ახალი ამბები

ბიზნესი ეკლესიისთვის 1 ლარად გადაცემულ მიწაზე

1 აპრილი, 2014 • 3763
ბიზნესი ეკლესიისთვის 1 ლარად გადაცემულ მიწაზე

სახელმწიფოს უარი ძვირადღირებულ ქონებაზე და არაფორმალური შეთანხმების გაფორმების პროცესი

„ბატონო ვაჟა!

როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში, რუსთაველის ქუჩა N24-ში უნდა აშენდეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია. გთხოვთ, გვიშუამდგომლოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, რათა ბათუმში, რუსთაველის ქუჩა N24-ში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (703,0 კვ.მ) მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით (საერთო ფართობი: 168,8 კვ.მ) პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სიმბოლურ ფასად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენციისათვის.

პატივისცემით, ბათუმისა და ლაზეთის ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის იმჟამინდელ მინისტრს, ვაჟა ბოლქვაძეს, ეს წერილი მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) 2010 წლის 20 აპრილს გაუგზავნა. ხუთ დღეში მინისტრი აჭარის მთავრობის მაშინდელ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს წერილობით უდასტურებს, რომ სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია ეს ქონება ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაეცეს. მინისტრი თავმჯდომარეს შესაბამისი ბრძანების პროექტსაც უგზავნის.

ლევან ვარშალომიძე ქონების 1 ლარად ეკლესიაზე მიყიდვის ბრძანებას ხელს 3 მაისს აწერს. ერთ კვირაში კი სამინისტროსა და ეკლესიას შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტის, სულხან სალაძის თქმით, „მიტროპოლიტის მიმართვაში წერია – „როგორც მოგეხსენებათ… უნდა აშენდეს“ – ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებისგან გარკვეული თანხმობა უკვე არსებობდა და დარჩენილი იყო იურიდიული პროცედურების დაცვა, ანუ უნდა ყოფილიყო ეს განცხადება და შემდეგ მას მსვლელობა მისცემოდა. ეს, ბუნებრივია, გარკვეულ კითხვებს აჩენს – თუნდაც, რა ტიპის შეთანხმება იყო წინასწარ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და ეკლესიას შორის? შემდგომი ყველა ეტაპი, ქონების გადაცემის კუთხით, არის ამ არაფორმალური წინასწარი შეთანხმების გაგრძელება, ანუ იურიდიული გაფორმება“.

„ეს ტერიტორია სიტყვიერად ასლან აბაშიძის დროს გადმოეცა ეკლესიას პატრიარქის რეზიდენციის ასაშენებლად. შემდეგ ვითარება ქვეყანაში შეიცვალა და ქონების გადმოცემა მოხდა მოგვიანებით“, – ამბობს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანი თამარ ჩხაიძე.

მიწის ნაკვეთი, რომელიც საპატრიარქოს 1 ლარად გადაეცა, წარმოადგენდა აჭარის ქონებას და შეტანილი იყო საპრივატიზაციო ნუსხაში (სამინისტროს მონაცემებით საბაზრო ღირებულებით – 400 ათასი ლარი). მინისტრმა და მთავრობის თავმჯდომარემ ქონება ეკლესიას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონის მე-7 და მე-8 მუხლების საფუძველზე გადასცეს.

„ამ შემთხვევაში კანონის მე-7 მუხლის ნაწილობრივ (მაგრამ არა არსებით) დარღვევასთან გვაქვს საქმე. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა ქონების განკარგვას პირდაპირი მიყიდვის წესით. თუმცა პირდაპირი მიყიდვის მიზანი ძირითადად მდგომარეობდა იმაში, რომ მყიდველს აღნიშნული ქონება გარკვეული ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ გადასცემოდა“, – ამბობს საიას იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

არანაირი ვალდებულება ან პირობა (თუნდაც პატრიარქის რეზიდენციის აშენების აუცილებლობის, ან, მაგალითად, მესამე პირზე ქონების არგადაცემის) ეკლესიის მიმართ აჭარის მთავრობას არ წაუყენებია.

გიორგი ხიმშიაშვილი: „რაც შეეხება პირობებს, იგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებაში განსაზღვრული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი აქვს საჯარო მოხელის მიერ კანონისმიერი მოთხოვნების უგულებელყოფას. იქიდან გამომდინარე, რომ გადაცემის მიზნის შესახებ არ იკვეთება არც ხელშეკრულებიდან და არც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებიდან, რა თქმა უნდა, აღნიშნული წარმოადგენს დარღვევას“.

სულხან სალაძე: „სახელმწიფომ ქონების სიმბოლურად გასხვისებისას კანონით სარგებელი უნდა ნახოს. ქონების მდებარეობის გათვალისწინებით, მაღალი ალბათობა იყო, რომ პირობიანი აუქციონი ყოფილიყო, ან ვინც მეტს გადაიხდიდა, იმას შეეძინა ეს ტერიტორია. ავტონომიურმა რესპუბლიკამ კი ამ სარგებლის მიღება თავიდანვე გამორიცხა. მოგვიანებით ამ ქონებისგან მიღებული სიკეთე და სარგებელი კი უკვე მეპატრონისთვისაა და არა სახელმწიფოსთვის, რომელსაც უნდა მიეღო წესით ეს სარგებელი“.

ნასყიდობის ხელშეკრულებით ეკლესიას ერთადერთი მოვალეობა ჰქონდა – გადაეხადა 1 ლარი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში. ეს „ვალდებულება“ ეკლესიამ ხელშეკრულების გაფორმების დღესვე (10 მაისს) შეასრულა. სამ დღეში კი სამინისტრომ ეკლესიას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადასცა. იმავე დღეს დიმიტრი შიოლაშვილი საჯარო რეესტრში იხდის 200 ლარს და რუსთაველის 24-ში მდებარე ქონებას ეკლესიის საკუთრებად არეგისტრირებს. საჯარო რეესტრმა შესაბამისი ამონაწერი დიმიტრი შიოლაშვილის მიერ განცხადების წარდგენიდან 46 წუთში გასცა.

ადგილი, რომელიც პატრიარქის რეზიდენციის აშენების საბაბით სახელმწიფომ ეკლესიას ერთ ლარად მიჰყიდა

ადგილი, რომელიც პატრიარქის რეზიდენციის აშენების საბაბით სახელმწიფომ ეკლესიას ერთ ლარად მიჰყიდა

ეკლესია ქონებას ცვლის

ქონების დასაკუთრებიდან 32 დღეში ეკლესიამ, გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე, ეს ქონება საკუთრებაში გადასცა ანგისაში მცხოვრებ რუსლან კაკაბაძეს. ორ დღეში კი უკვე კაკაბაძის საკუთრება ეკლესიამ იპოთეკით დატვირთა.

სულხან სალაძის თქმით: „ამ შემთხვევაში ეკლესიას არ ჰქონდა არანაირი ვალდებულება, თუ შემდგომში რა ბედი ეწეოდა ქონებას. ამიტომ უკვე მისი გადასაწყვეტი იყო – გაასხვისებდა, იპოთეკით დატვირთავდა თუ, ვთქვათ, საცხოვრებელ სახლს ააშენებდა (თუმცა, ამ შემთხვევაშიც უნდა მიიღოს ნებართვა შესაბამისი უწყებიდან)“.

რუსთაველის ქუჩაზე 703 კვ/მეტრი მიწის სანაცვლოდ, რუსლან კაკაბაძემ მართლმადიდებელ ეკლესიას ბათუმში, ანგისის დასახლებაში არსებული საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთი (1853 კვ/მ) და სახლი (645,9 კვ/მ) გადასცა – აქ პატრიარქის რეზიდენციის მოწყობის პირობით (ეს ქონება ეკლესიაზეა დარეგისტრირებული და დღეს იქ რეზიდენციის მოწყობაც დასრულებულია).

„თუ იცოდა ავტონომიის ხელისუფლებამ, რომ აღნიშნული ქონება შემდგომში სხვაზე გასხვისდებოდა (გაიცვლებოდა) და მაინც ეს გააკეთა, მაშინ, ბუნებრივია, იმ ტიპის გარიგება გამოდის, რომელიც უფრო სიღრმისეულად საჭიროებს შესწავლას. თუ შეიძლებოდა რეზიდენცია აშენებულიყო სხვა ადგილზე, მაშინ რატომ არ შესთავაზა სხვა ტერიტორია ან იგივე ფართობი მთავრობამ ეკლესიას? – ვინაიდან ქონება რუსთაველზე მას შეეძლო გაესხვისებინა უფრო ძვირად. ეს კითხვა ბუნებრივია არსებობს“, – ამბობს სულხან სალაძე.

თამარ ჩხაიძის თქმით, ეკლესიის პოზიცია ასეთია: „ვინაიდან არ იყო რეზიდენციის ასაშენებლად საჭირო თანხა, ამიტომ გამოიძებნა გაცილებით მყუდრო ადგილი და კეთილმოწყობილი შენობა პატრიარქის რეზიდენციისთვის, ცენტრისგან მოშორებით, ანგისაში და მოხდა ქონების გაცვლა“.

“ბათუმელების” ინფორმაციით, აღნიშნულ შენობაში სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები რუსლან კაკაბაძემ და კომპანია „ნიუ-აჭარამ“ უფასოდ შეასრულა.

