ახალი ამბები

ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, ზურა ვარდიაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს

18 სექტემბერი, 2018 • 1865
ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, ზურა ვარდიაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “ლიბერალის” რედაქტორ ზურა ვარდიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება და მოუწოდებს პროკურატურას, დაუყონებლივ მიანიჭოს მას დაზარალებულის სტატუსი.

როგორც ქარტიის განცხადებაში ვკითხულობთ, დაზარალებულის სტატუსი ვარდიაშვილს და მის ადვოკატს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საქმის მასალებს, რაც უზრუნველყოფს როგორც მისი ინტერესების სრულყოფილად დაცვას, ასევე, დააკმაყოფილებს საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესს, იცოდეს “ლიბერალის” რედაქტორზე თავდასხმა უკავშირდება თუ არა მის პროფესიულ საქმიანობას.

ქარტია მიიჩნევს, რომ არსებული კითხვებისა და ეჭვების გასაქარწყლებლად აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება, საქმის სწრაფად გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა.

ქარტია მიმართავს შესაბამის უწყებებს, დროულად და ადეკვატურად შეასრულონ კანონით განსაზღვრული ყველა ქმედება და მედიას და საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ.

“ლიბერალის” რედაქტორ ზურა ვარდიაშვილს შაბათს, 15 სექტემბერს, საღამოს 9-ის ნახევრისთვის თავს ჯგუფურად დაესხნენ.


“ლიბერალის” ცნობით, თავდამსხმელებმა ვარდიაშვილს თავი მოაჩვენეს, თითქოს მისი კუთვნილი ავტომანქანის ყიდვით იყვნენ დაინტერესებული და ასე შეუთანხმდნენ შეხვედრაზე.

ვარდიაშვილი თბილისში, ვარკეთილში, ავტოსახელოსნოსთან ელოდებოდა მანქანის მყიდველებს. გამოცემა წერს, რომ შეხვედრის დათქმული დროიდან ნახევარ საათში შეხვედრის ადგილას ორი ჯიპი გაჩერდა, საიდანაც, ასე, 5-7 ადამიანი გადმოვიდა და ვარდიაშვილს “სიტყვის უთქმელად” დაესხა თავს.

“ისინი მირტყამდნენ ძლიერად, თავსა და სახეში, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ერთ ფრაზას მოვკარი ყური — „მოვიპაროთ ეს ჩემისა“, და ჩემი მანქანისკენ წათრევა სცადეს, თუმცა ამ დროს მეზობელი ავტოსამრეცხაოდან ხალხი გამოიქცა, და გონს რომ მოვედი, თავდამსხმელები უკვე გაქცეულები იყვნენ”, — ციტირებს “ლიბერალი” ვარდიაშვილს.

მისი დაკვირვებით,  “თავდამსხმელები იქცეოდნენ, როგორც სპეციალურად მომზადებული ჯგუფი, მოქმედებდნენ გასამხედროებული დანაყოფივით და ემორჩილებოდნენ ერთ-ერთი მათგანის ბრძანებებს”.

თავდაპირველად, “ლიბერალის” თანახმად, ვარდიაშვილს გამომძიებლებმა ჰკითხეს, რა შეიძლებოდა თავდასხმის მოტივი ყოფილიყო, თუმცა ჟურნალისტი ამბობს, რომ დღემდე არ იცის, ვის შეიძლებოდა მასზე თავდასხმა სდომოდა.

“წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება ყოფილიყო, რადგან სამსახურს რომ ვუკავშირებ, უბრალოდ იმდენ თემას ვეხებით, რომ გამორჩევა მიჭირს”, – უთხრა ვარდიაშვილმა “ნეტგაზეთს“,

“მეორე დღეს, როცა პოლიციაში დამიბარეს, მითხრეს, თითქოს წინა დღით, 14 სექტემბერს, “ისტ პოინტში” “კარფურში” მიჩხუბია და ამის გამო დამესხნენ თავსო”,- ამბობს ვარდიაშვილი. თუმცა იგი ამბობს, რომ მსგავსი კონფლიქტი არავისთან მოსვლია.

როგორც “ლიბერალი” წერს, მოგვიანებით ვარდიაშვილს გამომძიებელმა უთხრა, რომ “თავდამსხმელებს შეცდომა მოუვიდათ, რომ „კარფურში“ მართლაც მოხდა ჩხუბი, სადაც პირმა, ვინც თქვა, რომ ზურაბ ვარდიაშვილია, იჩხუბა, ხოლო თავდამსხმელებს შეეშალათ და იმ პირის ნაცვლად გაუსწორდნენ”.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ლიბერალის რედაქტორზე, ზურა ვარდიაშვილზე, თავდასხმის საქმეზე მიმდინარეობს “ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, მათ შორის იდენტიფიცირებული პირების, რომლებიც ამ თავდასხმას შეესწრნენ ან მასში მონაწილეობდნენ”.

გამოძიება მიმდინარეობს 126-ე, ძალადობის, მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი