ახალი ამბები

სააკაშვილი დისტანციურ დაკითხვაზე უარს ამბობს

27 მარტი, 2014 • • 1162
სააკაშვილი დისტანციურ დაკითხვაზე უარს ამბობს

სააკაშვილი დისტანციურ დაკითხვაზე უარს ამბობს. ამის შესახებ კომენტარი სააკაშვილმა კიევში იულია ტიმოშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა: 

სააკაშვილი
სააკაშვილი

“შეეშინდათ საერთაშორისო დაწოლის, როგორც ჩანს, და ახლა შეცვალეს ფორმები, იმიტომ, რომ კარგად აუხსნეს ევროპელებმა და ამერიკელებმა. მაგრამ თავგასულმა რუსმა ოლიგარქებმა უკრაინა მაინც აიღონ მაგალითად ტიმოშენკოს მაგალითზე, რითი მთავრდება ამგვარი კამპანიებს გამოყენება. ცუდად მთავრდება, ცუდად და ჩემი რჩევაა.. პროკურატურას რომელსაც მართავს კაცის კაცი ფარცხალაძე, რომელიც ჩვეულებრივი ყაჩაღია და მთავრობის მხრიდან, რომელსაც მართავს კაცის კაცი. კაცის კაცი რა უნდა იყოს, რეალურად მართავს სხვა და სხვას ჰქვია მთავრობის თავმჯდომარე. ასე რომ, ამ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტუმორობა, მე კიდევ მაქვს ძალიან ბევრი საქმე, რომ სისულეებზე ვხარჯო დრო.”


მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს დისტანციური დაკითხვისთვის ერთკვირიან ვადას აძლევს. ექსპრეზიდენტის მიმართ შესაბამისი შეთავაზება პროკურატურამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:


“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2014 წლის 27 მარტს ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა. აფციაურის კანონის დარღვევით შეწყალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე, მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამ უკანასკნელმა მასმედიის საშუალებებით საჯარო გამოსვლებისას დააფიქსირა, რომ არ აპირებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას დაკითხვაზე და მართლაც არ გამოცხადდა დათქმულ დროს მთავარ პროკურატურაში” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 


“ვითვალისწინებთ რა ძიებაში მყოფი საქმეების დიდ საზოგადოებრივ მნიშვნელობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებით საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესებას, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ სტატუსს და გამოძიების წარმატებით დასრულებისთვის მისი, როგორც კარგად ინფორმირებული მოწმის, ჩვენებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს ტექნიკური საშუალებების (მაგალითად, skype) გამოყენებით დისტანციურად დაკითხვას. ამ შემთხვევაში აღარ იქნება აუცილებელი მისი საქართველოში ჩამოსვლა და, შესაბამისად, ბოლომდე გამოირიცხება მისი შესაძლო დაკავებით გამოწვეული შეშფოთების საფუძველიც. აღნიშნული წინადადება მას გაეგზავნება კანონით დადგენილი ფორმით და მიეცემა ერთკვირიანი ვადა დისტანციურ დაკითხვასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. მთავარი პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავადაც სათანადოდ მოეპყრობა საკუთარ სტატუსს, იმოქმედებს როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და გამოძიებასთან მოწმის სახით თანამშრომლობით ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და დამნაშავეთა დასჯას, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი”, – ნათქვამია პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში.

 

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დღეს, 27 მარტს იყო დაბარებული, თუმცა ექს–პრეზიდენტი ჩვენების მისაცემად არ გამოცხადებულა. როგორც მან სამშაბათს რუსთავი 2–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, “არ აპირებს ჩამოვიდეს საქართველოში და შეასრულოს პუტინის ოცნება”, მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით



მასალების გადაბეჭდვის წესი