 

პატრიარქის რეზიდენცია ანგისის დასახლებაში

ახალი კომპანია და ეკლესიისადმი ვალდებულება

შპს „ნიუ აჭარა“ აღნიშნული ქონების გაცვლიდან თორმეტ დღეში დაფუძნდა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსლან კაკაბაძეა. მან ეკლესიისგან მიღებული (აუდიტის მიერ 703 ათას ლარად შეფასებული) ქონება ამ კომპანიის საწესდებო კაპიტალში ჩადო.

„ნიუ აჭარას“ დაფუძნების ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ სხვა დამფუძნებლებისთვის, მალხაზ შუბალიძისთვის და მერაბ ტყეშელაშვილისთვის, „ცნობილია ის ფაქტი, რომ რუსლან კაკაბაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც მას შეაქვს შპს „ნიუ აჭარას“ საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით, დატვირთულია იპოთეკით… ასევე რუსლან კაკაბაძეს საპატრიარქოს მიმართ აღებული აქვს ვალდებულება, რომელსაც შემდგომში შეასრულებს „ნიუ აჭარა“.

„ნიუ აჭარა“-ში წილები დამფუძნებლებს შორის ასე გადანაწილდა: მალხაზ შუბალიძე, კომპანიის დირექტორი, წილი – 50% (შენატანი 1 406 000 ლარი), მერაბ ტყეშელაშვილი – 25% (703 000 ლარი) და რუსლან კაკაბაძე – 25% (რუსთაველის 24-ში ეკლესიის მიერ იპოთეკით დატვირთული ქონება).

მალხაზ შუბალიძეს სხვადასხვა კომპანიაში აქვს წილები, მათ შორის შპს „Gუმბატი Dესიგნ“-ში, შპს „ჯეოლითში“; ასევე სხვადასხვა კომპანიაში ფლობს წილებს მერაბ ტყეშელაშვილი, მათ შორისაა „ჟოკეი კლუბი“, „ახალი ქართული ჯგუფი“, “ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია“ (იგი ყოფილი პარლამენტარი და რუსთავის ყოფილი მერია).

„ნიუ აჭარამ“ კომპანია „ემჯიაი“-ს 100%-იანი წილიც შეისყიდა. ამ დეველოპერული კომპანიის, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული, მეწილეები იყვნენ: მანანა შარაშიძე – თბილისში, „მ. შარაშიძის სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი N1 სამშობიარო სახლის) მფლობელი და დიმიტრი ჭუაძე – ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი.

მთავრობა, ეკლესია და ბიზნესი

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რუსთაველის 24-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისა და მისი გასხვისების კატეგორიული წინააღმდეგი იმთავითვე იყო ადგილობრივი სამღვდელოება, ვინაიდან ამ ადგილს ეკლესიის საკუთრებად მოიაზრებდნენ. საქმეში საპატრიარქო ჩაერთო. ქვეყნის ხელისუფლება და საპატრიარქო ამ ადგილზე ტაძრის მშენებლობის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ამიტომ გადაწყდა ქონების გადაცემა პატრიარქის რეზიდენციის ასაშენებლად, ოღონდ იმ პირობით, რომ მიწის ნაკვეთი გადაიცვლებოდა.

საბოლოოდ ეკლესია რუსლან კაკაბაძეს უთანხმდება, რამდენიმე დღეში იქმნება ახალი კომპანია შუბალიძის, ტყეშელაშვილისა და კაკაბაძის მეწილეობით, რუსთაველის 24-ში დაიგეგმა თანამედროვე ტიპის კომპლექსის მშენებლობა, რომლის არქიტექტორიც ვაჟა ორბელიძე ხდება (იგი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გახსნილი არაერთი ობიექტის არქიტექტორია). რუსთაველის 24-ში აშენებული სახლის დიზაინთან ექსპრეზიდენტის კავშირს მშენებლები გამორიცხავენ.

„მე და სააკაშვილი ხშირად ვხვდებოდით ბათუმში, თითქმის ყველა პროექტზე გვქონდა საუბარი, მაგრამ რამე დაჟინებითი მოთხოვნა არასდროს ყოფილა. ბარბარეს ეკლესიასთან რომ სახლია, აი, იმაზე ჰქონდა თავისი მოსაზრება – იქნებ ასე გავაკეთოთო. მაგ სახლთან კი (რუსთაველის 24- ში) – არაფერი. უბრალოდ, მისი სურვილი იყო, რომ რაღაც აღმოსავლური მომენტები გაჩენილიყო. მსჯელობა იყო და არა რაიმე დავალება. ჩვენ უშუალოდ დამკვეთი დაგვიკავშირდა, მაგ სახლის მეპატრონე“, – ამბობს „ბათუმელებთან“ არქიტექტორი ვაჟა ორბელიძე.

ფეშენებელური სახლი

2011 წლის ნოემბერში „ნიუ აჭარა“ რეესტრში საკუთრებაში იფორმებს რუსთაველის 24-ში მდებარე 5008,06 კვ/მ შენობა-ნაგებობას (მათ შორის მშენებარეს). მიწის იპოთეკარები კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოს ბანკი არიან (ქონებაზე ორთავე იპოთეკა შეწყდა 2012 წლის აპრილში).

2013 წლის 29 აპრილს რუსლან კაკაბაძეს „ნიუ აჭარას“ 25%-იანი წილის სანაცვლოდ გადაეცა რუსთაველის 24- ში აშენებული მრავალსართულიანი სახლის პირველ სართულზე 270 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართობი, 480 კვ/მ – ანტრესოლი, ასევე მე-7 სართულზე 147 კვ/მ საცხოვრებელი ფართობი, 193 კვ/მტერასა და ორი ავტოსადგომი (პარტნიორთა გათვლებით, საერთო ღირებულება 1 194 900 აშშ დოლარის ღირებულების ქონება). შესაბამისად, შპს „ნიუ აჭარაში“ წილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მალხაზ შუბალიძე – 66,67, ხოლო მერაბ ტყეშელაშვილი – 33,33 პროცენტი. მფლობელების საკუთრებაში დარჩა 3848,06 კვადრატული მეტრი. ამ ქონების ღირებულება სულ ცოტა 7 696 120 დოლარია.

რუსლან კაკაბაძემ 2012 წლის მარტში შპს „ბულვარის კარიბჭე“ დაარეგისტრირა, რომლის ერთპიროვნული მფლობელიც თვითონაა. რუსთაველის 24-ში აშენებულ სახლსაც „ბულვარის კარიბჭე“ ჰქვია. „ნიუ აჭარას“ ყოფილი და ამჟამინდელი პარტნიორები ამბობენ, რომ შენობას ეს სახელი „უბრალოდ შემორჩა“.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ ქონების გადაცვლა მოხდა, თუმცა, რუსთაველის 24- ში ქონება ეკლესიამაც მიიღო: 70 კვ/მ (დაახლოებით 140 ათასი დოლარის ღირებულების) ფართობი შენობის პირველ სართულზე.

თუ მხოლოდ გაცვლა იყო, რატომ დატვირთა გადაცვლილი ქონება ეკლესიამ იპოთეკით? რისთვის გადაეცა ფართობი რუსთაველის 24-ში ეკლესიას და რატომ ითხოვდა მიწის ნაკვეთს, თუ მშენებლობისთვის საჭირო თანხა არ გააჩნდა? – ამ კითხვებზე ეპარქიაში არ გვიპასუხეს.

კომენტარი ვერ მივიღეთ საპატრიარქოდანაც. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: „არ ვარ სამსახურში… მანდ ადგილზე გაარკვიეთ ბათუმის ეპარქიაში. აქ შეიძლება არც იცოდნენ“

„ქონების გადაცემა 1 ლარად არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი, როგორ ხორციელდებოდა ეს ყველაფერი და ვინ დგას ამ პროცესების უკან. იმიტომ, რომ ხშირად ჩნდება კითხვები და მოსაზრება საზოგადოებაში, რომ ეს ყველაფერი კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს ემსახურება, დაკავშირებულია ნათესაურ წრესთან, გარკვეულ გავლენებთან, გარიგებებთან მათ შორის, ან რაღაც უფრო მნიშვნელოვანის დაფარვა ხდება. ყოველი ასეთი შემთხვევის განხილვა თითოეული კონკრეტული ქონების საკითხში, საბოლოოდ ბევრ კითხვას გასცემს პასუხს“ – მიაჩნია სულხან სალაძეს. – „მაგალითად, როცა მიწა ან სახლი ეკომიგრანტებისთვის გადაუციათ და იქ პირობები არ ჩაუდვიათ, ეს გასაგებია, მაგრამ რადგან წინასწარი კომუნიკაცია იყო აქ, რომ უნდა ყოფილიყო, ვთქვათ, პატრიარქის რეზიდენცია, მოლოდინიც იყო, რომ უნდა აშენებულიყო რეზიდენცია. დღეს კი, რა არაფორმალური შეთანხმება იყო მხარეებს შორის და რაზე, ამაზე მსჯელობა ძალიან რთულია. მაგრამ ეჭვებს იწვევს, ვინაიდან დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში მოხდა ქონების გადაცემა და გაცვლა“.

რუსთაველის 24-ში მდებარე სახლის ექსპლოატაციაში მიღების ბრძანებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა ხელი მიმდინარე წლის 11 მარტს მოაწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი