ახალი ამბები

მინისტრი იმ პირს ხვდება, რომელიც თვითდაზიანების მიყენებით იმუქრებოდა

20 სექტემბერი, 2018 • 1284
მინისტრი იმ პირს ხვდება, რომელიც თვითდაზიანების მიყენებით იმუქრებოდა

ლილოში სატვირთო ავტომანქანების მძღოლების აქციაზე ფინანსთა მინისტრი მივიდა. ის ადამიანი, რომელიც შენობის სახურავზე იყო ასული და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, შენობიდან ჩამოვიდა და ამ წუთებში მინისტრს ხვდება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

ხორბლის გადატანაზე დაწესებული შეზღუდვის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე შენობის სახურავზე ავიდა და თავის დაწვით იმუქრებოდა. ის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო ბრიგადები.

აქციის ერთ – ერთი მონაწილის, თემურ ნადირაძის თქმით, მან დაინახა, რომ სახურავზე ასულ კაცს ხელებიდან სისხლი სდიოდა, თუმცა მისთვის უცნობია სისხლდენის გამომწვევი მიზეზი.

სატვირთო ავტომობილების მძღოლები ფინანსთა მინისტრს გუშინ, 19 სექტემბერს შეხვდნენ, თუმცა მინისტრის შეთავაზება, 2019 წლის პირველ იანვრამდე გადავადებულიყო ბრძანების ამოქმედება, მძღოლებისთვის მიუღბელი აღმოჩნდა ისინი ბრძანების დაუყოვნებლივ გაუქმებას ითხოვენ. ამ ბრძანების მიხედვით, საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტით სხვა ქვეყნიდან ხორბლის შემოტანა იკრძალება. ამის მიზეზად სამინისტრო ასახელებს ლარსის საბაჟოზე შექმნილი საცობების გამო საქართველოსკენ მომავალი ტურისტების უკან გაბრუნებასა და, შესაბამისად, პოტენციური შემოსავლების დაკარგვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი