ახალი ამბები

ნინო ქადაგიძე–ჟვანია: სააკაშვილთან ფული სხვა კონტექსტში ვახსენე

26 მარტი, 2014 • • 1925
ნინო ქადაგიძე–ჟვანია: სააკაშვილთან ფული სხვა კონტექსტში ვახსენე

გოგლა ჟვანიამ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ 26 მარტს ნინო ქადაგიძე–ჟვანიასთან ერთად სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, სადაც დეტალურად გაეცემა პასუხი მიხეილ სააკაშვილის მიერ 25 მარტს “რუსთავი2” –ის ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. 


“ჯერ ბრიფინგის დრო დაზუსტებული არ არის. ახლა ვიკრიბებით. გაჩენილ შეკითხვებს მე და ნინო ერთობლივად ვუპასუხებთ. მანამდე მედასთან კომენტარს არ ვაკეთებთ.”


ნინო ქადაგიძე–ჟვანიამ ტელეკომპანია “იმედთან” მიხეილ სააკაშვილის მიერ “რუსთავი2″–ის ეთერით გაკეთებულ განცხადებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.


ის მიხეილ სააკაშვილთან საუბარის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ჟვანიას საქმეზე საუბრისას “ფული” სხვა კონტექსტში ახსენა:  


“რაც გინდათ ის მთხოვეთ, ოღონდ ნუ მთხოვთ გამოძიებას. ერთადერთი, რაც ამ კონტექსტში შეიძლებოდა მეკითხა სხვა საკითხთა შორის, რატომ არ არკვევთ, იქნება რუსებმა მოკლეს, იქნებ რაღაც ფული არსებობდა, რის გამოც შეიძლება ის მოეკლათ. მხოლოდ და მხოლოდ ამ კონტექსტში, სხვადასხვა ვარიანტები ჩამოვთვალე, რის გამოც ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. ამ კონტექსტში ვახსენე საერთოდ ეს თემა. უბრალოდ, უსინდისობაა ამაზე ლაპარაკი” – განაცხადა ნინო ქადაგიძე–ჟვანიამ ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში.        


საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ტელეკომპანია “რუსთავი 2″– ის ეთერით ისაუბრა: 




“როცა ზურაბი გარდაიცვალა, გარკვეული ხნის შემდეგ მისმა ოჯახის წევრებმა უცნაური რაღაცების ლაპარაკი დაიწყეს, ძმამ, მეუღლემ. მე მეუღლეს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყო, მოვიდა, მე ვუთხარი, ნინო, რაზეა საერთოდ ლაპარაკი, შენ ხომ შემთხვევის ადგილზე იყავი, ნახე ყველაფერი როგორც იყო, ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს, ან რაღაც სხვანაირად არის თუ რა ხდება–მეთქი. არ მგონიაო–მითხრა. შენთან რა პრეტენზია შეიძლება რომ მქონდესო, მაგრამ ზურას, როგორც ყველა პოლიტიკოსს, ხომ იცი, რომ ბევრი ფული ჰქონდაო. მე ვუთხარი, მე ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს ფული და არ მგონია, რომ ზურაბს ჰქონოდა ფული–მეთქი, საიდან მოიტანე–მეთქი. ერთ–ერთმა მითხრაო, რომ 2 დღით ადრე მას ძალიან დიდი თანხა მისცაო და იმ თანხის ნაწილი მაინც მინდა, რომ ამოვიღო, რადგან ალბათ დაცვის თანამშრომლებმა, სანამ ჩვენ მივიდოდით,  წაიღეს ეს თანხაო. მე ვუთხარი, გამოდს, რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ და ჩვენ ვერ შევთანხმდებით–მეთქი. მერე გავარკვიე, რომ, როგორც ჩანს, პატარკაციშვილმა უთხრა [ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე–ჟვანიას], რომ გარდაცვალბემადე 2 დღით ადრე მისცა ბევრი ფული. ეს გააკეთა შეგნებულად, იმიტომ, რომ პატარკაციშვილი მერე ჟვანიას ძმას ამუშავებდა ოფისში. როცა ასეთი ურთიერთობა იყო ძმასთან და ცოლთან, მე, რა თქმა უნდა, ვეღარ მივდიოდი ჟვანიას დედასთან. ამ კატეგორიებით ლაპარაკი, როცა საქმე ჩემი მეგობრის შეუბღალავ სახელს ეხება, ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო”, – განაცხადა სააკაშვილმა.



მასალების გადაბეჭდვის წესი