო, იძულებით ჩაესვათ მანქანაში.