ახალი ამბები

შესაძლო ნეპოტიზმი, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა და საბიუჯეტო ცვლილებები წინასაარჩევნოდ — ანგარიში

13 სექტემბერი, 2018 • 2535
შესაძლო ნეპოტიზმი, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა და საბიუჯეტო ცვლილებები წინასაარჩევნოდ — ანგარიში

შესაძლო ნეპოტიზმი; ჩხუბის, სავარაუდო ზეწოლა-მუქარისა და ბეჭდვითი მასალების წესის დარღვევის თითო-თითო, საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის — ორი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის კი, რვა შემთხვევა — ეს ის სავარაუდო დარღვევებია, რაც არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოავლინა წინასაარჩევნო პერიოდში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ დღეს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდში აღმოჩენილ დარღვევებს აჯამებს. დარღვევები 2018 წლის აგვისტოდან 8 სექტემბრამდე პერიოდში გამოავლინეს ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) დამკვირვებლებმა. საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

ნათესაური კავშირები

კანონიდან სხვა პრობლემურ საკითხებზეც ვკითხულობთ. მაგალითად, ორგანიზაციამ დაადგინა, რომ 73 საოლქო კომისიაში შერჩეული დროებითი წევრებიდან 14 შემთხვევაში გამოიკვეთა შერჩეული პირების ნათესაური კავშირები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, 8 შემთხვევაში კი საოლქო კომისიებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ან აქტივისტი აირჩა.

როგორც ISFED წერს, “მართალია, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებად საარჩევნო ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირების ნათესავების დანიშვნა პირდაპირ არ შეიცავს სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღების ბუნდოვანი პროცესი აჩენს კითხვებს ნეპოტიზმის შესახებ”.

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა

ISFED-ს აღწერილი აქვს ერთი შემთხვევა კასპში — „ქართული ოცნების“ კასპის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ია ქვლივიძე, ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი ნონიკაშვილს, მისი და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ადანაშაულებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ქვლივიძეს მიაჩნია, რომ ნონიკაშვილს ზურგს უმაგრებენ პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე და კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი.  

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1 აგვისტოს ია ქვლივიძეს მობილურ ტელეფონზე უცნობი პირი დაუკავშირდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა, რომ მას და მის ოჯახს გაანადგურებდა.

“მოგვიანებით ქვლივიძემ დადგინა, რომ ნომერი. საიდანაც მუქარის ზარი განხორციელდა, „ქართული ოცნების“ კასპის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს ირაკლი ნონიკაშვილს ეკუთვნის. განხორცილებულ მუქარას ქვლივიძე უკავშირებს დიმიტრი სამხარაძის „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერილ კომენტარს, სადაც მან უკმაყოფილება გამოთქვა კასპში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო. ია ქვლივიძე დიმიტრი სამხარაძის „ფეისბუქ“ გვერდზე წერდა, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში სხვადასხვა თანამდებობებზე ინიშნებიან პირები, ვინც 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ, ხოლო 2012 წელს მებრძოლი „ქართული ოცნების“ წევრები პარტიის გარეთ არიან დარჩენილები”, — წერს ISFED.

როგორც ანგარიშში წერია, ნონიკაშვილს აღნიშნულ თემაზე საუბარი არ სურს. იგი მომხდარს არც ადასტურებს და არც უარყოფს. ორგანიზაციის ინფორმაციითვე, ამ ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.

ფიზიკური დაპირისპირება ადიგენში

29 ივლისს მედიასაშუალება „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ დღეს, შუამთობის დღესასწაულზე ადიგენში, ფერსათის მთაზე, ფიზიკური დაპირისპირებისას „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატი ზურა შაინიძე, მისი ოჯახის წევრები და შვილის მეგობრები დაშავდნენ.

გამოცემის ცნობით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შაინიძე მომხდარში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებს ადანაშაულებდა.

მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალური განცხადება გააკეთა და მომხდარ ფაქტს გაემიჯნა. პარტიის განცხადებით, ინციდენტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია; ხოლო პოლიტიკური გაერთიანება ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და გამორიცხავს ვინმეს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

ამ საქმეზე გამოძიება სსკ–ის 126–ე მუხლით, ძალადობით მიმდინარეობს.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სავარაუდო მოსყიდვა

ანგარიშში შესულია რვა შემთხვევა, სადაც გამოიკვეთა ან ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება, ან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. ეს შემთხვევები, ორგანიზაციის ცნობით, მოხდა ქუთაისში, ლანჩხუთში, თბილისში (ვაკეში), კასპში, ბათუმში, ლაგოდეხში, ოზურგეთსა და ახალქალაქში. შემთხვევები მოიცავს ექსკურსიის ჩატარებას “ოცნების” შტაბის მიერ, უფასო სამედიცინო გამოკვლევებს, უფასო მედიკამენტების გაცემას;

ამ შემთხვევებში შესულია “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურა ჯაფარიძის მიერ ჩატარებული შეხვედრა ახალგაზრდებთან, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან მოუვიდათ გაწვევა:

“ზურაბ ჯაფარიძე ამავდროულად წარმოადგენს რელიგიურ ორგანიზაცია „ბიბლიურ თავისუფლებას“, რომელიც ორგანიზაციაში გაწევრიანებული პირებისთვის გასცემს სასულიერო პირის მოწმობებს, რაც მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურებისგან გათავისუფლების საშუალებას აძლევს. აღნიშნულ შემთხვევაში, რელიგიური ორგანიზაცია და პარტია ერთმანეთისგან არ იმიჯნება, რაც რელიგიური ორგანიზაციის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის აკრძალვასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

საბიუჯეტო ცვლილებები მუნიციპალიტეტებში

„სამართლიანი არჩევნები“ წერს, რომ წლევანდელი 1 მაისიდან შევიდა ცვლილება 31 ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებში:

ოზურგეთის საკრებულომ სოციალური პროგრამების თანხა 22 000 ლარით გაზარდა, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კი, ჯამში, 15 მილიონ ლარამდე თანხა გამოყო; ISFED-ის დაკვირვებით, სხვადასხვა მიზნისათვის თანხის გამოყოფის შემთხვევები დაფიქსირდა ლანჩხუთში, ხულოში, ბათუმში, ქედაში, ფოთში, ყვარელში, ახმეტაში, გურჯაანში, თელავში, კასპში, გორში, ხაშურში, ქარელში, ასპინძაში, ონში, მესტიაში, თერჯოლაში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ხონში, ტყიბულში, ქუთაისში, ხობში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, გარდაბანში, დმანისში, მარნეულში, მცხეთასა და თბილისში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სხვადასხვა საბიუჯეტო ცვლილებით წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესი ფორმალურად არ დარღვეულა, ISFED აღნიშნავს, რომ რახან სხვადასხვა ტიპის სოციალური, ჯანდაცვის თუ ინფრასტრუქტურული ხასიათის პროგრამების დაგეგმვა ან/და განხორციელება წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, ეს ცვლილებები, შესაძლოა, სწორედ არჩევნების მოახლოებას უკავშირდებოდეს და წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის კეთილგანწყობის ზრდას ისახავდეს მიზნად.

“შესაბამისად, არჩევნების წინ ადგილობრივ ბიუჯეტებში მასშტაბური ცვლილებები აჩენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების განცდას და ხელს არ უწყობს არჩევნების წინ თანასწორი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებას”, -ვკითხულობთ ანგარიშში.

გარეკანის ფოტოზე: ISFED-ის ანგარიშის პრეზენტაცია 13 სექტემბერს. ფოტო: ISFED

მასალების გადაბეჭდვის წესი