ახალი ამბები

“მანქანები ფინანსთა მინისტრებისთვის” – ახალი ჩანაწერი ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით

21 სექტემბერი, 2018 • 1661
“მანქანები ფინანსთა მინისტრებისთვის” – ახალი ჩანაწერი ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით

ტელეკომპანია “იბერიის” მფლობელ “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი ვრცელდება. რუსთავი 2 – ის ინფორმაციით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი კომპანიისგან მანქანებსა და თანხას ითხოვს.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული ჯერ არ არის, კაცი, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანია, ფინანსთა მინისტრისთვის ითხოვს სამ ავტომობილს-  მინი კუპერს, X4 – სა და X5-ს . ჩანაწერში ნახსენებია ფინანსთა ორი ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და ნოდარ ხადური. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი  ავტომობილებს ითხოვს დიმიტრი ქუმსიშვილისთვისა და ნოდარ ხადურისთვის.

“სამი მანქანა გადმომიფორმონ, რომ მე კიდევ არ გადავაგდო ფინანსთა სამინისტრო. ერთი მინისტრი და მეორე მინისტრი”

“ერთი მინისტრი ქუმსიშვილს არ გულისხმობ?

“წინა მინისტრი, ხადური?

“ხო. ეს სამი მანქანა {მინი კუპერი, X4 – სა და X5} გადმომიფორმდეს, რომ მერე ჯიჯღინი არ დამაწყებინონ. ან ვინმე, ვისაც მოვიყვან, იმაზე გადააფორმონ, რომ მერე ჯიჯღინი არ დამაწყებინოთ, რომ მაიცა და ხვალ იყოს და ზეგ”, – ისმის ჩანაწერში

ნეტგაზეთთან საუბრისას კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ლევან ყიფიანს არ დაკავშირებია. მისი თქმით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ საკითხში გარკვევას შეეცდება.

კითხვაზე, რატომ იყენებდა ლევან ყიფიანი მის სახელს, ნოდარ ხადური პასუხობს, რომ ეს მისთვის უცნობია. ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ მთავრობაში ყოფნის დროს “ომეგა ჯგუფთან” შეხება არ ჰქონია. მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტო თამბაქოს ბაზრის მონიტორინგს  ახორციელებს. ხადური განმარტავს, რომ მუშაობის პერიოდში, სხვა კომპანიების მსგავსად, “ომეგა ჯგუფისგანაც” მიიღეს ინფორმაცია.

“მინისტრობის დროს, ისე მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, არავისთან არაფორმალურ ურთიერთობაში არ შევსულვარ და არაფორმალური ვალდებულებები ჩემს წინაშე არ წარმოქმნია. მე ვიცავ კანონს და კანონის ფარგლებში ვიცავდი ბიზნესის ინტერესებს. არანაირი მანქანები მე არ ვიცი. საჭიროა დადგინდეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ეს ჩანაწერი მართლაც რეალურია, ამ ჩანაწერთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია”, – აცხადებს ნოდარ ხადური.

“ნეტგაზეთმა” დიმიტრი ქუმსიშვილთანაც სცადა დაკავშირება, თუმცა ყოფილმა მინისტრმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

პროკურატურა უკვე იძიებს  სატელეფონო ჩანაწერს, სადაც, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობდნენ. 9 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

ლევან ყიფიანმა გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.

გასაჯაროებულ  საუბარში ტელეკომპანია “იბერიაც” არის ნახსენები. ერთ-ერთი პირი, რომელიც, “რუსთავი 2-ის” ცნობით, სავარაუდოდ, ყოფილი მინისტრია, ამბობს, რომ “იბერია” “რუსთავი 2-ზე” უარესია. ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა “პროლემებში ტელევიზიის გაცვლაზე”. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

ლევან ყიფიანი ამ ჩანაწერს ტყუილს უწოდებს. მისი თქმით, ტელეკომპანია “იბერიის” საქმეზე მის მიმართ არსებული ბრალდებები ბოდვაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი