ახალი ამბები

ნინია კაკაბაძე: იაკობაშვილმა 42 თანამშრომლის საქმეზე გამართული შეხვედრის ჩანაწერი გაანადგურა

19 სექტემბერი, 2018 • 2157
ნინია კაკაბაძე: იაკობაშვილმა 42 თანამშრომლის საქმეზე გამართული შეხვედრის ჩანაწერი გაანადგურა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ნინია კაკაბაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს, მენეჯმენტსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა 42 თანამშრომლის საქმეზე, რომლებიც ახალი სეზონიდან ახალ ხელშეკრულებაზე არიან გადაყვანილნი. შეხვედრა წინასწარი შეთანხმებით იწერებოდა, მაგრამ ბორდის წევრმა გია იაკობაშვილმა ჩანაწერი თვითნებურად გაანადგურა.

კაკაბაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ჩანაწერი ვებგვერდზე უნდა აეტვირთათ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ, როდესაც მონაწილეთა უმეტესობა წასული იყო, საბჭოს რამდენიმე წევრმა გადაწყვიტა, რომ ჩანაწერი არ აიტვირთოს. ამის შემდეგ ჩანაწერი მოითხოვა ნინო ზაუტაშვილმა არა გასაჯაროების, არამედ საჭიროების შემთხვევაში მისი მტკიცებულებად გამოყენების მიზნით. ნინია კაკაბაძის თქმით, საბჭო რამდენიმე დღე ბჭობდა ამ ჩანაწერის ნინო ზაუტაშვილისთვის გადაცემა-არგადაცემის საკითხზე, მაგრამ 18 სექტემბრის საღამოს ტელევიზიაში მივიდა გია იაკობაშვილი, “ქურდულად და ტყუილით” მოითხოვა მასალა, თქვა რა, რომ საბჭოს უმრავლესობამ გადაწყვიტა ჩანაწერის წაშლა და ის ადგილზე გაანადგურა.

“სამსაათიანი შეხვედრა იყო. ჩანაწერში იყო მწვავე კამათი, რამდენიმე ადგილას ყვირილიც კი, მაგრამ ვერ გეტყვით, რა ითქვა ამ შეხვედრაზე ისეთი, რომ ასეთ შიშის ზარს სცემდა იაკობაშვილს, არ დაეზარა, ქურდულად მიიპარა და წაშალა მასალა. ცხადია, ამის უფლება არ ჰქონდა. ასეთი გადაწყვეტილებები საბჭოს უმრავლესობით მიიღება, ჩანაწერის განადგურების იდეას კი მხოლოდ გია იაკობაშვილი და ზაზა შათირიშვილი იზიარებდნენ, რისი დამადასტურებელი ელექტრონული მიმოწერაც არსებობს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ნინია კაკაბაძემ.

“ნეტგაზეთი” კომენტარისთვის გია იაკობაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა, შემდეგ კი ტელეფონი გამორთო.

მასალების გადაბეჭდვის წესი