ახალი ამბები

კოკა-კოლა სასმელში მარიხუანის დამატებას განიხილავს – Bloomberg

17 სექტემბერი, 2018 • 5007
კოკა-კოლა სასმელში მარიხუანის დამატებას განიხილავს – Bloomberg

უალკოჰოლო სასმელის ამერიკული მწარმოებელი “კოკა-კოლა” დაინტერესებულია, რომ მარიხუანა თავის სასმელში გამოიყენოს – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, საუბარია კანაფის შემცველ ნივთირება კანაბიდიოლზე (CBD), რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი, სტრესის მომხსნელი თვისება, თუმცა არ აქვს თრობის/გაბრუების ეფექტი. სწორედ ნივთიერება კანაბიდიოლს გულისხმობენ, როდესაც საუბრობენ სამედიცინო მარიხუანაზე. აღნიშნული ნივთიერება არაერთ ქვეყანაში გამოიყენება სამედიცინო მიზნებისთვის.

როგორც Bloomberg წერს, “კოკა კოლა” აწარმოებს მოლაპარაკებებს მარიხუანის მწარმოებელ კანადურ კორპორაცია “ავრორასთან” (საბაზრო ღირებულება $6.7 მილიარდი). სასმელების ბაზრით დაინტერესებულია თავად მარიხუანის მწარმოებელი კომპანიაც.

Bloomberg-ის ცნობით, კანაფი არის ერთგვარი “გამოსავალი” სასმელების მწარმოებელთათვის, რადგან ტრადიციული სასმელების გაყიდვები დღითიდღე მცირდება, კომპანიები კი გადარჩენის გზებს აქტიურად ეძებენ. მაგალითად, ლუდის მწარმოებელმა Corona-მ გადაწყვიტა, რომ მარიხუანის კანადურ მწარმოებელ  Canopy Growth Corp-ში თავისი წილი გაეზარდა $3.8 მილიარდამდე (ამ ბრენდის ჯამური ღირებულება $10 მილიარდს აღწევს).

რაც შეეხება “კოკა-კოლას”, შემოსავლების შენარჩუნებისა და გაზრდის მიზნით, როგორც Bloomberg წერს, კომპანია პროდუქციის დივერსიფიცირებას ისედაც ახდენს, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის სასმელის გამოშვებას. მათ შორის არის კოკა კოლა ყავისა და ალუბლის არომატით, მინერალური წყლები, ხილის წვენები და ა.შ. “კოკა-კოლა” კანაფით კი სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი იქნება.

“კოკა-კოლას” პრესსპიკერმა კენტ ლანდერსმა Bloomberg-ს უთხრა, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან კანაბიდიოლის სასმელებში გამოყენებაზე მოთხოვნის ზრდას მსოფლიო მასშტაბით, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ. ლანდერსმა კომენტარი არ გააკეთა მარიხუანის მწარმოებელ კანადურ კორპორაცია “ავრორასთან” დაკავშირებით.

როგორც “ავრორას” პრესსპიკერმა Bloomberg-ს განუცხადა, კომპანია დაინტერესებულია სასმელების ბაზარზე შესვლით და ამას უახლოეს მომავალში იზამს.

მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა ჯერ კიდევ არალეგალურად მიიჩნევა აშშ-ში, მისგან განცალკევებული კანაბიდიოლის მოხმარება სამედიცინო სფეროში იზრდება. მას გამოიყენებენ შფოთვის, ტკივილისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი