ახალი ამბები

ღარიბაშვილი ცინიზმად აფასებს “ნაცმოძრაობის” ინიციატივას, შეიქმნას ნდობის ჯგუფი ჟვანიას საქმეზე

27 მარტი, 2014 • • 1185
ღარიბაშვილი ცინიზმად აფასებს “ნაცმოძრაობის” ინიციატივას, შეიქმნას ნდობის ჯგუფი ჟვანიას საქმეზე

ღარიბაშვილის თქმით, ეს იგივეა, ცხვრის ფარას მწყემსად მგელი დაუყენო:

 

“მათ თუ სურდათ ამ საქმეების გამოძიება, ამისთვის ჰქონდათ 9 წელი ხელისუფლებაში ყოფნის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გუშინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია:

 

“მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირზე დევს მთელი ამ ამაზრზენი აჟიოტაჟის პოლიტიკური სარჩული და ივანიშვილ – ღარიბაშვილის ჩანაფიქრი, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის საჯარო მოთხოვნისა, მომხდარიყო მასალების განსაჯაროება, როგორც ჩანს, ხელისუფლება ამისათვის მზად არ არის და იმისათვის, რომ დასრულდეს ზურაბ ჟვანიას საქმის გარშემო საზოგადოებაში არსებული სპეკულაცია, აუცილებლად მიგვაჩნია:

– შეიქმნას სპეციალური ნდობის ჯგუფი, სადაც შევლენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები;

– ამ მიზნით სპეციალურად შექმნილ ჯგუფს სრულად გაეცნოს როგორც თავდაპირველი, ასევე ხელახალი გამოძიების ყველა მასალა;

– ამავე ჯგუფს გაეცნოს აქამდე არგასაჯოროებული ყველა მასალა, ამერიკის საგამოძიებო ფედერალური სააგენტოს ყველა დასკვნის ჩათვლით;

– ამავე ჯგუფს გაეცნოს გამოძიებაში არსებული თავდაპირველი ექსპერტიზის სრული ვიდეომასალა;

– ამავე ჯგუფის წარმომადგენლებს მიეცეთ საშუალება, შეხვდნენ საქმეზე დაკავებულ პირებს, რათა გამოირიცხოს მათზე ზეწოლა;

– ყველა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ექსგუმაცია, განხორციელდეს ამ ჯგუფის სრული ინფორმირებით, სრული ფიქსაციით ვიდეო და აუდიო მატარებლებზე, რათა გამოირიცხოს ფაბრიკაციის შესაძლებლობები ხელახალი ექსპერტიზისა და ექსგუმაციისას;

– ყველა ხელახალი ექსპერტიზა ჩატარდეს საერთაშორისოდ აღიარებული სააგენტოების მიერ, რათა გამოირიცხოს მთავრობის ზეწოლა ხელახალ ექსპერტიზაზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი