ახალი ამბები

“ლიბერალის” რედაქტორს თავს დაესხა 5-7-კაციანი ჯგუფი

17 სექტემბერი, 2018 • 3322
“ლიბერალის” რედაქტორს თავს დაესხა 5-7-კაციანი ჯგუფი

“ლიბერალის” რედაქტორს, ზურა ვარდიაშვილს თავს დაესხნენ.

“ლიბერალის” ცნობით, თავდამსხმელებმა ვარდიაშვილს თავი მოაჩვენეს, თითქოს მისი კუთვნილი ავტომანქანის ყიდვით იყვნენ დაინტერესებული და ასე შეუთანხმდნენ შეხვედრაზე.

ვარდიაშვილი 15 სექტემბერს, შაბათს, საღამოს 9-ის ნახევარზე, ვარკეთილში, ავტოსახელოსნოსთან ელოდებოდა მანქანის მყიდველებს.  გამოცემა წერს, რომ შეხვედრის დათქმული დროიდან ნახევარ საათში შეხვედრის ადგილას ორი ჯიპი გაჩერდა, საიდანაც, ასე, 5-7 ადამიანი გადმოვიდა და ვარდიაშვილს “სიტყვის უთქმელად” დაესხა თავს.

“ისინი მირტყამდნენ ძლიერად, თავსა და სახეში, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ერთ ფრაზას მოვკარი ყური — „მოვიპაროთ ეს ჩემისა“, და ჩემი მანქანისკენ წათრევა სცადეს, თუმცა ამ დროს მეზობელი ავტოსამრეცხაოდან ხალხი გამოიქცა, და გონს რომ მოვედი, თავდამსხმელები უკვე გაქცეულები იყვნენ”, — ციტირებს “ლიბერალი” ვარდიაშვილს.

მისი დაკვირვებით,  “თავდამსხმელები იქცეოდნენ, როგორც სპეციალურად მომზადებული ჯგუფი, მოქმედებდნენ გასამხედროებული დანაყოფივით და ემორჩილებოდნენ ერთ-ერთი მათგანის ბრძანებებს”.

თავდაპირველად, “ლიბერალის” თანახმად, ვარდიაშვილს გამომძიებლებმა ჰკითხეს, რა შეიძლებოდა თავდასხმის მოტივი ყოფილიყო, თუმცა ჟურნალისტი ამბობს, რომ დღემდე არ იცის, ვის შეიძლებოდა მასზე თავდასხმა სდომოდა.

“წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება ყოფილიყო, რადგან სამსახურს რომ ვუკავშირებ, უბრალოდ იმდენ თემას ვეხებით, რომ გამორჩევა მიჭირს”, – უთხრა ვარდიაშვილმა “ნეტგაზეთს“,

“მეორე დღეს, როცა პოლიციაში დამიბარეს, მითხრეს, თითქოს წინა დღით, 14 სექტემბერს, “ისტ პოინტში” “კარფურში” მიჩხუბია და ამის გამო დამესხნენ თავსო”,- ამბობს ვარდიაშვილი. თუმცა იგი ამბობს, რომ მსგავსი კონფლიქტი არავისთან მოსვლია.

როგორც “ლიბერალი” წერს, მოგვიანებით ვარდიაშვილს გამომძიებელმა უთხრა, რომ “თავდამსხმელებს შეცდომა მოუვიდათ, რომ „კარფურში“ მართლაც მოხდა ჩხუბი, სადაც პირმა, ვინც თქვა, რომ ზურაბ ვარდიაშვილია, იჩხუბა, ხოლო თავდამსხმელებს შეეშალათ და იმ პირის ნაცვლად გაუსწორდნენ”.

ნეტგაზეთი” შსს-სთან დაკავშირებას ცდილობს გამოძიების შესახებ დეტალებზე ინფორმაციისათვის.

“ლიბერალის” ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის, მუხლით მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ჯერჯერობით არავინ დაუკითხავთ და დაუკავებიათ მიუხედავად იმისა, რომ ვარდიაშვილთან გამომძიებლის საუბრიდან იკვეთება, რომ, სავარაუდოდ, მათ უკვე ჰყავდათ თავდამსხმელები იდენტიფიცირებული.

გარეკანის ფოტოზე: ზურა ვარდიაშვილი, “ლიბერალის” რედაქტორი. ფოტო ფეისბუკის პირადი არქივიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი