ახალი ამბები

გარემოს სააგენტო: ჰაერში ტყვიის შემცველობა ნორმაზე დაბალია

17 სექტემბერი, 2018 • 2671
გარემოს სააგენტო: ჰაერში ტყვიის შემცველობა ნორმაზე დაბალია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერულო ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის თქმით, საქართველოში ჰაერში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე რამდენჯერმე ნაკლებია.

მეგრელიშვილის თქმით, ავტომატური სადგურები, თბილისის გარდა, ქვეყნის მასშტაბით სამ ქალაქშია დამონტაჟებული და ეს მონაცემი 8-დან 50-ჯერ ნაკლებია ნორმაზე. სადგურები ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ფუნქციონირებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ტყვიის შედარებით მაღალი მაჩვენებელი რუსთავში ფიქსირდება, თუმცა იქაც დასაშვებ ნორმაზე ნაკლებია:

“გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰაერში ტყვიის შემცველოობა უსაფრთხო ნორმაზე რამდენჯერმე მცირეა. იგივე დაადასტურა ორგანიზაცია “ეკოხედვის” მიერ ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ. ეს არის მოკლევადიანი კვლევა. ჰაერის ხარისხი რამდენიმე დღე შემოწმდა და ეს კვლევა სერიოზული დასკვნების საშუალებას არ იძლევა, თუმცა დადასტურდა იგივე, რომ ტყვიის შემცველობა არის რამდენჯერმე ნაკლები 1-ლი აგვისტოდან ამოქმედებულ ევროპულ ნორმებთან შედარებით. “ეკოხედვის” მონაცემებით, ჰაერში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე 8-დან 50-ჯერ ნაკლები იყო”, – ამბობს მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილის თქმით, რუსთავში შედარებით მაღალია მაჩვენებელი, რაც ამ ქალაქში მოქმედი მეტალურგიისა და ცემენტის მწარმოებელი ქარხნებითაა განპირობებული:

“მნიშვნელოვნად მცირეა ქუთაისსა და ბათუმში, ასევე მცირეა რუსთავში, თუმცა ამ სამ ქალაქთან შედარებით ოდნავ მაღალია, რაც ლოგიკურია, რადგან რუსთავთან არის სამრეწველო ზონა, სადაც წარმოდგენილია მეტალურგია, ცემენტის წარმოება და ამ ქარხნებიდან მიზერული რაოდენობით იფრქვევა ტყვია. თუმცა რუსთავშიც, ატმოსფერულ ჰაერში,  ტყვიის შემცველობა ნორმაზე რამდენჯერმე მცირეა “, – ამბობს მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა საწვავის ხარისხზეა დამოკიდებული. საქართველოში კი 2005 წლიდან აიკრძალა ტყვიის შემცველი ბენზინის გამოყენება. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ამ მაჩვენებლის გადაჭარბება ქვეყანაში 2008 წლიდან აღარ ფიქსირდება. 2016 წლიდან კი სახელმწიფომ საწვავის ხარისხის შემოწმება თავადაც დაიწყო:

“არასამთვრობო სექტორის მიერ ჩატარებული კვლევები იქნება ეს თუ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, როგორც აღვნიშნე, ქვეყანაში ჩატარებული საწვავის ხარისხის შემოწმება და ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქვეყანაში წლებია, არ მოიხმარება ტყვიაშემცველი ბენზინი.

მეგრელიშვილის ინფორმაციით, ტყვიის სხვა, სერიოზული წყარო მსოფლიოში თითქმის არ არსებობს და ჰაერი რომ ზომაზე მეტად დაბინძურდეს ტყვიით, მაშინ უნდა არსებობდეს ტყვიის გადამდნობი ქარხანა, რაც საქართველოში არ არსებობს.

ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ტყვიით მოწამვლის წყარო შეიძლება იყოს საღებავები, წყლის მიწოდების სისტემა, კვების შეფუთვა:

“როდესაც სისხლში ტყვიის ნორმაზე რამდენჯერმე გადამეტება ფიქსირდება, ეს ატმოსფერიული ჰაერიდან ნამცვილად ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ამას ატმოსფერულ ჰაერთანაც აქვს კავშირი, მაგრამ ეს არის მიზერული. “ეკოხედვის” კვლევამაც აჩვენა, რომ ოდნავ ნაკლები იყო ჩვეულებრივ ქუჩაზე ტყვიის შემცველობა, ვიდრე იმ ქუჩაზე, სადაც მიმდინაროებდა მშენებლობა, თუმცა ნორმაზე მაინც, თითქმის 10-ჯერ ნაკლები”, – ამბობს მეგრელიშვილი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს თქმით, თბილისში ჰაერის დაბინძურების კუთხით კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ჰაერში მყარი ნაწილაკების არსებობა. ამ კუთხით განსაკუთრებით პრობლემურია pm10 და აზოტის ორჟანგის შემცველობა:

“Pm10 გამოწვეულია დაურეგულირებელი სამშენებლო სექტორით. წლიური ნორმის გადაჭარბება ფიქსირდება წერეთელზე, თუმცა დღიური ნორმის გადაჭარებაბა ფიქსირდება ყველა სადგურზე, ყაზბეგზე და ვარკეთილში.

წერეთელზე ელიავას ბაზრობაა, სადაც ხდება მასალების ჭრა, სამშენებლო მასალების ღია წესით გაყიდვა და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც არის. გარდა ამისა, ღია გრუნტი სერიოზული ბუნებრივი წყაროა.   გაზონი თითქმის არაა ქალაქში, მიწა არის ღიად და ქარის წამობერვისას ძალიან მარტივად ხდება ამტვერება. გარდა ამისა, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებასაც ძალიან დიდი როლი აქვს ამ კუთხით. ამ ზაფხულს მინიუმ სამჯერ შემოგვიტია უდაბნოს მტვრის შტორმმა” – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი.

მეგრელიშვილის თქმით, სხვა დამაბინძურებლების შემთხვევაში, ნორმის გადაჭარბება არ ფიქსირდება. მაგალითად, პრობლემური აღარაა ჰაერში გოგირდის შემცველობა. მეგრელიშვილის თქმით, ბენზინში გოგირდის შემცველობა 2017 წლამდე 25-ჯერ შემცირდა. 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან კი დამატებითი რეგულაციები შედის ძალაში:

“სხვა დამბინძურებლები, საბედნიეროდ, ნორმის ფარგლებშია. გოგირდი იმიტომ, რომ ბენზინში გოგირდის შემცველობა 25-ჯერ შევამცირეთ 2017 წლამდე და დღეს ქვეყანაში მოიხმარება ულტრამცირე შემცველობით ბენზინი. დიზელი პირველი ოქტომბრიდან უნდა გახდეს “ევრო 4″, ანუ მცირე შემცველობის გოგირდით იქნება დიზელის მოხმარება. ამიტომ, გოგირდის დიოქსიდი მთელი ქვეყნის მასშტაბით აღარ არის პრობლემური თბილისშიც კი”, – ამბობს მეგრელიშვილი.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

თბილისი და აბასთუმანი 3000 ქალაქს შორის, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე შეისწავლეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი