ახალი ამბები

იურიდიულმა კომიტეტმა მარიხუანის რეგულირებაზე შსს-ს კანონპროექტს მხარი დაუჭირა

19 სექტემბერი, 2018 • 3348
იურიდიულმა კომიტეტმა მარიხუანის რეგულირებაზე შსს-ს კანონპროექტს მხარი დაუჭირა

დღეს, 19 სექტემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე დაუჭირა მხარი საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების კანონდმებლობაში ასახვას ითვალისწინებს, მცენარე კანაფისგან მომდინარე შესაძლო საფრთხის გათვალისწინებით, სამართლიანი და გონივრული ბალანსის უზრუნველყოფას ინდივიდის თავისუფლებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საჭიროებებს შორის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სხდომის მონაწილეებს კანონპროექტის ძირითადი პრინციპები გააცნო, ხოლო საკანონმდებლო პაკეტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა.

სხდომას, რამდენიმე პარლამენტართან და იურისტთან ერთად, არაერთი საეკლესიო პირიც დაესწრო. ეკლესიის პოზიციას პარლამენტში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და მათი თანამოაზრე მღვდლები წარმოადგენდნენ. მათ დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით და შს მინისტრის მოადგილეს კითხვები დაუსვეს.

გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის დასკვნაში ჩანაწერის გაკეთებას იმის თაობაზე, რომ გაგრძელდეს საკანონმდებლო მუშაობა იმ საზღვრების გაფართოების მიზნით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომელმაც მცენარე კანაფის/მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები შეცვალა.

აღნიშნული დათქმის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პრინციპების დონეზე, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო პაკეტით ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში.

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის თანახმად:

  • მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  • მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით;
  • მცენარე კანაფის ან მარიხუანის 21 წლამდე ასაკის პირის მიერ მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით;
  • მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო ან/და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით;
  • მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვანის თანდასწრებით, ან სასწავლო, საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით;
  • მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა – 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით;
  • მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამხედრო ნაწილში გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაციები ამოღებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან.

პროექტით მკაცრდება ადმინისტრაციული სანქციები ისეთი სამართალდარღვევისთვის, როგორიცაა, საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნულის ჩადენა ფიზიკური პირის მიერ გამოიწვევს 500 ლარის ნაცვლად 5 000 ლარით დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის მიერ გამოიწვევს 10 000 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად 5000 ლარისა.

“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის თანახმად:

  • სისხლის სამართლის კოდექსი აღარ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის;
  • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია არამხოლოდ არასრულწლოვნის, არამედ 21 წლამდე ასაკის პირის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიებისთვის;
  • რამდენიმე მუხლში ხდება დამამძიმებელი გარემოებების დაზუსტება. კერძოდ, ქმედების მთვრალ მდგომარეობაში ჩადენის ნაცვლად, ნორმის არაერთგვაროვანი განმარტების თავიდან ასაცილებლად, პროექტით პირდაპირ მიეთითება ქმედების ჩადენა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტი განიხილა, რომელიც მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, მოხმარების ან/და ზემოქმედების ქვეშ ყოფნის საკითხებს ახლებურად არეგულირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი